შედგა ვებ გვერდის “ჩვენებურის” რედაქტორის ერდალ ქუჩუკის ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან

გელა ბეჟუაშვილი

გელა ბეჟუაშვილი



13 Ağustos 2016, 16:17

  შედგა ვებ გვერდის “ჩვენებურის” რედაქტორის ერდალ ქუჩუკის ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან

ერდალ ქუჩუქ (ელიზბარ ცივნარიძე) - ქამილ ოლგუნ



ბატონო მინისტრო, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში რა წვლილის შეტანა შეუძლია თურქეთის ქართულ დიასპორას?

        
მივესალმები თქვენი სახით თურქეთის ქართულ დიასპრას. 
        თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, უპირველეს ყოვლისა არიან თურქეთის მოქალაქეები და აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერად და გულწრფელად ასრულებენ თურქეთის მოქალაქის მოვალეობებს. თურქეთის მოქალაქე ქართული ფესვებით, ამავე დროს თურქეთის კარგი მოქალაქეა.
        საქართველოს სურს განამტკიცოს ურთიერთობა თურქეთის ქართულ დიასპორასთან, განავითაროს კულტურული კავშირები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, ფოლკლორის, ხალხური წეს-ჩვეულებების შესწავლისა და შენახვის მხრივ. 
        თურქეთი არის საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი, გულწრფელი სტრატეგიული პარტნიორი, თურქეთი არის კეთილი მეზობელი რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს. მნიშვნელოვანია თურქეთის დახმარება სამხედრო სფეროში. მე ვიყავი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცნობ თურქულ არმიას და როგორც თურქული არმია არის საყრდენი თურქეთის სახელმწიფოსი, ასევე ქართული ჯარი უნდა გახდეს ქართული სახელმწიფოს საყრდენი.  
        ქართული კულტურის ცენტრის გახსნაზე სტამბოლში იმუშავებენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები. ქართული კულტურის ცენტრის გახსნის თაობაზე მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან.
რას გვეტყოდით აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის როლის შესახებ? და რომელი ქვეყნები უწერენ საქართველოს მხარს ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში?

        
საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მიერ განსაზღვრული აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ამოცანის შესაბამისად ვაწარმოებთ აქტიურ საქმიანობას.
თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში. მზადა ვართ ამ მიმართულებით თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის.
        ამ მხრივ შესაძლოა ჩართული იქნეს თურქეთის აფხაზური დიასპორა, რომელსაც შეუძლია თავისი მონაწილობით სამშვიდობო პროცესში პოზიტიური წვლილი შეიტანოს ორი მოძმე ხალხის ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობების დარეგულირებაში.
        ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ გარემოებას - აფხაზებმა აფხაზეთში, ასევე დიასპორაშიც, უნდა შეიგნონ, რომ მათი ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნება  შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში. აფხაზეთში მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, უძრავ ქონებას კრასნოდარიდან, მოსკოვიდან  ციმბირიდან ჩამოსული რუსები ყიდულობენ და ეპატრონებიან აფხაზეთს. ეს უკანონოა როგორც საქართველოს კანონებით, ასევე საერთაშორისო სამართლითაც. მხოლოდ საქართველოს შეუძლია დაიცვას აფხაზი ხალხი გარუსებისაგან, გაუფრთხილდეს მის თვითმყოფადობას, დაიცვას აფხაზების უფლებები. 
        მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ იცოდნენ თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა. თურქეთის აფხაზურმა დიასპორამ უნდა დაინახოს ის რეალური საფრთხე რასაც რუსეთი უქმნის აფხაზი ხალხის არსებობას. 
        აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში, ჩვენ მხარს გვიწერს ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ასევე ვითვალისწინებთ რუსეთის როლს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
 
        მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, სად აპირებს საქართველოს ხელისუფლება მათ განსახლებას? 

        მაჰმადიანი მესხები საბწოთა რეჟიმის პირობებში შეუბრალებლად, არაადამიანურად იქნენ გასახლებულნი თავიანთი სამშობლო საქართველოდან.   მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ვალდებულებაა რომელიც შესრულდება.  
        მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რადგან მესხების სამშობლო მთელი საქართველოა. ისინი გახდებიან საქართველოს მოქალაქეები და მათ სრული უფლება ექნებათ შეიძინონ საქართველოში უძრავი ქონება, სადაც მოისურვებენ, რადგან როგორც საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ მოქალაქის ყველა უფლებით.

        საქართველოსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დიდი კმაყოფილება გამოიწვია ჩვენს მოქალაქეებში. რა შეღავათებია კიდევ მოსალოდნელი?

        
დიახ. თურქეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება დიდმნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ასევე თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შეეძლებათ ერთი წლის განმავლობაში უვიზოდ ყოფნა ჩვენს ქვეყნებში. ახლო მომავალში ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენს ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

        ბატონო მინისტრო, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის.

        
გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.