"ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს და არა ქუჩიდან"

ფაჰრეთინ ჩილოღლუ

ფაჰრეთინ ჩილოღლუ



13 Ağustos 2016, 16:05

ინტერვიუ თურქეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან და მწერალთან, თურქულ-ქართულენოვანი ჟურნალის "ფიროსმანის" მთავარ რედაქტორთან ფაჰრეთინ ჩილოღლუსთან.

- ალბათ, ყურადღებით ადევნებთ თვალს, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. მეორე კვირაა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქის მთავარი – რუსთაველის გამზირი პარალიზებულია. მოთხოვნა ერთადერთია და უცვლელი – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა. როგორ შეაფასებდით საქართველოში შექმნილ სიტუაციას და რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ოპოზიციის ქმედებები?

- როგორც საქართველოს კეთილმოსურნე და გულშემატკივარი, მართლაც ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ასევე საერთაშორისო არენაზე არსებულ ვითარებას, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ვთვლი, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ვითარება კომპლექსურად უნდა იქნას განხილული, თუ სწორი დასვკნის გამოტანა გვსურს. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება დღეს რეალურად საქართველოში, აუცილებელია, სწორად შეფასდეს ლიბერალური დემოკრატიის კერების – აშშ-ისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან უთანხმოების მიზეზები. ჩემი აზრით, ძირითადი საკითხი სწორედ ის არის, დაუშვებს თუ არა რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დასავლური დემოკრატიის დამკვირდებას. გასული წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შეჭრამ გვიჩვენა, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასავლური კურსით განვითარებას არ შეურიგდება და ამ მიზნით არც ომს მოერიდება.

ამ შესავლით იმიტომ დავიწყე საუბარი, რომ ჩემი აზრით, ქართული არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის ქმედებები დღეს სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს აგვისტოს ომის შედეგებს ვუკავშირებთ და ვთლით, რომ ამაზე პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა, მაშინ ჩნდება კითხვა: საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან მოყოლებული, როდის არ იყო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი?! ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ სიტუაცია - არა, რადგან ძირითადი პრობლემა სწორედ რუსეთის ფაქტორია და არა ესა თუ ის ხელისუფლება. იმ ვითარებაში, როცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს, ოკუპაციას და ანექსიას არ ერიდება, ხელისუფალის გადაყენება, ვინც არ უნდა იყოს ის, ქვეყნის პრობლემებს ვერ გადაჭრის. დემოკრატია ვერ შეიქმნება ქვეყნის სათავეში ამა თუ იმ ხელისუფლების მოსვლით, რადგან ჯერჯერობით დემოკრატიისთვის საჭირო პირობები უბრალოდ არ არსებობს. ამას მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და რუსეთის ჩარევა შიდა პოლიტიკაში. საქართველოს დეოკუპაციამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთად დგომას და ამ საკითხში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანობას.

ამასთან, ვისურვებდი, ქართველებს დღეს მაინც გაეგოთ, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით და არა ქუჩის აქციებით უნდა იცვლებოდეს. ქუჩის აქციები განსხვავებული აზრისა და სიტყვის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ არა ერთადერთი.  პერმანენტული მიტინგები და აქციები არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი მეთოდი.  პოლიტიკა არ არის მხოლოდ ბრძოლა, პოლიტიკა არის ძირითადად ქვეყნის მართვის განხორციელება. ქვეყანას არ უნდა მართავდეს მხოლოდ ხელისუფლება, მის მართვაში ჩაბმული უნდა იყოს ოპოზიციაც.

- რა გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებში?

- სხვების სახელით ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ჩემი აზრით, იქაური ქართველებისთვის მთავარი ძლიერი საქართველოა. ხელისუფლებები იცვლებიან, ქვეყანა კი რჩება და იქაურ ქართველებს აქაურებთან ამ ქვეყნის სიყვარული აკავშირებთ და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსების.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენებურები არ და ვერ აფასებენ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსებსა და მათ ქმედებებს. სიმართლე უნდა ითქვას და ვერ დავმალავთ, რომ ჩვენებურებთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა სწორედ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამყარდა. დღეს იქაური ქართველები საქართველოში დაძაბულობის მოლაპარაკებების გზით განმუხტვას და საქართველოსთან კარგი ურთიერთობების გაგრძელებას ელიან. ჩვენებურებმა იციან, რომ საქართველოს ჯერ შიდა პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ქვეყნის დღევანდელ კურსს მხარს უჭერენ. ჩვენებურებისთვის ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მისაღები გზა არჩევნებია.

- მაინტერესებს, მსგავსი აქციები თურქეთში რომ გაიმართოს, გადაიკეტოს მთავარი მაგისტრალები, მოეწყოს სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, მისცემს თუ არა მთავრობა ამის უფლებას აქციის ორგანიზატორებს?

- რა თქმა უნდა, მიტინგები და აქციები თურქეთშიც იმართება და მათში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. როგორც იცით, 2007 წელს დიდი მიტინგები იყო სტამბოლში, ანკარაში, იზმირში და სხვა დიდ ქალაქებში. ქუჩაში მილიონობით ადამიანი გავიდა, რომელიც მოქმედი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგი იყო. აქ პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს და პარლამენტმა აირჩია არა ერდოღანი, არამედ მისი გუნდის წევრი, დღევანდელი პრეზიდენტი აბდულა გიული. იგივე ხალხი გიულის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ როცა გიული აირჩიეს, ქუჩაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აღარ გასულა.

აქ მიტინგები ტარდება იმ ადგილებზე, სადაც ამის უფლებას კანონი იძლევა, თანაც – ზუსტად განსაზღვრულ ვადებში. არ მახსოვს არც ერთი აქცია, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელებულიყოს. ამის ნებას არც სახელმწიფო მისცემს ვინმეს და მგონი, არც თავად ხალხი გააკეთებს. მსოფლიოში გრძელვადიანი პროტესტის სხვა ფორმებია მიღებული და თურქეთშიც ამ ფორმებს იყენებენ. მაგალითად, წლების წინ ჩვენთან პროტესტის ასეთი ფორმა იქნა გამოყენებული: დიდ ქალაქებში მოსახლეობა ყოველ საღამოს ოჯახებში დენს თიშავდა და ერთი-ორი წუთით ქალაქები სრულად ბნელდებოდა. ამას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმის გამო, რომ ეს პროტესტის ძალიან ეფექტური ფორმა აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს მყისიერი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ პროტესტი მაინც შედეგიანია. დემოკრატია კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის თავისუფლებას ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მან, ვისაც ამ დროს პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა გაითვალისწინოს აქციების მონაწილეთა მოთხოვნები, თუმცა თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს წაყენებულ მოთხოვნებს, მან პასუხი არჩევნების დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა აგოს.

- როგორ შეაფასებდით ქართულ-რუსულ ომს და რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას?

- ეს იყო რუსეთის პირდაპირი შეჭრა საქართველოში. ასეთ რამეს ორ ქვეყანას შორის მომხდარ ომს ვერ უწოდებ და სამწუხაროა, რომ ქართველები ტერმინებს სწორედ ვერ ვიყინებთ და ვერც სწორ დასკვებს ვაკეთებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების დიდი ნაწილი აგვისტომდეც ოკუპირებული იყო რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების მიერ. იმას, რაც შესაბამის ხელშეკრულებებში ეწერა, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ ცენტრალური ხელისუფლება საზღვრებს რეალურად ვერ აკონტროლებს. რუსეთმა იგრძნო, რომ საერთაშორისო არენაზე იმიჯი იმდენად მნიშვნელოვნად ჰქონდა შელახული, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე ე.წ. სამშვიდობო ძალებით ყოფნას ვეღარ გააგრძელებდა და ამ ორი რეგიონის აღიარება გადაწყვიტა. ომის გარეშე რუსეთი ზემო აფხაზეთიდან და ახალგორის რაიონიდან საქართველოს მთავრობას ვერ გაიყვანდა, ამიტომ მან გეგმა მოამზადა და დაიწყო ომი, რითაც მიაღწია კიდეც შედეგს. მაგრამ ეს გეგმის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. არსებობდა გაგრძელებაც, რომელიც საქართველოს მთავრობის შეცვლას და ორი ოკუპირებული რეგიონის გარდა, საქართველოს სხვა ნაწილების დიდი ხნით ოკუპაციას ითვალისწინებდა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას კიდევ მოჰყვებოდა სხვა ტერიტორიები, რომელსაც რუსეთი შემდეგ დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებდა.

თუ გვჯერა, რომ ამ ორი რეგიონის აღიარება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეცდომის გამო მოხდა, მაშინ უნდა გადავხედოთ საქართველოს უახლოესი ორი საუკუნის წარსულს, ხოლო თუ წიგნების გადაფურცლვა გვეზარება, უკანასკნელი 20 წელი მაინც უნდა გავიხსენოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სხვებიც რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებდა ამას და ადრეც აკეთებდა.

- ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი აქტიურად ეხმარება აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

- თურქეთში არიან ძალები, რომლებიც მართლაც ეხმარებიან აფხაზეთის პრორუსულ ხელისუფლებას და ეს ომის დროსაც ხდებოდა. თუმცა ამის საფუძველზე ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას თურქეთის სახელმწიფო ეხმარება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თვითონ აფხაზები აკრიტიკებენ თურქეთის სახელმწიფოს იმის გამო, რომ ის არ ეხმარება აფხაზეთის მთავრობას. ჩვენ გავცელებული ინფორმაციით კი არა, ორი ქვეყნის - საქართველოს და თურქეთის ქმედებებით უნდა შევაფასოთ ურთიერთობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეგიონში საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის გაფუჭების მსურველი ქვეყნები და ძალები არსებობენ. ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საეჭვო ინფორმაციას კი არა, ფაქტებს დავეყრდნოთ.

- ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი თურქ კოლეგასთან აჭარის რეგიონის თურქეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციაში 1921 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის შუამავლობით საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული "ყარსის ხელშეკრულებაცაა" ნახსენები და აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ გეგმის განსახორციელებლად სწორედ ამ დოკუმენტის გამოყენებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია?

- ესეც ჭორი უფროა, ვიდრე  ინფორმაცია. ინფორმაცია არის ის, რისი შემოწმებაც შესაძლებელია. მე მიმაჩნია, რომ "ყარსის ხელშეკრულებასთან" დაკავშირებულ ამ ჭორს უფრო დეზინფორმაციის სახე აქვს, ვიდრე ინფორმაციის. მეორე ქვეყანამ რა ფორმით უნდა გადასცეს საქართველოს ნაწილი მესამე ქვეყანას?! ტერიტორიების ასეთი ფორმით გადანაწილება ქვეყნების შორის ომის დროს ხდება, მაგალითად, ასე იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. მე მესამე მსოფლიო ომს არ ველოდები.

- ერაყელი ქურთებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების ფონზე თურქეთში ანტიამერიკური განწყობა გაძლიერდა, რამაც, თავის მხრივ, პრორუსული განწყობა გააძლიერა. სწორედ ამ მიზეზით რუსეთის აგრესიას საქართველოსადმი თურქეთში ბევრი გაგებით მოეკიდა. როგორ ფიქრობთ, შესუსტდა თუ არა ანტიამერიკული განწყობა ობამას უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ?

- მოსახლეობაში ესა თუ ის ტენდენცია ძალიან მალე ჩნდება და მალევე იცვლება. თუ ამერიკის მიდგომა ქურთების საკითხისადმი სხვა ხასიათს მიიღებს, თურქეთში ე.წ. პრორუსული განწყობა დასუსტდება და ამის სიგნალები არის. მაგრამ სახელმწიფოების ტენდენციები არ იცვლება ისე ადვილად და მალე, როგორც მოსახლეობის. ჩემი აზრით, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა არ შეცვლილა. შიდა პოლიტიკაში თითქმის ყველაფრის გამოყენება ხდება, მაგრამ ეს პირდაპირ არ აისახება ქვეყნების ურთიერთობაზე. სამწუხაროა, რომ თურქული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორი დასკვნა ვერ გააკეთა რუსეთის აგრესიის შესახებ და ეგონათ, რომ "მტრის მტერი მეგობარია". ახლა - ობამას პერიოდში ყველა გაერკვევა, რომ რუსეთი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბუშის გამო კი არა, თავისი გეგმებისა და მიზნების გამოა ოკუპანტი და აგრესორი.

- თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კავკასიაში ახალი სამშვიდობო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქულ სამშვიდობო ინიციატივაზე იმსჯელეს. თქვენ რა იცით ამ ინიციატივის შესახებ?

- ამ იდეის არსი დაზუსტებით არავინ ვიცით, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნის გარეშე სამშვიდობო პლატფორმის შექმნის იდეის განხილვა იმთავითვე არასწორია. რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – იურიდიულად, სომხეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას დე ფაქტოდ არ სცნობენ. ასეთ ვითარებაში სამშვიდობო პლატფორმა როგორ უნდა შეიქმნას?! მგონია, რომ კავკასიაში ვითარების შეცვლაზე გავლენას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია იქონიებს. ამის სიგნალები უკვე არსებობს, მაგალითად, თურქეთსა და სომხეთს შორის შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ.

- და ბოლოს, რას უსურვებდით საქართველოს და ქართველ ერს?

- ვიცი, რომ არავის სჭირდება ჩემგან ჭკუის დარიგება, მაგრამ მაინც გამოვთქვამ ჩემს აზრს. არის მხოლოდ ერთი საქართველო - ჩვენი სამშობლო, ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ამ ქვეყანას და ქვეყანა გვეკუთვნის ყველას ჩვენ. პოლიტიკა და პოლიტიკოსები არსებობენ იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად იმართებოდეს, ჩვენ კი ბედნიერად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის უფლება, რომ მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირონ, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ და საქმე იქამდე მიიყვანონ, რომ ნებისმიერი მხრიდან ძალის გამოყენება მოხდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში არაფერია ისეთი, რასაც დრო არ შეცვლის. მოვა დრო და მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციად იქცევა, ოპოზიცია ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და რიგითი მოქალაქეების პოზიციაც შეიცვლება. საქართველოს და ქართველ ერს ვუსურვებ, გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და ყველა საკითხის გადაჭრაში მოლაპარაკებების გზა აირჩიონ, იმიტომ, რომ სხვა საქართველო არ არის...


საინფორმაციო სააგენტო "პირჭელი"
ლევან ჭითანავა

წყარო: http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=23980&Itemid=1

კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.