ჰაჯიალიფინარის უბანი (ქირემითჰანე) – ლადიქი – სამსუნი

ჰაჯიალიფინარის უბანი (ქირემითჰანე) – ლადიქი – სამსუნი

ჰაჯიალიფინარის უბანი (ქირემითჰანე) – ლადიქი – სამსუნი

ჰაჯიალიფინარის უბანი (ქირემითჰანე) – ლადიქისამსუნი

ფატმა ქორქუნთი

        ჰაჯიალიფინარის უბანი სამსუნის ვილაიეთის ლადიქის რაიონში მდებარეობს და მასში ბათუმიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. გადმოცემის თანახმად ჰაჯიალიფინარი დაუარსებია მაჭახლის სოფ. ჩხუტუნეთიდან 1877-1878 წლებში გადმოსახლებულ 15 კომლს.
        ჰაჯიალიფინარის უბანი ლადიქის რაიონული ცენტრიდან 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი აღმოსავლეთი ნაწილი დაბას, დასავლეთი კი სოფელს წააგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვს კილომეტრში ქართული საძოვრებია. იალაღის კულტურა თაობიდან თაობას გადაეცემა. ყოველწლიურად სიცივეები რომ გადაივლის და ბალახი ამოვა, მაშინვე იალაღებზე გადიან. იალაღებიდან მაშინ ბრუნდებიან, როცა ბალახს სიმწვანე ეკარგება.

        გეოგრაფიული მდებარეობა: აღმოსავლეთით აკრავს ლადიქის რაიონული ცენტრი და შეჰრექუსთუს უბანი, სამხრეთით – თუფექჩიდერე, დასავლეთით – ქიზილსინის (ჩერქეში) უბანი, ჩრდილო-დასავლეთით – იჰსანიე (ფაფაქლი), ჩრდილოეთით კი – ლადიქის ცემენტის ქარხანა.
        ჰაჯიალიფინარის უბანმა ეს სახელი ("ფინარი" თურქულად "წყაროს" ნიშნავს) წყალუხვი წყაროსგან მიიღო. დასახლების ცენტრში მდებარე ეს წყარო ბათუმელმა ქართველმა ომერ ბაირაქთარმა განაახლა. მასზე ოსმალური წარწერა და თარიღი ჰიჯრით 1327 წელი წერია. ზოგიერთ ოფიციალურ წყაროში ვკითხულობთ, რომ ბათუმიდან გადმოსახლებულნი ჰაჯიალიფინარში 1878 წლის 13 ივლისს მოსულან.
        I მსოფლიო ომსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში მრავალმა ჩვენმა წინაპარმა უყოყმანოდ გაწირა თავი       სამშობლოსათვის. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები იმქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ჰაჯიალიფინარმა მრავალი ახალგაზრდა დაკარგა, დღეს აქ 60 კომლი, სულ დაახლოებით 270 კაცი ცხოვრობს. XX საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ სოფ. ჰაჯიალიფინარიდან ბევრი წავიდა. ლადიქში ყველაზე ცნობილი ადგილი ქართველების ჰაჯიალიფინარის უბანია. ამ უბანს სხვანაირად "გურჯუ მაჰალესი" ("ქართული უბანი") ჰქვია. ბათუმის მაჭახლის სოფ. საგურეთიდან მოსულები აივალის ქუჩაზე ცხოვრობენ. ქართველები სოფ. ასლანთაშში მცირე რაოდენობით ცხოვრობენ, სოფ. ლადიქსა და სოფ. ქიზოღლუს შორის ნამაზგაჰში მცხოვრებ ქართველებს კი, რომლებსაც  აჭარლებს ეძახიან, ენა დავიწყებული აქვთ. 

        კულტურა: მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი კულტურული ფასეულობა დაკარგულია, ზოგიერთ ოჯახში მაინცაა შემონახული ქართული კულტურა. მათ თითქოს ლადიქის აქდაღის ფერდობზე გადმოუტანიათ თავიანთი იალაღები ძველი სამშობლოდან. ნაძვის ხისგან აგებული ერთოთახიანი სახლები, კრამიტებზე დაწყობილი თეთრი ქვებით, მეცხოველეობა და მცირე ზომის მებაღეობა თვითმყოფადი კულტურის მაჩვენებელია. იალაღებზე ახალგაზრდებს შორის გამართული ცეკვა-თამაშები ჩვეულებრივი ამბავია. ახალგაზრდები იალაღებზეც და მუდმივ საცხოვრებელ ადგილებშიც ცეკვავენ "ფილიზს" ("სუბერა"), "იაქართოფს", "ჯან ჯანს", "ჩელიქ ჩომაქს" და ა.შ.

რწმენა-წარმოდგენები:
1- ღამე არ შეიძლება გველზე ლაპარაკი, მტერი გამრავლდებაო.
2- ღამე არც სახლის მოგვა არ შეიძლება არც გარეთ ნაგვის გადაყრა.
3- ღამე ცეცხზე წყლის დასხმა და მისი ასეთი ფორმით ჩაქრობა ცუდია.
4- ჩაცმულზე ტანსაცმელი არ დაეკერება, ან გაიხდიან და ისე აკერებენ, ან პირში ძაფს ჩაიდებენ და ისე აკერებენ.
5- სუნეტის ჩატარებისას ბავშვის დედა ხევის პირას ან გამდინარე წყლის პირას სეირნობს.
6- თუ ერთი კაცის სიკვდილის შემდეგ მცირე ხანში მეორეც გარდაიცვლება, მიაჩნიათ რომ პირველმა მეორე წაიყვანა.
7- მიაჩნიათ, რომ სახლში პეპელის შემოფრენისას სახლში მიცვალებულის სული შემოდის.
8- სჯერათ, რომ თუ კერიდან ცეცხლის ნაპერწკალი გადმოვარდა, იმ ოჯახის წევრს ვიღაცასთან ჩხუბი ან უთანხმოება მოუვა.
9- ახალფეხადგმულ ბავშვს ძაფით ფეხებს მსუბუქად უკრავენ  და პარასკევ დღეს, ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან პირველგამოსულს ძაფს მაკრატლით აჭრევინებენ. ტრადიციისამებრ ამ პიროვნებას მოხარშულ კვერცხს აძლევენ.
10- სიზმარში ვინმესგან საპნის მიღება კარგი არაა. სიზმარში თუ სილა გაგაწნეს ძალა მოგემატება, თუ შენ გააწნი, შენი ძალა მასზე გადავა.

        საჭმელები:
        ფხალი, ფხალ ლობია, მალახთო, თაბუსუნი (ლეფსი), ქერჩხო, ჩუმური, ჭადი, ქედიანი პური, ჰასუთა, ჰოშმერი, ქუიმაქი.

        მოდგმათა სახელები: ჰაჯიალიფინარის სამოცი ოჯახი თექვსმეტ მოდგმად იყოფა. ესენია: 1 – სულუბეი, 2 – ჩავუში, 3 – ჩავუშოღლუ, 4 – ერგული (ჰოჯიშანი), 5 – ქანთარი (ქავთაროღლუ), 6 – იუვუზერი (თელლიოღლუ), 7 – უსთაოღლუ (უსთასანოღლუ), 8 – ბაირაქთარი, 9 – ოზდამარი (ქიბაროღლუ), 10 – აქერი, 11 – ქიფერი, 12 – ერთანი (ჯაქეოღლუ), 13 – შაჰინლერი, 14 – ფექერი (სელიმოღლუ), 15 – ქორქუთი (ქოქოთოღლუ), 16 – ქ. ბაირაქთარი. ეს ძირითადად ახალი გვარებია, ბევრმა არ იცის ძველი გვარები.
        ლადიქის რაიონულ ცენტრთან სიახლოვის გამო განათლების დონე ჰაჯიალიფინარში მაღალია. 95 %-ს დამთავრებული აქვს დაწყებითი სკოლა. თუ სწავლის ნიჭი აქვს, ლიცეუმშიც აუცილებლად ასწავლიან. რაც დრო გადის სულ უფროდაუფრო დავიწყებას ეძლევა ძველი ტრადიციები და კულტურა. მათ ადგილს ახალი კულტურა იკავებს. მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა იციან. 1969 წლის თაობამ ქართული იცის, მაგრამ არ ლაპარაკობს.

        მანები:
1 –  მემედალი დალდალი
 ერთი ქვერში ჩავფალი
 ამევღე რომ დამპალი

2 -  მარიობავ მარიბავ
 შენ ნენემ წევდა
 შენას გუფრინდი

        ლოცვები:
1 -  ტირედი მოვდა
 უფთო უნუფთო ჩამოვდა
 ჩარჩში ჩურჩში
 ეველი უხელო და უფეხო და 
  გადავყლაპე უქორხოტო
 კაცმა დეიცა
 გარჩმა შეიხსნა
 რავაი შეიხსნა
 ისე, იფრეი გეიხსნა

2 –  დღეს დავრი აქირო
 დღეს გეიხარა
 დიგეს მეისხნა
 ეველ უხელო
 ჩამველ უფეხო
 შევწვი უცეცხლო
 შევჭამე უკიბლიო
 მე მიოცავი ღმერთო
 შველებული

        ზოგიერთი გამოთქმა:
1- ღმერთმა გაგასუფთოს.
2- ღმერთმა აჭარის ტყეებში ფეხშიშველი გაჭენოს.
3- ნაყავს ნაყავს წყალი ნაყავს (ერთსადაიმავე საკითხზე მუდმივად მოსაუბრეზე ამბობენ).
4- მამალი მამლუჩი დედალი დედიუჩი.
5- აქვა, ჯაქვაშინ მეიყვანეთ ავათი გახთა (გამოცანა: სახლში მოვიყვანეთ, ცუდად გახდა).
6- თაქაშ თუქაშ მაკარა ჩემმა შიშა დაკარა.

ჟურნალი "ჩვენებური"
No: 43, იანვარი – მარტი, 2002


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.