ბათუმიდან წამოსული ღომის ერთი მარცვლის თავგადასავალი ანუ ოცნებებში დანახული საქართველო

ფაჰრეთინ ჩილოღლუ

ფაჰრეთინ ჩილოღლუ



13 Ağustos 2016, 16:13

სტამბოლში ცხოვრობს. ლექსებს, მოთხრობებსა და ნოველებს წერს, ორენოვანი ჟურნალის - "ფიროსმანის" დამაარსებელი და რედაქტორია. ერთმანეთს თბილისში შევხვდით და თურქეთში მცხოვრებ ქართველად გამეცნო. მუჰაჯირობის დროს საქართველოდან თურქეთში გადასახლებული ქართველების შთამომავალია. წლების განმავლობაში თურმე შორიდან ესიყვარულებოდა, ეფერებოდა საქართველოს. დღეს ხშირად სტუმრობს წინაპრების
- ოჯახში ხშირად ვსაუბრობთ ქართულად, წერა-კითხვა კი ჩემით ვისწავლე.

ლექსებსა და მოთხრობებს ქართულადაც წერთ?
- რამდენიმე ლექსი დავწერე. სხვათა შორის, შარშან "კვირის პალიტრის" კალენდარშიც დაიბეჭდა. მაგრამ ეს დონე არ მაკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ისე არ გამომდის, როგორც თურქულად. ძირითადი პრობლემა კი ის არის, რომ ქართულად წერა-კითხვას გვიან - უნივერსიტეტში სწავლისას დავეუფლე. მანამდე, საბჭოთა კავშირის დროს არც ვიცოდი, ქართული ანბანი და მწერლობა თუ არსებობდა.

რამდენი წლის ბრძანდებით?
- ოოო, თურქეთში მამაკაცს ასაკს არ ეკითხებიან (იცინის).

რომ მცოდნოდა, არ გკითხავდით, მაპატიეთ... თურქეთში რას საქმიანობთ?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. დიდხანს ვიმუშავე სხვადასხვა თემატიკის ენციკლოპედიების განახლებაზე, ცვლილებებზე, მაგრამ ჟურნალისტად, ფაქტობრივად, არ მიმუშავია.

თქვენი ჟურნალი - "ფიროსმანი" რა თემატიკისაა, სად იბეჭდება და სად ვრცელდება, რა პერიოდულობით გამოდის?
- თურქეთის ქართველობის ქართული კულტურით დაინტერესებასა და აქედან გამომდინარე, ჟურნალის გამოშვებას თავისი ისტორია აქვს: 1970-იან წლებში გამოდიოდა ჟურნალი "ჩვენებური", რომელიც სტოკჰოლმში იბეჭდებოდა და მას თურქეთიდან წასული ქართველი - შანვერ აქიმი გამოსცემდა. შემდეგ კარგა ხნით შეწყდა მისი გამოშვება. 1993 წელს უკვე თურქეთში ძველ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ხელახლა გამოვეცით ეს ჟურნალი. მეორე ნომრიდან მთავარი რედაქტორი ვიყავი, მასში საკუთარ თარგმანებსა და სტატიებსაც ვაქვეყნებდი. 1997 წელს მე და ჩემმა მეგობარმა კიდევ ერთი ჟურნალი დავაარსეთ - "მამული", მაგრამ რამდენიმე ნომრის შემდეგ ისიც დაიხურა. ორენოვანი (ქართულ და თურქულ ენებზე) ჟურნალის გამოცემაზე ვოცნებობდი და 2 წელია, რაც ავისრულე კიდეც - "ფიროსმანის" უკვე მეცხრე ნომერი დაიბეჭდა. ჟურნალი 64-გვერდიანია, ფერადი და 3 თვეში ერთხელ გამოდის. ვბეჭდავთ სტატიებს, რომლებიც ძირითადად, ქართულ კულტურას ეხება, მაგრამ აგვისტოს ომის დროს პოლიტიკური სტატიებიც დაიბეჭდა.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრები მხოლოდ თურქეთში მცხოვრები ქართველები ხართ?
- არა, აქაური მწერლებიც წერენ. მოკლედ, "ფიროსმანი" საქართველოში და თურქეთში მცხოვრები ქართველების ერთობლივი გამოცემაა, სტამბოლში ვბეჭდავთ და ორივე ქვეყანაში ვრცელდება. მე რედაქტორი ვარ. საინტერესო ჟურნალია, თემების შერჩევისას ორივე ქვეყნის მკითხველების ინტერესს ვითვალისწინებთ და ორივე ქვეყნის კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვწერთ. თურქეთში მცხოვრები ქართველების დიდმა ნაწილმა ქართული წერა-კითხვა არ იცის და ჩვენი ჟურნალით ეცნობა თავისი წინაპრების სამშობლოს.

თქვენს შემოქმედებაზეც გვიამბეთ.
- მე მწერალიცა ვარ და მთარგმნელიც - ქართულიდან თურქულად ნათარგმნი მაქვს: ნოველები და ლექსები, გალაკტიონის, ოთარ და თამაზ ჭილაძეების, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის შემოქმედება, რა თქმა უნდა, არა - ყველაფერი. ბატონ ოთართან და ბატონ თამაზთან ოჯახშიც ბევრჯერ ვყოფილვარ. ოთარ ჭილაძის გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული... ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა კი - ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა, უფრო - ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ-იქით დარჩენილ ადამიანებს, მათ განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის (ასეთი ბევრი არ არის) ამ თემაზე პირველმა მე დავწერე. მაგალითად, თურქულად გამოცემულ ჩემი ნოველების კრებულს ერთ-ერთი ნოველის სახელწოდება - "უჩინმაჩინი" დავარქვი.

უცებ, დიდი ხნის წინანდელი სატელევიზიო სპექტაკლი - "უჩინმაჩინის ქუდი" გამახსენდა, რომელიც თქვენ ნამდვილად არ გეცოდინებათ, მაგრამ ალბათ ამ გმირს ქართული ზღაპრებიდან იცნობთ ან ეგებ, სულაც სხვა ვინმეა ეს თქვენი უჩინმაჩინი?
- თურქეთშიც მეკითხებიან, ვინ არისო, მაგრამ არავის ვუხსნი. ვინც ამ ნოველას კითხულობს, სხვადასხვაგვარად ხედავს ჩემს გმირს, ამიტომ, მოდი, ყველას თავისი უჩინმაჩინი ჰყავდეს - ჩემი ნაწარმოების მიზანიც ეს არის.

ფარნა - მოდი, ასე მოგმართავთ, რაკი ჩვენში ასე გიცნობენ, - საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით?
- მაშინ საბჭოთა კავშირი არსებობდა. საქართველოდან რაღაც ფორუმზე მოგვიწვიეს და 10 კაცი სომხეთიდან გადმოვედით.

მითხარით, ჩემი შემოქმედება ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოაო. ის საქართველო ძალიან განსხვავდება რეალური საქართველოსგან?
- რა თქმა უნდა, განსხვავდება. მაგრამ ძალიანაც - არა.

თქვენს წინაპრებზე რა იცით, ვინ იყვნენ?
- ჩემი წინაპრები ზემო აჭარიდან, მაჭახელადან არიან გადასახლებულები თურქეთში. შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დასახლებულან. ქალაქ სამსუნამდეა ჩვენი სოფელი - იქ გადაღებულ ფოტოებს რომ ვუგზავნი აქაურ მეგობრებს, მეკითხებიან: ხომ არ გვატყუებ? დასავლეთ საქართველოში, გურიაში გადაღებულებს ხომ არ გვაპარებო (იცინის)?.. - წესივით ჰქონდათ: საქართველოდან გადასახლებულები საცხოვრებლად თურქეთში, თავიანთი მშობლიური კუთხის მსგავს ადგილებს ირჩევდნენ და იქ სახლდებოდნენ. ჩანს კიდეც, რომ საიდანაც წავიდნენ, იქაური ცხოვრება "წაიღეს" - მცენარეებიც კი იქაური გაახარეს - ვაზი, თეთრი კარტოფილი, თეთრი სიმინდი და ღომის მარცვალიც კი დათესეს. თურმე, ჩილაშვილები ვყოფილვართ - და არა ჭილაშვილები, როგორც ბევრს ჰგონია. ჩილაშვილები XVIII საუკუნის ქართულ ქრონიკაშიც მოიხსენიებიან. ჩემი თურქული გვარი არის "ჩილოღლუ" და როდესაც ამ გვარის კაცს ქართულ წყაროებში ახსენებენ, ყველგან ფრჩხილებში "ჩილაშვილს" უწერენ. ჩემი წინაპრები გადასახლებამდეც გამაჰმადიანებული ქართველები იყვნენ, რადგან ოსმალეთის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

სხვათა შორის, წელს მოვხვდი მაჭახელას იქით, თურქეთში, ყარაგიოლის ტბაზე, ულამაზეს ადგილას, რომელსაც ერთი მხრიდან მაჭახელას მთები ესაზღვრებოდა. ახლა ვხვდები, რომ სწორედ იქიდან გადმოსულან თქვენი წინაპრები. ფარნა, ისტორიული კლარჯეთის ქართული ძეგლები გინახავთ?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არსად ვყოფილვარ. 2 წელია, ვაპირებ, მაგრამ ვერ მოვახერხე.

რატომ? სარწმუნოება გიკრძალავთ?
- არა, ასეთი ღრმად მორწმუნე არა ვარ, უბრალოდ, დრო ვერ გამოვნახე. სხვათა შორის, რამდენიმე მოთხრობაში იმ ადგილებსაც აღვწერ... წარმოსახვით. ერთ-ერთ მოთხრობას "შაშორთი ქალი" დავარქვი. "შაშორთი" ყვავილს ჰქვია, მისი ქართული შესატყვისი არ ვიცი, შაშორთ ქალს კი - იალაღზე მიმავალ ქალს უწოდებენ; მას მივუძღვენი ეს მოთხრობა.

მხოლოდ წარმოსახვას რომ სჯერდებით, არ გირჩევნიათ, საკუთარი თვალითაც ნახოთ? უფრო მძაფრი განცდა გექნებათ...
- არსებობენ მწერლები, რომლებიც ნანახით განცდილს აღწერენ; ისეთებიც არსებობენ, თვითონ რომ ქმნიან რაღაც სამყაროს, ადგილს. მე ამ უკანასკნელთა რიგს მივეკუთვნები. ჩემს შემოქმედებას რომ გაეცნობით, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

საქართველოში შვებულებით ჩამოხვედით? 
- მე სულ შვებულებაში ვარ, სასეირნოდ, დასასვენებლად, დასათვალიერებლად ჩამოვედი (იცინის). კახეთში, რთველშიც კი ვიყავი - აქაურმა ახლობლებმა დამპატიჟეს.

ბევრი ღვინო დაგალევინეს?
- საკმაოდ (იცინის). ცუდი მსმელი არა ვარ... მერე სამეგრელოშიც წავედით, აქეთ, ქართლშიც ბევრი რამ დავათვალიერე, ცოტა ხნის წინ კავთისხევსაც ვსტუმრობდი... საოცარი ბუნებაა... შარშან, ამ დროს შვეიცარიაში ვიყავი. არაფრით ჩამორჩება საქართველოს ბუნება იქაურს. ულამაზესია საქართველო.

ფარნა, რამდენი ხნით რჩებით?
- თვის ბოლომდე, რადგან კიდევ ბევრი ადგილის მონახულება მინდა. ასე რომ, დროებით!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი "გზა" 

banner210
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.