ინტერვიუ, ვალერი ჩეჩელაშვილთან

ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი



13 Ağustos 2016, 16:15

ინტერვიუ, ვალერი ჩეჩელაშვილთან

ერდალ ქუჩუქ (ელიზბარ ცივნარიძე)

- გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქეთში. რას გვეტყოდით თქვენი ვიზიტის მიზნების შესახებ?


        მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა შეხვედრისათვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. თურქეთში ვიმყოფები ორხმრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომი რაუნდის ჩატარების მიზნით. ეს არის რეგულარული პრაქტიკა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, რაც გვეხმარება ჩვენი თანამშრომლობის შედეგების შეჯამებაში და სამომავლო გეგმების დასახვაში. ჩემი პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი აჰმედ უზუმჯუ.

- როგორია სუამი-ს პერსპექტივები? იქნება საქართველო ერთდოულად სუამი-სა და ნატოს-წევრი ქვეყანა?

        ვიმედოვნებთ, რომ ”სუამი” სრულფასოვნად ამოქმედდება. ”სუამის” სამდივნო და, შესაბამისად,”სუამი”, როგორც ორგანიზაცია, უფრო ეფექტურად ამოქმედდება მომავალი წლის თებერვლიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ”სუამს” შეუძლია ხელი შეუწყოს საერთაშორისო არენაზე ყველა წევრი ქვეყნის (მხედველობაში მაქვს ოთხი ქვეყანა) ეროვნული ინტერესების უკეთ დაცვას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების კონსოლიდირებული ინტერესის უფრო ქმედითად წარმოჩენას - იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ფორმატი. რაც შეეხება ”ნატოსა” და ”სუამში” საქართველოს ერთდროულ მოქმედებას: ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან საქართველოს როგორც ”ნატოში”, ასევე ”სუამში” წევრობა წარმოადგენს ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც სრულებით არ ეწინაღმდეგება ერთმანეთს. 

- რა წვლილის შეტანა შეუძლია სუამ-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებაში?

        ვფიქრობ, ”სუამს” შეუძლია ითამაშოს საკმაოდ ეფექტური და სერიოზული როლი ჩვენს წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტაში. ”სუამი-ს” საქმიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, იქნება მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება - მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემების. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელზეც საუბრობენ ”სუამის” ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრები. შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საგარეო საქმეთა მინისტრების ნიუ-იორკის ბოლო შეხვედრაზეც. ჩვენ პარტნიორებს ”სუამში” მოვახსენეთ იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკებების ეფექტურობის გაზრდას, მის გააქტიურებას. აღნიშნული გეგმა ეფუძნება ორ ძირითად კომპონენტს: პირველი - უნდა შეიცვალოს და უფრო ეფექტური გახდეს მოლაპარაკებათა ფორმატი. ამაში  ვგულისხმობთ პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლას უშუალოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. აფხაზეთის შემთხვევაში მოლაპარაკება უნდა წარიმართოს გაერო-ს, სამხრეთ ოსეთთან კი ეუთო-ს პატრონაჟით. ეს ორგანიზაციები იმთავითვე ჩართული არიან აღნიშნული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. ასევე, მიგვაჩნია, რომ ამ პროცესების გარანტორებად საერთაშორისო არენაზე უნდა გამოვიდნენ სერიოზული ფიგურანტები, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და რუსეთის ფედერაცია.  დარწმუნებულები ვართ, რომ ამგვარი ფორმატი, მოლაპარაკების პროცესის მსგავსი ორგანიზება, გაცილებით უფრო ეფექტურ შედეგს მოიტანსა და საბოლოო ჯამში დაგვაახლოებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივასთან.

- თქვენი აზრით, რა არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება?

        აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტის გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებად მივიჩნევთ რუსეთის დღევანდელ მონოპოლურ როლს, როგორც სამშვიდობო პროცესში, ასევე მოლაპარაკებათა მექანიზმებში. განვლილმა თხუთმეტიოდე წელიწადმა გვიჩვენა, რომ ამგვარმა მონოპოლურმა როლმა ვერანაირი სიკეთე ვერ მოიტანა - ვერ უზრუნველყო კონფლიქტების შესაბამისი მშვიდობიანი მოწესრიგება. რუსეთის უშუალო მონაწილეობით ვითარება აღნიშნულ რეგიონებში უარესდება. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომელთა მიხედვითაც, მდგომარეობა უარესდება იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლება და შესაბამისად რუსეთის სამშვიდობო ძალები, ვერ ან არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მანდატს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოების ზურგს უკან სეპარატისტული რეჟიმები მარაგდებიან იარაღით; ყოველგვარი მოლაპარაკების და ხელშეკრულების დარღვევით ვითარდება უშუალო კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასა და დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს შორის; ძლიერდება უშუალო ეკონომიკური და სხვა სახის კონტაქტები; სეპარატისტულ რეგიონებში რიგდება რუსეთის პასპორტები ყველა საერთაშორისო და, სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციის ნორმის დარღვევით. 
        ვფიქრობთ, გაგვაჩნია სრული საფუძველი შემდეგი განცხადების გაკეთებისათვის: რუსეთის ფედერაციას აღარ შეუძლია ითამაშოს მიუკერძოებელი ხელშემწყობის და გარანტორის როლი. ნაცვლად ხელშეწყობისა, რუსეთი ხშირად ხელს უშლის ჩვენსა და დე-ფაქტო სეპარატისტულ ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებათა მიმდინარეობას. ცხადია, ჩვენ მსგავს ვითარებას ვეღარ შევეგუებით. ამავდროულად ძალიან კარგად გვესმის, რომ აღნიშნული კონფლიქტების გადაწყვეტა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და რუსეთის მონაწილეობით. ზუსტად ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობას და, მათ შორის რუსეთს, ვთავაზობთ ახალ ფორმატს, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში და სამშვიდობო ოპერაციებში ამ უკანასკნელს ექნება სერიოზული როლი, მაგრამ არა დომინანტური და მონოპოლიური. რუსეთი უნდა იყოს ამ პროცესების გარანტორი, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს უნდა ხდებოდეს გაწონასწორებულად, სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში ა.შ.შ.-სთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან  ერთად. ზემოთ უკვე მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს პირდაპირ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან საერთაშორისო ორგანიზაციების პატრონაჟით და აშ.შ.-ს, რუსეთის და ევროიკავშირის გარანტიებით. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციას, ვთვლით, რომ იგი უნდა შეიცვალოს საერთაშორისო პოლიციური კომპონენტის ამოქმედებით, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის განმტკიცებას კონფლიქტის რეგიონში და გახდება ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

- რა უნდა გაკეთდეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტავად და ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად?

        რუსეთის ფედერაციასთან გვსურს პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობა. ვფიქრობთ, ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ისეთი როგორიცაა ტერორიზმთან და სეპარატიზმთან ერთობლივი ბრძოლა; გვაკავშირებს ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტები; რუსეთს გააჩნია სერიოზული საინვესტიციო ინტერესები საქართველოში - შეგვიძლია რაო-ეესი-სა და ლუკოილ-ის მაგალითების მოტანა. ამ ორმა კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი ჩადო საქართველოს ეკონომიკაში, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამავე დროს დაინტერესებული ვართ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.
 
ვალერი ჩეჩელაშვილი და ერდალ ქუჩუქი- მოახლოებული ზამთრის პირობებში რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიისა და გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, რა ზომებია გათვალისწინებული ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ენერგეტიკული დახმარების საკითხზე თურქეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს?

        დღევანდელ ვითარებაში, როდესაც რიგი სახელმწიფოები, რომელთა შორისაც პირველ რიგში რუსეთი უნდა ვიგულისხმოთ, არ თაკილობენ ენერგობერკეტების გამოყენებას პატარა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს მიმართ  რუსეთის მიერ განხორციელებული ბლოკადიდა გამომდინარე კი ამგვარი საფრთხე რეალურად არსებობს. 
        ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად სახიფათოა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ენერგეტიკული დამოკიდებულება და ენერგომოწოდების წყაროების დივერსიფიცირებაზე ფიქრი წლების წინ დავიწყეთ. ამ კუთხით გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი იყო, რომელიც რეგიონის ქვეყნების ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა. უახლოეს მომავალში დასრულდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობაც, რომელიც ასევე დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ქვეყნების და არამარტო მათი, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეისათვის გრძელდება მოლაპარაკებები აღნიშნული გაზსადენიდან საქართველოს მიერ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვის საკითხზე. დარწმუნებული ვარ, რომ თურქული და აზერბაიჯანული მხარეები მაქსიმალურად გაითვალისწინებენ არსებულ რეალობას და თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე, საქართველოს მისცემენ შესაძლებლობას, მიიღოს აღნიშნული გაზსადენიდან მისთვის აუცილებელი გაზის რაოდენობა.     
        რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში თურქეთ-საქართველოს ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას - 2005 წელს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ოქმს ელექტროენერგიის ბარტერის შესახებ. აღნიშნულმა შეთანხმებამ წარმატებით იმუშავა: თურქეთიდან ელეტროენერგიას შეუფერხებლად ვიღებდით შარშანდელი ზამთრის რთულ პირობებში, როდესაც შეგვიწყდა გაზისა და დენის მოწოდება რუსეთიდან. მიმდინარე წლის სექტემბერში გაგრძელებულ იქნა ამ შეთანხმების მოქმედების ვადა - თურქეთისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ახალ ოქმს.
მომავალი ზამთრისათვის საქართველო, საწიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის იმპორტს ასევე განახორციელებს აზერბაიჯანიდან, ირანიდან და სომხეთიდან. ამავე დროს გრძელდება მოლაპარაკებები ირანულ მხარესთან, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით საქართველოსათვის გაზის მიწოდების საკითხზე. 

- ყარსი-თბილისი-ახალქალაქის პროექტის განხორციელება რა სტადიაშია? განხორციელდება თუ არა ეს პროექტი?

        ყარსი-ახალქალაქი-თბილისი ბაქოს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური ურთურთობების, არამედ რეგიონალური ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ისევე როგორც ჩვენი ორი სტრატეგიული პარტნიორი - აზერბაიჯანი და თურქეთი, საქართველოც ძალიანაა დაინტერესებული აღნიშნული პროექტის რეალიზებით. რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გატარებული ეკონომიკური ემბარგოს ფონზე, თურქეთი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაწრო პარტნიორი, აზერბაიჯანს კი რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი უკავია. ვთვლით, რომ რკინიგზა იქნება დატვირთული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი ყველა მონაწილე მხარისათვის. 
        პროექტის ღირებულება, სხვადასხვა შეფასებებით, შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარამდე, რაც მსგავსი პროექტისათვის არ წარმოადგენს დიდ თანხას. მით უმეტეს, როცა ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი სამი ქვეყანა, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიც. ვფიქრობ, სამომავლოდ პროექტით დაინტერესდებიან ევროპა და აშშ-ც, თუმცა აქვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სამ ქვეყანასაც გააჩნია საკმარისი შესაძლებლობა მისი  განახორციელებისათვის.
        რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს – ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავთ, ვინაიდან  ხუთასი მილიონი დოლარი არ წარმოადგენს იმ თანხას, რომლის გაღებაც ჩვენმა სამმა ქვეყანამ ვერ შეძლოს. აქვე მსურს ხაზი გავუსვა იმასაც, რომ აღნიშნული პროქტი განყენებულად არ უნდა განვიხილოთ. იგი განიხილება `მარმარაის~ პროექტთან ერთობლიობაში, რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ სარკინიგზო გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. რამდენადაც ვიცი, მასზე თურქეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ამ ორი პროექტის თანხვედრით, მივიღებთ რკინიგზის აბსოლუტურად ახალ, ალტერნატიურ მარშრუტს ჩინეთიდან ვიდრე ლონდონამდე. ამგვარად ყარსი-ახალქალაქი-თბილისი ბაქოს პროექტის განხორციელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის განვითარებას - პრაქტიკულად, ვქმნით ახალ, ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს ჩინეთიდან ევროპამდე.

- რას ფიქრობთ თურქეთის ქართული დიასპორის როლზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში? საუბარია სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის გახსნაზე. რა მდგომარეობაა ამ საკითხთან დაკავშირებით?

        ვფიქრობ, ქართული დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში მეტად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობები წარმოადგენს იმის საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ორმა მეზობელმა ქვეყანამ გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები და განავითაროს ურთიერთობები თვისობრივად განსხვავებულ, ახალ დონეზე. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ურთიერთქმედებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებს. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენი კონტაქტების გაძლიერებას. ჩვენი პოლიტიკური კონსულტაციების ერთ-ერთ უმთავრეს თემას ასევე წარმოადგენდა ვაწრობის ლიბერალიზაცია და ორმხრივი პრეფერენციული ვაწრობის რეჟიმის ჩამოყალიბება. ამგვარად, მსურს კმაყოფილება გამოვხატო, რომ თურქეთის რეპუბლიკასთან ჩვენი ურთიერთობების ყველა კომპონენტი მეტად დინამიურად ვითარდება, რაშიც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს თურქეთის ქართული დიასპორა. შემიძლია განვაცხადო, რომ ქართული დიასპორა თურქეთში არის ის განსაკუთრებული ხიდი, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს ჩვენი კავშირების განმტკიცებას. ამას აღიარებენ ჩვენი თურქი კოლეგებიც. დიასპორა ესაა უაღრესად კანონმორჩილი ხალხი - თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი სერიოზული წვლილი შეაქვთ თურქეთის კეთილდღეობაში და ამავე დროს არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე შესტკივათ გული საქართველოს განვითარებაზე. ისინი ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში: იქნება ეს ბიზნესის განვითარება თუ კულტურული კავშირები. ახლახანს ჩატარდა ჩვენებურების  მორიგი ფესტივალი თბილისში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს საზოგადოებაში. 
ჩვენ გვწირდება თქვენი ცოდნა-გამოცდილება და დიდად ვაფასებთ თქვენს სიყვარულს  დედასამშობლოს მიმართ. რაც შეეხება კულტურული ცენტრის გახსნას - ვფიქრობ, სავსებით ბუნებრივია, როგორც სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის, ასევე თბილისში თურქული კულტურის ცენტრის გახსნა. ჩვენ ამით დაინტერესებული ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის ცენტრების გახსნა გაამდიდრებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას და ამავე დროს დაანახებს დანარჩენ მსოფლიოს, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის განვითარებაზე დადებითად იმოქმედონ. ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ერთიანი ინტეგრირებული ეფექტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის განვითარებას.
        ამდენად დარწმუნებული ვარ აღნიშნული პროქტის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამას დასწირდება ორგანიზაციული მომზადება, გარკვეული საფინანსო რესურსების გამოყოფა როგორც ჩვენი, ასევე თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რისი გაკეთებაც, გამომდინარე ჩვენი ურთიერთობების მაღალი ხარისხიდან, რთული არ იქნება. კონკრეტულ ვადებზე საუბარი მიწირს, რადგან უშუალოდ არა ვარ დაკავებული ამ პროექტების განხორციელებით. ამის შესახებ, ალბათ, სტამბოლში ჩვენი გენერალური საკონსულო უკეთ იქნება ინფორმირებული და, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში. მაგრამ კვლავ მსურს გავიმეორო, რომ მე პირადად დარწმუნებული ვარ ამ პროექტების რეალიზებაში.

 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.