"მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ!"

საქართველომ, თურქეთის ქართველობამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, გარდაიცვალა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წამომადგენელი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის მეურვე, ქველმოქმედი, სიმონ ზაზაძე.

"მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ!"

სიმონ ზაზაძე 1933 წ. თურქეთში პავლე ზაზაძისა და მარიამ ჩილინგარიშვილის ოჯახში დაიბადა ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ზაზაძე. სამი წლის ასაკში ქართულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ფრანგულს და თურქულს - დედა, ხოლო ქართულს სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელი შალვა ვარდიძე ასწავლიდა. პატარაობისას სტამბოლის ქართველთა სავანეში მოქმედი დედათა მონასტრის მიერ გახსნილ ბავშვთა ბაღში დადიოდა.

სიმონ ზაზაძე სწავლობდა გერმანულ დაწყებით სკოლაში, ინგლისურ ლიცეუმ "რობერტ კოლეჯში", თურქულ თაქსიმის ლიცეუმში. უმაღლესი განათლება სტამბოლის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიიღო და რადგანაც ძალიან უნდოდა ექიმობა დამატებით სტამბოლის უნივერსიტეტის საღამოს განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა მამის თხოვნით სამკურნალო ფაკულტეტს თავი დაანება და ეკონომიკური დაამთავრა. ამის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა "London School"-ში და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის საკითხებზე.

სიმონ ზაზაძემ სამხედრო–სავალდებულო სამსახურიც გაიარა, მსახურობდა ქ. თუზლაში, იყო გარნიზონის გენერლის თანაშემწე. ამერიკაში დაამთავრა ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ამ სფეროშიც მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

სიმონ ზაზაძე იყო ნამდვილი პოლოგლოტი, თავისუფლად საუბრობდა ცხრა ენაზე (თურქული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური, ლათინური, ესპანური, ქართული).

სიმონ ზაზაძე სამეცნიერო საქმიანობითაც იყო გატაცებული და როგორც მოწვეული ლექტორი ბეირუთის ინდურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით ფინიკიელი ქლაუდე (ქლოდ) ინჯეა. რომელიც დღეს ზაზაძის გვარს ატარებს. წყვილს სამი შვილი შეეძინა–ნათალი (ნატალია) (იურისტი), პაულა (ეკონომისტი), პავლე (პოლ) (ეკონომისტი).

ზაზაძეების ოჯახს ჰქონდათ საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის წარმოება, ფაბრიკები, ამჟამად მათ ბაზაზე შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის "ზაზა-ჰოლდინგი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ე მეტ საწარმო აქვს განთავსებული.

სიმონ ზაზაძეს ურთიერთობა ჰქონდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებთან. მეგობრობდა ნინო და კალისტრატე სალიებთან, გივი ზალდასტანიშვილთან, ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან.

1962-1982 წწ. პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას.. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარება სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".

სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი.

1968 წ. სიმონ ზაზაძემ მეუღლესთან ქლაუდეა (ქლოდ) ზაზაძესთან ერთად გახსნა კერძო ლიცეუმი "ოზელ ბილგი კოლეჯი".

სიმონ ზაზაძე გახლდათ სტამბოლში ფერიქოის უბანში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის ნამდვილი პატრონი. ვატიკანმა ზაზაძეების ღვაწლი კარგად შეაფასა და ისინი არიან ვატიკანის "კომანდატორები".

2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. ფონდის მმართველი საბჭოს წევრი იყო  სიმონ ზაზაძე ვაჟიშვილ პავლე (პოლ) ზაზაძესთან ერთად. სიმონ ზაზაძე ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებს. ზაზაძეების ოჯახის დაინტერესებით მოხერხდა თბილისში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კარდიოქირურგიული კლინიკის - "ღია გულის" გახსნა. წელიწადში რამდენჯერმე თბილისში ჩამოდის ნათალი ზაზაძის მეუღლე, ჟენევის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი აქსფენდიოს ქალანგოსი და ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უსასყიდლოდ უკეთებს ოპერაციებს. კლინიკაში გახსნილია პავლე და მარიამ ზაზაძეების სახელობის კაბინეტი.

2006 წ. სიმონ ზაზაძე ესტუმრა თავის ისტორიულ სამშობლოს სოფ. უდეს, ახალციხის უნივერსიტეტმა ის აირჩია საპატიო დოქტორად, ხოლო ახალციხის მხარემ - საპატიო მოქალაქედ. იგი არჩეულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, აგრეთვე ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად.

2007 წ. ოქტომბერში სიმონ და პავლე ზაზაძეები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სიმონ ზაზაძე აგრეთვე, საქართველოს საპატიო მოქალაქე გახლდათ.

ბატონი სიმონი ხშირად ამბობდა – "მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ, ამის მეტი არაფერი ვიცი". მართლაც საქართველოსთვის, ქართველთა მომავალი თაობისკენ იყო მიპყრობილი მისი ინტერესი და ძალისხმევა, რათა მოხუცებულობაში მყოფს შეექმნა ნიადაგი და არ დაკარგულიყო ქართველთა სავანესთან, მის უნიკალურ არქივებთან და ბიბლიოთეკასთან წვდომის შესაძლებლობა.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.