შავშეთ-იმერხევში მცხოვრები ქართველების ერთი წელი

შავშეთ-იმერხევში მცხოვრები ქართველების ერთი წელი ქენან იაშარ

შავშეთ-იმერხევში მცხოვრები ქართველების ერთი წელი

   ფიჭვის ტყეები ისეთი ხშირია, რომ მზის სხივები მიწამდე ვერ აღწევენ. ბუმბერაზი მთები ადამიანს თავბრუს ახვევენ. წყლები ხმაურით მოედინებიან. აქ ბევრია წყარო, წითელწინწკლებიანი კალმახი, ვაშლი, ბალი, ქლიავი. იმერხევში არის ისეთი ლამაზი ადგილები, როგორებიცაა სარიჩაირი, ფაფართი, ავაზანათი, სათავე, ვაკეთი, სურევანი, მახვილეთი და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი სხვა. იმერხევს თავისი იალაღებიც აქვს. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სოფლები მედიდურად გამოიყურებიან. ბავშვები თოვლში სრიალებენ. დედებს მოქარგული თავსაბურავები აქვთ შემოხვეული, Fფეხზე კალოშები აცვიათ. ყანაში, ჭალებსა და ტყეებში მუშაობენ გლეხები, რომლებიც უღელში შებმულ ხარებს სიმღერებს უმღერიან, რათა მათ ტვირთის გადატანა გაუადვილონ. 
        ჩხოკობა, კოტრობა, ჩალობა, ნეკრობა – ეს ის სიტყვებია, რომლებსაც იმერხევის ქართველები წლის გარკვეული პერიოდის აღსანიშნავად იყენებენ. მაგალითად, ჩხოკობა ნიშნავს სოფლიდან იალაღზე და სახნავ-სათეს ტერიტორიაზე გასვლას და პირიქით, ამ ადგილებიდან, უკან, სოფლებში დაბრუნებას.
        იმერხევის, დღევანდელი მეიდანჯიქის (ძვ. დიობნის) ხეობის სოფლებში მცხოვრებთათვის შემოსავლის მთავარი წყარო მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. იმის გამო, რომ ზამთარი ძალიან მკაცრი და გრძელია, ადამიანები იძულებულნი არიან წელიწადის სხვა დროს ბევრი იმუშაონ. ხეობის სოფლებში მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, ყაბაყი, ხახვი, ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, თუთა, ყურძენი. ხილის უმეტესობას ახმობენ და ზამთრისთვის ინახავენ. ხის სახლები, რომლებსაც გრძელი აივნები აქვთ, ყველაფერ ამისთვის ძალიან მოსახერხებელია. 
        გამხმარ თუთას "თუთქური",  ქლიავს "თამაზი",  ყაბაყს "ფაფასზელა",  ვაშლსა და მსხალს "ჩირი",  გამხმარ შინდს კი "გერქი" ჰქვია. მათ მზიან დღეებში აივნებზე ახმობენ. ზაფხულის განმავლობაში ამზადებენ ქორავას (ვაშლის მარმელადი), თათარას, ბადაგს, კარაქს, ყველს, ცოვას (ყველის წვენის მოხარშვის შედეგად მიღებული ერთგვარი წვნიანი) რომლებსაც მოგვიანებით ზამთარში იყენებენ.
        ამ ყველაფერს იმერხეველები ხელით ამზადებენ. ისინი ჯერ კიდევ არ იცნობენ სოფლის მეურნეობის თანამედროვე საშუალებებს. ყოველწლიური სამუშაოები მარტში იწყება.

რას აკეთებენ მარტის თვეში?
        რამდენიმე წლის წინ იმერხევში და მის შემოგარენში გაზაფხულის დასაწყისი თოვლიანი და ცივი იყო. უცნობია, ეს ბოლო წლებში მომხდარმა გლობალურმა დათბობამ გამოიწვია თუ არა, მაგრამ ჰავის სეზონური მაჩვენებლები შეიცვალა. ტემპერატურა ხან მატულობს, ხანაც იკლებს. ეს კი გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებაზე.
მარტის თვეში მინდვრების განოყიერებაა საჭირო. წლის განმავლობაში დაგროვებული საქონლის ნაკელი მარხილში შებმული ხარებით გადააქვთ. ამ საქმეს ნაცნობ-მეგობრები ერთიანი ძალებით აკეთებენ. ის, ვისაც სასუქი აქვს გადასატანი, წინასწარ მეზობლებს აფრთხილებს, მეზობლებიც დილიდან იმის სახლში გროვდებიან, ვისაც ნადში ეხმარებიან. ვისაც ბოსელში ხარები ჰყავს, მარხილში შეაბამს და ისე მიდის, ხოლო ვისაც არ ჰყავს, თავისი ნიჩბით უერთდება მშრომელებს. მარხილზე თხილის ტოტებით დაწნული გაშლილი კალათა დევს. ამ კალათებს, რომელსაც ჩათანს (ზარი) ეძახიან, მენიჩბეები სასუქით ავსებენ და ყანაში გადააქვთ. ნიჩბებით ყანაში არ მიდიან. მათი საქმე ჩათანის ავსებაა. ის, ვინც ხარებს მართავს, ყანაში მიდის, ტვირთს ცლის და ისევ უკან ბრუნდება. ისინი მენიჩბეების საქმეში არ ერევიან. ამ დროს სახლშიც გაცხარებული მუშაობა მიდის. ერთ მხარეს გამდნარი ყველი, მეორე მხარეს კი ნიგვზიანი კვერები მზადდება. ჩაის აყენებენ და სუფრას შლიან. ისინი, ვინც დილით ადრე იწყებენ მუშაობას, დიდ  მაგიდას შემოუსხდებიან, საუზმის განმავლობაში ამბებს ჰყვებიან, თან მომავალი დღის საქმეებსაც გეგმავენ. გადაწყვეტილებას იღებენ, თუ რომელ დღეს, ვის საქმეს გააკეთებენ. საუზმის შემდეგ ისევ მუშაობა ჩაღდება.  
        ყანისკენ მიმავალი გზა ზოგან დაქანებულია და მარხილი თვითონ ეშვება, ამიტომ მარხილის ფეხზე ალახას ამაგრებენ, რომელიც მას აჩერებს. ალახა მანქანის საბურავისგან გამოჭრილი მრგვალი ფორმის საგორავი ან ფართო ჯაჭვია. ზოგჯერ უბედური შემთხვევაც შეიძლება მოხდეს. მაგალითად ტვირთის გადაბრუნება, მარხილის ღერძის გატყდომა და ა.შ. პრობლემა მალევე გვარდება და გზას აგრძელებენ.
        მამაკაცები სადილამდე გარეთ მუშაობენ, არც ქალები არიან  უქმად. ერთის მხრივ ირღათა (თურქული სიტყვიდან "ირგათ",  რაც დღიურ მუშას, მოჯამაგირეს ნიშნავს) სადილს ამზადებენ, მეორეს მხრივ კი ყოველდღიურ საქმებს აკეთებენ. ყოველდღიური საქმებია: ბოსელში საქონლის დაპურება, მორწყვა, ძროხების მოწველა და სახლის დალაგება. ზოგჯერ ოჯახის ქალი ამდენ საქმეს ვერ აუდის, ამიტომ მათ მეზობელი ქალებიც ეხმარებიან. იმ დღის საქმე ნაწილდება და დაუბრკოლებლად კეთდება.
        ამ საქმეებში ბავშვებიც მონაწილეობენ. მათი საქმე სხვადასხვა ნივთების წაღება-მოტანაა. მათ ნადის მონაწილეებისთვის წყალი მიაქვთ, ჩათანის ავსებამდე ხარებთან იცდიან, მომუშავეებს აუწყებენ, რომ საჭმელი მზადაა და ა.შ ამ საქმეების კეთებისას დიდებისგან შექებას იღებენ, რაც მათ სიამაყით ავსებთ. საქმის შემდეგ კი ბავშვები თამაშობენ. 

ჟურნალი "ჩვენებური"
ნომ. 52-53, აპრილი-სექტემბერი 2004


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.