ბიჩაქჩილარი (ხევეკი; ლივანი)-იუსუფელი-ართვინი

ბიჩაქჩილარი (ხევეკი; ლივანი)-იუსუფელი-ართვინი შევქი თოფჩუ

ბიჩაქჩილარი (ხევეკი; ლივანი)-იუსუფელი-ართვინი

  სოფელი მდებარეობს ართვინის დ. იუსუფელიდან 30 კმ-ის დაშორებით ერთ-ერთ ხეობაში. მოსახლეობის 100 პროცენტი ქართველია. აქ 300 კომლში 2500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა ცხოვრობს ხეობაში, რომელიც იწყება სარიგოლიდან და მთავრდება ფინდიქლის, არჰავის და ფაზარის იალაღებზე. სოფლის ექვსი უბანი ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულია. მათი სახელები ქართულია: დევთისა, ილიასხევი, კონობანი, ფიშნახევი, დევსაგარა და იეთი. ამავე დროს ყოველ უბანს თავის სახნავ-სათესი ტერიტორია და იალაღები (ბოჯმინდა, კუპრეთი, ჩუჩაგარა, ინთგორი, დუგური) აქვს. ქაჩქარის მთების იალაღებიდან გამოედინება ხევეკის წყალი, რომელიც გაივლის სოფლის შუაში და შემდეგ პარხლის წყალს უერთდება.

სასიამოვნო სანახავია ქაჩქარის მთის ფერდობებზე მდებარე ინთქორისა და დუგურის იალაღები. აქ არის თურქეთის ყველაზე მაღლა მდებარე კრატერული ტბები, რაც იზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს დიდიტბას, ჭრელ ტბას, პეტრაინთგორის ტბებს, ქარის ტბას და აკვანას ტბას.
ქაჩქარის მთის გადასწვრივ მდებარეობს ფინდიქლის, არჰავის, არდეშენის, ფაზარის და ჩამლიჰემშინის იალაღები. ზაფხულის თვეებში ძირითადად ლაზებთან და ჰემშინებთან ერთად აწყობენ დღეობებს იალაღებზე. ისინი მთებში ნადირობენ ჯიხვებზე, წყლებში კი კალმახს იჭერენ. მათ დილამდე შეუძლიათ იცეკვონ ხორუმი გუდასტვირის თანხლებით.
        ვისაც სურს იხილოს, თუ რა ახლოსაა ერთმანეთთან ლაზური, ჰემშინური და "გურჯული" კულტურები, შეუძლია აგვისტოს პირველ კვირას ეწვიოს სალიქვანის იალაღს.
        სოფლის მოსახლეობას უყვარს მუშაობა, ჭამა-სმა და გართობა, ამ სამიდან არცერთს არ ტოვებს. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ადგილობრივები თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ადამიანები არიან. თითქმის ყველა ოჯახიდან არიან წასულები სხვა ადგილებში სამუშაოდ. მათ შრომა წესად აქვთ ქცეული. სოფლის სახლები, როგორც წესი ბაღში დგას და ორ ან სამ სართულიანია. მათ სახნავ-სათეს ადგილებსა და იალაღებზეც აქვთ პატარა სახლები. პირველს ქოხი, მეორეს კი პასკა ჰქვია.
        ხეობაში მიწათმოქმედება კარგადაა განვითარებული. ზოგადად მცირემიწიანობაა და ამიტომ თვეობით მუშაობენ, ტერასებს აგებენ. ტერასებს მიწით ავსებენ და მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის იყენებენ. ეს ხალხი ბუნებას არ აბინძურებს და მასთან მშვიდობიანად თანაარსებობს. ზოგჯერ სახლებს სრულიად წარმოუდგენელ ადგილას აგებენ. სოფელში შრომაც იციან და დასვენებაც.
        ქორწილს ცნობილი ქართული წესებით ატარებენ. ვახშმობის შემდეგ ზამთრის ცივ ღამეებშიც კი გუდასტვირის თანხლებით დილამდე ხორუმს ცეკვავენ. მათ დემოკრატიული ტრადიციები აქვთ. ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთისაგან არ ასხვავებენ. იალაღების დღეობებსა და ქორწილებში ქალები და მამაკაცები ერთად ცეკვავენ და ერთობიან. ოჯახში გადაწყვეტილებებს დედ-მამა იღებს. დიდია ქალებისადმი პატივისცემა. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ქმარს მეუღლეზე ეძალადოს. ბავშვები ოჯახებში თავისუფლად იზრდებიან. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი სკოლებში დიდად წარმატებულნი არიან. სკოლაში შესვლამდე ბავშვები ქართულად საუბრობენ, რაც მათ სწავლაზეც აისახება. მიუხედავად ამისა, სოფელში ბევრი უმაღლესდამთავრებულია.
        ბოლო წლებში სოფლიდან ბევრი ოჯახი წავიდა. მხოლოდ ბურსაში 200-მდე აქაური ოჯახია გადასახლებული. ერთი ამდენიც ადაფაზარში, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე ბურსას ვილაიეთის გურსუს რაიონში დავაარსეთ ს. ბიჩაქჩილარის კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოება, რომლის მიზანია ძველი ადათ-წესების დაცვა.
        სოფლის მცხოვრებლები ღრმადმორწმუნე მუსლიმები და ქვეყნის პატრიოტები არიან. ისინი ქვეყნის მთლიანობის მომხრენი არიან.
        სოფელში ბევრ ქართულ მანის ამბობენ, მაგრამ მათი მცოდნეთა რაოდენობა მცირეა.

  გათავდა აღარარი                   "მაღლა მაღლა რამ ფრინავს
  ჩემ დედესი ქავურმა                 კავიათუ ქართალი
  პორიფილ ღუარმა ჩეიღო       მე გუში რამ გევგონე
  ჩუკალოსი ჩევურმა                   ტუილიათუ მართალი"   

ჟურნალი "ჩვენებური"
ოქტომბერი-დეკემბერი 2000, No: 38

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.