ოსმან ნური მერჯან: თურქეთელი ქართველების გული უნდა მოვიგოთ

ოსმან ნური მერჯანი

ოსმან ნური მერჯანი



13 Ağustos 2016, 16:22

კ.ბ. : ბატონო ოთარ, როგორც შევიტყვეთ, განსხვავებულ ენებსა და დიალექტებზე გადაცემებისა და განათლების უფლების შესახებ თქვენს ქვეყანაში მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პირადად თქვენ, `ჩვენებური.ნეტ~-ისა და `გურჯუჰაბერ. კომ~-ის რედაქტორებმა: ერდალ ქუჩუქმა და გაფარ ილმაზმა (კარგი იქნება, თუ მათ ქართულადაც გაგვაცნობთ) მანდ მცხოვრები ქართველების სახელით თურქეთის ტელე-რადიოკორპორაციის დირექტორატსა და  ტელერადიოგადაცემის უმაღლეს საბჭოს სთხოვეთ ადგილობრივ მაუწყებლობაში ქართულენოვანი გადაცემების ჩართვა.  რამდენადაც ვიცი, აქამდე ასეთ რამეზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. იმის მიუხედავად, რომ თქვენი მოთხოვნა სრულიად შეესაბამება ევროკავშირის მიერ აღიარებულ პრინციპებს, რამდენად მოსალოდნელია მისი განხორციელება?
ო.ნ.მ. : როგორც თქვენთვისაც არის ცნობილი ჩვენ თხოვნით მივმართეთ თურქეთის ტელერადიოკორპორაციის დირექტორატსა და ტელერადიოგადაცემების უმაღლეს საბჭოს და ჩვენი ეს მოთხოვნა სავსებით შეესაბამებოდა თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობასა და ნებართვას,  ყველანაირად ჯდებოდა კანონიერების ჩარჩოებში. ანუ, ეს იყო ჩვენი კანონიერი უფლება და ჩვენც გამოვიყენეთ იგი. ამ კანონის თანახმად, გათვალისწინებულია კვირაში ხუთჯერ 30 წუთიანი გადაცემების მომზადება, რომელთა შინაარსიც მეტ-ნაკლებად ცნობილია.
        არსებითად, ჩვენ რომც არ მოგვეთხოვა, ქართულ ენაზე ტელეგადაცემების დაწყება საჭირო იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, ტელეგადაცემები დაიწყო ეთნიკური უმცირესობების ხუთ სხვადასხვა ენაზე ( როგორც თვითონ უწოდებენ »ადგილობრივ ენებზე») ქურთულ, ზაზას (ქურთული ენის განსხვავებული დიალექტი), ადიღეურ (რომელსაც რატომღაც ჩერქეზულს უწოდებენ), არნავუთულ და ბოჩნაკურ ენებზე. ამ ენათა შორის ქართული და ლაზური ენები არ შედიოდა. აქედან, მიუხედავად იმისა, რომ არავის მოუთხოვია და რომ ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობა ძალიან მცირეა, არნავუთული და ბოშნაკური ენის შემსწავლელი კურსებიც გაიხსნა - სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს ენები მიიჩნიეს მიზანშეწონილად, თანაც  ბოშნაკებმა ბროშურები ჩამოარიგეს: »არ გვჭირდებაო ჩვენ ასეთი გადაცემები»  ამის საპირისპიროდ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ასეთი მოთხოვნა ლაზურ ენაზე გადაცემები საორჭოფოდ და პოტენციურ პრობლემად იქნა მიჩნეული და მოთხოვნა უარყოფილი იქნა.
        რაც არ უნდა კანონიერი იყოს ქართულ ენაზე ტელერადიო გადაცემების მომზადება, ამის განხორციელება ისევ და ისევ სახელმწიფოს ხელშია და მისი დაუწერელი კანონებითა და უფლებებით  წარიმართება. პასუხი მოთხოვნაზე ორი თვის შემდეგ მივიღეთ: »თქვენი მოთხოვნა მივიღეთ და კანონის ფარგლებში განვიხილავთო» ამის მერე ერთი წელიწადი გავიდა, მაგრამ, ეს »განხილვები» ვერაფრით ვერ დამთავრდა. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მივმართეთ თურქეთის ტელერადიოკორპორაციის დირექტორატსა და ტელერადიოგადაცემების უმაღლეს საბჭოს და შევხსენეთ, რომ გვაინტერესებს ამ დაუსრულებელი განხილვების შედეგების გაგება და თან დავურთეთ ჩვენი მხარდამჭერი  ხელმოწერების სია-840 კაცი. ვიცხოვრებთ და ვნახავთ როდის და რა სახის პასუხს გამოგვიგზავნიან?

კ.ბ. : თუ შეიძლება, ჩვენს მკითხველს მოკლედ უამბოთ, როგორ მომწიფდა ასეთი რამის აუცილებლობა?
ო.ნ.მ. : არ შეიძლება არ გამოიყენო ის უფლება, რომელიც თვითონ სახელმწიფომ მოგანიჭა, ჩვენ უკანასკნელ დღემდე ველოდით, რომ, ქართული სახელის მატარებელი ორი ფონდი ან კიდევ  ქართულ-ბათუმური სახელების მატარებელი ათამდე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ამ მოთხოვნას დღის წესრიგში დააყენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თითიც არავის გაუნძრევია, პირიქით, როგორც შემდგომ შევიტყვეთ  ზოგიერთი მათგანი ამის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა. სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტიც, რომ ამ ხემოდმოხსენიებული ფონდებისა და საზოგადოებების ხელმძღვანელები საქართველოში ჩამოსვლისას ან კიდევ ქართველი სტუმრების გვერდით თავს პატრიოტებად და დიდ მამულიშვილებად ასაღებენ,
 არსებითად  კი მხოლოდ თითო ოროლა ფოლკლორული ცეკვები და თითო ოროლა სარფიანი  მოგების მომტანი გარიგებებია, საქართველოსა და ქართული ლობის მიმართ.
        და მხოლოდ იმის მერე, რაც ასე გაგვიცრუეს იმედები ამ ვაიპატრიოტებმა, ჩვენ, სამი საგამომცემლო დაწესებულების სახელით მივმართეთ თურქეთის ტელერადიოკორპორაციის დირექტორატსა და ტელერადიოგადაცემების უმაღლეს საბჭოს ზემოთაღნიშნული მოთხოვნით.

კ.ბ. : თქვენამდე ასეთივე სურვილი თუ გამოხატავთ სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და რა შედეგს მიაღწიეს?
ო.ნ.მ. : საერთოდ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ქურთები მოითხოვდნენ მშობლიურ ენაზე ტელერადიო გადაცემების დაწყებას ასეთივე მოთხოვნა ზაზას (ქურთულის ერთ-ერთი განშტოება) ენაზე მოლაპარაკე და მოსახლეობამაც წამოაყენა, საინტერესოა რო ასეთივე მოთხოვნა აფხაზებმაც წამოაყენეს და მათი მოთხოვნაც უარყოფილი იქნა. რაც შეეხებათ ლაზებს, მათი მოთხოვნა შეფასებული იქნა, როგორც »სახიფათო» და ასევე უარყოფილი იქნა. როგორც ცნობილია, სულ ბოლოს ბოშებმა მოითხოვეს მშობლიურ ენაზე ტელეგადაცემები, მაგრამ შედეგის შესახებ დაზუსტებით ვერაფერს მოგახსენებთ. (უფრო სწორედ, ჯერ ასეთი სახის გადაცემები არ დაწყებულა)
 
კ.ბ. : იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ტელერადიოგაგადაცემის უმაღლესი საბჭო დათანხმდება თქვენს მოთხოვნას, თურქეთის რომელ ტერიტორიაზე გავრცელდება ქართულენოვანი მაუწყებლობა და დაახლოებით რამდენი ქართველი უყურებს გადაცემებს მშობლიურ ენაზე?
ო.ნ.მ. : იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება, გადაცემები ქართულ ენაზე ეთერში გავა კვირაში ხუთჯერ ნახევარი საათის განმავლობაში. ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი ქართველი უყურებს მათ, მხოლოდ გამოვთქვამ სურვილს, რომ ყველა ქართველმა უყუროს ამ გადაცემებს.

კ.ბ. : თურქეთში ქართველთა უმეტესობა ქართული წერა-კითხვის უცოდინარია, ხომ არ გაჩნდა იმის შესაძლებლობაც, რომ ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე გაიხსნას ქართული სკოლები ან, უკიდურეს შემთხვევაში, ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
ო.ნ.მ. : იმავე დღეს, როდესაც ჩვენ მივმართეთ თურქეთის ტელერადიოკორ-პორაციის დირექტორატსა და ტელერადიოგადაცემების უმაღლეს საბჭოს, ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ქართულენოვანი სკოლების გახსნაც და ავღნიშნეთ, რომ ეს არის ყოვლად ჩვეულებრივი ადამიანური უფლება, ორი თვის შემდეგ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი, სადაც ეწერა, რომ ასეთი სახის განათლების სისტემა არ არის ნებადართული ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს, ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და აქედან გამომდინარე ჩვენთვის სასურველ შედეგებს დაველოდოთ.
        რაც შეეხება ქართული ენის შემსწავლელ კურსებს, გარკვეულ ფარგლებში მათი გახსნა შესაძლებელია, არც რაიმე სახის ოფიციალური დაბრკოლება არსებობს, მაგრამ დაწესებულია გარკვეული შაბლონები: ისეთები, როგორიცაა კურსებია ადგილი, წიგნების შინაარსი და სხვა. სამწუხაროდ ეს  მოვალეობა თურქეთში  არსებულ ქართულ ფონდებსა და საზოგადოებებს აკისრიათ, სამწუხაროა, რადგანაც ისინი ამ წამოწყების წანააღმდეგები არიან. დამაფიქრებელია ისიც, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახურებიც  არ ან ვერ ხსნიან ასეთ კურსებს: თუკი არსებობს არაბული ენის კურსები - ლიბიის საელჩოსთან, რუსული ენის კურსე-ბი-რუსეთის საელჩოსთან, თუკი ხსნიან მშობლიური ენის შემსწავლელ კურსებს ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის დიპლომატიური წრეები და სამსახურები, არ ვიცი, რატომ არ უნდა გაიხსნას ასეთივე კურსები საქართველოს მხრიდანაც?

კ.ბ. : ახლო მომავალში ჟურნალ `ჩვენებურის~ ქართულ ენაზე გამოცემასაც ხომ არ უნდა ველოდოთ და დაახლოებით როდისთვის გახდება ეს შესაძლებელი?
ო.ნ.მ. : ძალიან ძნელია, რომ როდესმე  ჟურნალი »ჩვენებური» გამოიცეს ქართულ ენაზე. გაცნობებთ, რომ ქართულ ენაზე მიმოწერისა და ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლის მიზნით ასეთი სერვისი გახსნილია ვებ საიტი: »ჩვენებური.ნეტ» ამ საიტის ნახევარი უკვე ქართულ ენაზეც მზადდება. თუკი მოხერხდება ქართულ ენაზე ტელე და რადიო გადაცემების ეთერში გაშვება, რატომაც არა, ჟურნალი »ჩვენებურიც» გამოვა ქართულ ენაზე.

კ.ბ. : რამ ან ვინ შეიძლება შეუშალოს ხელი თვენი ჩანაფიქრის განხორციელებას?
ო.ნ.მ. : ამ საქმის განსახორციელებლად არ არსებობს რაიმე სახის იურიდიული დაბრკოლება. ერთადერთი პრობლემა ამისათვის შესაბამის მკითხველთა არარსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღეისობით ჟურნალი თურქულენოვანია, ჩვენ მაინც გვიჭირს სასურველი რაოდენობის მკითხველთა მოზიდვა თურქეთელ ქართველთა შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჟურნალის ქართულენოვან ვარიანტზე.

კ.ბ. : როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ, აგრეთვე აქაურმა საზოგადოებამ რა უნდა გააკეთონ თურქეთში მცხოვრები ქართველების კუტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად? დაბოლოს, რა უნდა ვაკეთოთ საზღვრის აქეთ და იქით მცხოვრებმა ქართველებმა ერთმანეთთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად?
ო.ნ.მ. : საქართველოს ხელისუფლება მხარში უნდა ამოუდგეს თურქეთელ ქართველებს, უნდა უპატრონოს მათ რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა ორი ქვეყნის კეთილმეხობლური. მეგობრული ურთიერთობების ფონზე უნდა განვითარდეს, თურქეთელ ქართველებს სურვილისამებრ უნდა  შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, უნდა მომზადდეს გადაცემები რომლებიც თურქეთს გააშუქებენ და დააახლოვებენ, მათი ყურება და მოსმენა აქაურებისათვის ადვილად ხელმისაწვდემი უნდა იყოს, სასურველია, თუკი თანამგზავრის არხები გადასცემენ  სრულიად ყველა არხს, უნდა შეიქმნას ქართული ენის  შემსწავლელი უფასო კურსები თურქეთელი ქართველებისათვის საქართველოში, ასევე უფასო სქავლება საქართველოს უნივერსიტეტებში. აქ არსებულ გამომცემლობებსა აღმოუჩნდეს მორალური და მატერიალური დახმარება.
        თურქეთში უნდა გაიხსნას ქართული ენის შემსწავლელი კურსები და აქაურ უნივერსიტეტებში უნდა გაიხსნას ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტები. ზაფხულის არდადეგებზე ასობით თურქეთელი ქართველი ბავშვი წაყვანილი უნდა იქნას საქართველოში, რათა უფრო დაუახლოვდენენ თავიანთ ფესვებსა და ძირძველ ქართულ კულტურას. ერთი სიტყვით თურქეთელი ქართველების გული უნდა მოვიგოთ , ისინი უკან უნდა დავიბრუნოთ და საიმილირების უარყოფითი ზეგავლენისაგან უნდა გადავარჩინოთ.

კვჟრჟს ფანორამა - მაისი 2005

ნოტა: ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან საკმაო დრო იყო გასული, როდესაც შევიტყვეთ, რომ ქ. ანკარაში მდებარე საქართველოს საელჩოს ბაზაზე გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რამაც ძალიან გაგვახარა.

banner210
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.