ძველი სოფელი მადენი

ძველი სოფელი მადენი უიგარ გურქანი გაზეთ "ჯუმჰურიეთის" დამატება ჟურნალი "ფაზარი" 3 აპრილი 2005

ძველი სოფელი მადენი

 ართვინის ვილაიეთის შავშეთის რაიონული ცენტრიდან 37 კილომეტრის დაშორებით მდებარე მადენი ძველი სოფელია. მადენის მცხოვრებლები, როგორც გეოგრაფიულ, ისე სხვა მიზეზთა გამო კარჩაკეტილ საზოგადოებას ქმნიან, მაგრამ საკმაოდ სტუმართმოყვარენი არიან. ბავშვების არასაკმარისი რაოდენობის გამო სოფლის ერთადერთი სკოლაც დაიხურა.
        გზა გახსნილი ყოფილა. ირიჟრაჟა თუ არა, შავშეთის რაიონული ცენტრიდან სოფელ მადენისკენ მივდივართ. მადენი, რომელსაც ადგილობრივები სოფ. ბაზგირეთს უწოდებენ, ერთ-ერთია იმ ქართულ სოფელთაგან, რომელიც საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. ხალხი ტრადიციებს ინარჩუნებს და ოჯახებშიც ქართულად საუბრობენ. რაიონული ცენტრის მეორე გადასახვევიდან მთის გზით ზემოთ სოფლებისკენ მივდივართ. გზაზეMმკვეთრი მოსახვევებია. ადგილ-ადგილ მთებიდან წყალი გზაზე გადმოდის და ქვემოთ პატარა ჩანჩქერებად ეშვება. მეწყერის შედეგად კლდეები ჩამონგრეულია და გზა ქვებითაა ჩაკეტილი. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, წინ მივიწევთ და სოფ. მადენს ვუახლოვდებით. სოფელი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1750 მ-ია, ყოველი მხრიდან ფიჭვნარითა და მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. სოფლისაკენ მანქანით სვლა ერთ ხიდთან სრულდება. არე-მარე ადამიანის სიმაღლის თოვლითაა დაფარული. ბილიკი მოყინულია, რამაც სოფელში ფეხით მისვლა ძალიან გააძნელა. გზაზე ვეცემოდით, ერთმანეთს ხელს ვაშველებდით და სოფელში ასე ავედით. გზად მარხილში შებმული ხბოები  შეგვხდნენ, რომელთაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად გვერდი არ აგვიარეს, რაც ადგილობრივებმა იმით ახსნეს, რომ სოფელში ვეტექიმის გარდა უცხო არავინ მოდის და თქვენც ნემსის გამკეთებლები ჰგონიხართო.
სოფლის ყველაზე ახალგაზრდა ჯაჰითი...
        სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, ამიტომაც სამი გზის გასაყარზე სოფლის მცხოვრებთან საუბრისას, ჩვენსკენ წამოსული ციგიანი ბავშვი გვაოცებს. თურმე ჯაჰითი სოფელში ერთადერთი ბავშვი ყოფილა. თანამოსაუბრემ ალი ჩავუშ იშიქმა აგვიხსნა, რომ როცა ჩათინსაც სკოლაში წასვლის ასაკი შეუსრულდება, სოფლიდან წავა და სხვა ბავშვების მსგავსად ქოფრუიაქაში ინტერნატში ისწავლის, ან ოჯახთან ერთად იმ სოფელში გადასახლება მოუწევს სადაც სკოლა არსებობს. სოფ. მადენის დაწყებითი სკოლა იმის გამო დახურულა, რომ იქ სამი მოსწავლე დარჩენილა. სკოლის დახურვა ბავშვიან ოჯახებს იქ დარჩენის საშუალებას არ აძლევს. სოფელში სადაც მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით გააქვთ თავი, საქმე მხოლოდ წივისა და ბალახის მოგროვებაა.Aამიტომაც სწავლის მსურველი ახალგაზრდები იძულებული არიან ქალაქში წავიდნენ. ცოდნას დაუფლებულები უმუშევრობისა  და უფუნქციოდ დარჩენის შიშით უკან აღარ ბრუნდებიან. 
        მადენის მოსახლეობა გეოგრაფიულ ფაქტორთა თუ სხვა მიზეზთა გამო კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და საკმაოდ თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. სოფელში ყოფნისას, სადაც კი გავლა გაგვიჭირდა, ყველგან გამოიძებნა დამხმარე. გზად შემხვედრნი გვესაუბრებოდნენ, ზოგი ცხოველებისთვის საჭმელს ამზადებს, ისმაილ თორუნი საქონელს თივას უყრის, მასზე უფრო სწრაფი მოძრაობით კი მეჰმედ თორუნი ბოსელში დაგროვილ ნაკელს მარხილზე მიბმულ კალათაში ყრის, რომელსაც ქართულად ზარი ჰქვია.

 ჩვენ ისმაილ თანიანის სახლში მივდივართ, რომელიც ყველაზე მაღლა მდებარეობს. ეს ტიპიური შავშეთური სახლია. დანარჩენებისაგან იმით განსხვავდება, რომ მთელ სოფელს ზევიდან დაჰყურებს. მადენის სახლები ციცაბო კალთაზეა აშენებული, შესასვლელი სართულის ერთი მხარე დაბალია, მეორე კი 2 მეტრს აღწევს. ამ სართულზე შეშას და თივას ინახავენ. მასზეც სართულია დაშენებული, რომელსაც ოთახებად იყენებენ და ჯამში 8-9 ოთახი გამოსდით. სახლი მთლიანად ხისაა და სულ მცირე, ერთი აივანი აქვს.
        მამასახლისის სახლის პირველივე ოთახში მოხუცები სხედან და ღუმელი უნთიათ. ჩვენ სასტუმრო ოთახში მიგვიღეს. სადილად დავსხედით. აქაური საჭმელები შავშეთური საჭმელებისგან არაფრით განსხვავდება. აქვთ ყველიანი საჭმელი, რომელსაც მოშუშულს ეძახიან. ცნობილია ბაზგირეთის თაფლი, ასევე ცნობილია "დაბწნილი" ყველი გამდნარ კარაქთან ერთად და ნიგვზიანი ნამცხვარი. მადენი საცხოვრებლად რთული ადგილია. მეწყერი, წყლის მოვარდნა და კლდის ჩამოშლა ხშირია. 1997 წლის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით იგი საშიშ ზონად გამოცხადდა. ამიტომ რკინა-ბეტონის შენობის აგების ნებართვას არ გასცემენ. მრავალი წელია შენობები არ შეუკეთებიათ. მადენლებს აქ ტურიზმის განვითარების დიდი სურვლი აქვთ. გასულ წელს იზმირიდან 40 კაციანი ჯგუფი მოსულა, საქედენეიანის ტბის ნაპირზე კარავი გაუშლიათ. იგივე ჯგუფი ამ წელს 70 კაციანი შემადგენლობით მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კლდოვანი ადგილია, ერთი კანადური ჯგუფი სათხილამუროდ მაინც ჩამოვიდა. 2 ღამე დარჩნენ და იმის გამო რომ თოვლი რბილი იყო, მხოლოდ სოფელში, სახლებს შორის შეძლეს სრიალი. ტურიზმის სამინისტრო სახლების პანსიონატებად გადაკეთების მიზნით გასახსნელად სოფლელებს უპროცენტო კრედიტის აღების უფლებას აძლევს. სოფლელების ყველაზე დიდი იმედი ტურიზმი არის, სხვა გზა თითქოს არ ჩანს...

        ექიმი ბატონი ბედრეთინი...
        იმის გამო, რომ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რომლის დაძლევაც დაბინდებამდე გვსურს, ადგილობრივებისგან ნებართვას ვითხოვთ. სახლში მყოფნი გზის დავაკებამდე გვერდიდან არ მოგვშორებიან. სოფლის გასასვლელამდე კი ახალგაზრდებს მიგვაბარეს, გულში ჩაგვიკრეს და დაგვემშვიდობნენ. მთის ძირიდან ჩამოსვლა ძნელია, იძულებული გავხდით გზის ერთი მონაკვეთი მარხილით გაგავევლო. ხიდს, როცა მიუახლოვდით სოფლის ერთი მკვიდრი ჩვენსკენ გამოიქცა. შინ ავადმყოფი ჰყოლია და ჩვენთან მყოფ ექიმ ბედრეთინ ქურთელს სასწრაფოდ რაღაცეები აუხსნა. ქურთელი რომ წავიდა ერთმა ახალგაზრდამ თქვა, 2 დღეს რომ გიმასპინძლოთ, ექიმიც იძულებული იქნება დარჩეს და ყველა ავადმყოფს გავასინჯებთო. მადენში ამბულატორიაც კი არა აქვთ. როცა ჩვენი ექიმი დაბრუნდა, მისგან გავიგეთ, რომ ავადმყოფი კარგად ყოფილა და გულზე მოგვეშვა, მაგრამ ვინ იცის კიდევ რამდენი ავადმყოფი დარჩა ამ ძველ სოფელში...
        ნელ-ნელა იმავე ყინვიანი გზებით შავშეთში დავბრუნდით. გზად წყაროებიდან აღებულ მინერალურ წყალს ვსვამდით და ვფიქრობდით, თუ როგორი იქნება სოფ. მადენი 5 წლის შემდეგ, დარჩება მოსახლეობის გარეშე თუ ტურიზმი მოიკიდებს აქ ფეხს?


 
banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.