ინტერვიუ: აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე

ლევან ვარშალომიძე

ლევან ვარშალომიძე



13 Ağustos 2016, 16:26

აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე 2005 წლის 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. მან 2005 წლის 17 თებერვალს სასტუმრო "ჰიათში" მიიღო ჟურნალ "ჩვენებურის" მფლობელი და რედაქტორი ოსმან ნური მერჯანი და "ჩვენებური.ნეტ"-ის (www.chveneburi.net) რედაქტორი ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე) . ბატონმა ლ. ვარშალომიძემ შეხვედრაზე, რომელმაც ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა, განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს ჟურნალი "ჩვენებური" და "ჩვენებური.ნეტ". ვარშალომიძემ განაცხადა: დროის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად ვსტუმრობ "ჩვენებური.ნეტ"-ს და ძალიან მომწონს იგი. გილოცავთ, რომ ასეთ წარმატებულ მოღვაწეობას ეწევით. ვიცი, რამდენად დიდი ძალა აქვს ინტერნეტს. ჩვენ გვსურს, რომ აჭარაში ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებში, სოფლებში მივიყვანოთ ინტერნეტი. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ."
        შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ გოგიტიძე.
        მცირე გასაუბრების შემდეგ ინტერვიუც შედგა.       

- უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ხომ ვერ გაგვიზიარებთ? რა საკითხებზე გქონდათ შეხვედრები და კმაყოფილი ხართ თუ არა ამ შეხვედრებით?
- პირველ რიგში მოგესალმებით. დიდ კმაყოფილებას გამოვხატავ, რომ თქვენს გვერდით ვარ დღეს. გაძლევთ ინტერვიუს, ჩვენებურებს.... და იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც გავრცელდება უკვე ეს ჟურნალი უფრო აქტიურად. კმაყოფილი ვარ ვიზიტით. იმიტომ, რომ ესაა პირველი ოფიციალური ვიზიტი. მქონდა შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან, განათლების მინისტრთან, სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ვიტყოდი ერთს, რომ პირველი ვიზიტისთვის ბევრი რამ გაკეთდა, ეს იყო კონკრეტული ვიზიტი, კონკრეტული საკითხების განხილვა და კონკრეტული პრობლემების მოგვარება. ესაა ძირითადი საკითხები.  გვქონდა ორ ქვეყანას შორის საქართველოსა და თურქეთს, აჭარასა და თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხები.

Levan Varşalomidze- ვიცით, რომ ეს არ არის თქვენი პირველი ვიზიტი თურქეთში. ართვინში ხშირად გაქვთ შეხვედრები. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში მთელი რიგი სასაზღვრო შეთანხმებებს მიაღწიეთ. თქვენი მუშაოების შედეგად ხოფა-ბათუმს შორის დაიწყო უვიზო საზღვაო მიმოსვლა. ამ საკითხებზე რას გვეტყოდით?
- მე ერთს ვიტყოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხი უფრო ახლოს იყოს და უფრო მარტივად ჰქონდეთ ურთიერთობა. საჭიროა გამარტივებული ურთიერთობა. სახელმწიფოებმა არ უნდა შეუქმნან პრობლემა ხალხს, ერთმანეთთან რომ კონტაქტი ჰქონდეთ. ისიც, თქვენ რაც აღნიშნეთ მართალია, ხოფა-ბათუმის შემთხვევაში ჩვენ ქართველებსა (აჭარის მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას) და თურქეთის, ართვინის მოსახლეობას იგივე ქართველებს რომელიც ბევრი ცხოვრობს, ექნებათ უვიზოდ, რაც მთავარია პრობლემების გარეშე გადაადგილების უფლება. ადამიანს შეეძლება დაჯდეს ხოფაში, გადმოვიდეს ბათუმში. გემს სჭირდება მხოლოდ ერთი საათი. დარჩება სამ დღეს, თავისუფლად, ვიზის გარეშე, დაისვენებს და უკან დაბრუნდება. Mეტსაც გეტყვით. დღეს არსებობს ეს ბათუმი-ხოფა, მაგრამ უახლოეს ერთ თვეში ჩვენ დამატებით გავხსნით ბათუმი-ტრაპიზონის მიმართულებას. იგივე სამდღიანი უვიზო მიმოსვლა იქნება და კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს ხალხის საურთიერთობოდ. ასე, რომ ჩვენი მიზანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ხალხისათვის.
 

- სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე როგორი მდგომარეობაა? ადრე საზღვარზე გადასვლა საბჭოთა პერიოდს მოგაგონებდათ. ახლა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თავისუფლად გადასვლა შესაძლებელია?

- შედარება არ არის იმასთან, რაც ერთი წლის წინ იყო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტში. ერთი წლის წინ ითხოვდნენ ქრთამს, ითხოვდნენ ზედმეტ გადასახადს. დღეს ჩვენ გვაქვს მწვანე კორიდორი, სადაც ფაქტიურად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ორ წუთში გადავიდეს საქართველოში. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებაც, თურქეთის საბაჟოს უფროსი იყო ბათუმში ჩამობრძანებული და გადაწყდა ისიც, რომ თურქული მხარეც გააკეთებს მწვანე კორიდორს და ამით უფრო ნაკლები პრობლემა იქნება. აი, ჩათვალეთ, რომ თურქეთიდან საქართველოში რომ გადავიდეს ადამიანი, სულ ხუთი წუთი დასჭირდება.

- ისევ სასაზღვრო შეთანხმებებს რომ დავუბრუნდეთ, როგორც მოგეხსენებათ მაჭახელში დიდი თოვლის გამო გზები იკეტება და დროდადრო ბორჩხასთან კავშირი წყდება. განსაკუთრებით მშობიარობის, ავადმყოფობის და გარდაცვალების შემთხვევაში საზღვარზე გადასასვლელი მოწმობით საქართველოში გადადიან და იქიდან ართვინში ბრუნდებიან. შესაძლებელია თუ არა გადასასვლელი მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის არსებული ოქმის კიდევ უფრო გავრცობა? კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი? მაჭახელისთვის მარადიდის ალტერნატიული გზის მიცემა შესაძლებელია? მაჭახელისთვის მარადიდის ალტერნატიული გზა შეთავაზებულია. ამ საკითხზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- მე ყველანაირად გეთანხმებით, რომ მართლა დიდი პრობლემაა მაჭახელაში. იყო შემთხვევა ერთი თვის წინ, რომ მშობიარე ქალბატონი გადმოვიყვანეთ მაჭახლიდან და ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინეთ. არ უნდა იყოს ასე, უფრო თავისუფლად უნდა გვქონდეს ურთიერთობა. სხვა თუ არაფერი, თავად ხეობებს შორის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს უფრო თავისუფალი გადასვლა. ვეცდები... ჩვენ შუამდგომლობას ვაყენებთ მთავრობის წინაშე, რომ ეს საკითხიც გადავწყვიტოთ და უფრო თავისუფალი იყოს მიმოსვლა მათ შორის.

- თურქეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის არსებული დონე საკმარისად მიგაჩნიათ? მეგობრობისა და ძმობის კიდევ უფრო განვითარების მიზნით კიდევ რისი გაკეთება შეიძლება? თქვენ ამ მიმართულებით გარკვეული მიზანი და პროექტი გაგაჩნიათ?
- მე ვფიქრობ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ისტორიულად არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობის გასაღრმავებლად უფრო მეტია გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ბევრი რამ რასაც ეწერებოდა ხელი, ფორმალობად რჩებოდა და არ ხდებოდა მისი ცხოვრებაში რეალიზება. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენმა ხალხმა უფრო მეტი გაიგოს. სამწუხაროდ არც თურქეთში იციან საქართველოს შესახებ ბევრი რამ და არც საქართველოში იცნობენ თურქეთს. მე ვფიქრობ, თქვენი ჟურნალის მეშვეობითაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. უნდა გავავრცელოთ ის და გავაცნოთ ხალხი ერთმანეთს.

- აჭარაში არსებული ინვესტიციებით კმაყოფილი ბრძანდებით? განსაკუთრებით გვაინტერესებს რა დონეზეა თურქეთიდან შემოსული ინვესტიციები. თურქეთიდან მოსული საინვესტიციო წინადადებები საკმარისად მიგაჩნიათ? რა ღონისძიებებს ატარებთ უფრო მეტი ინვესტორის მოსაზიდად? ინვესტიციის განმხორციელებელ ბიზნესმენებს რა სახის შეღავათებს სთავაზობთ?
- მე ვიტყვი, რომ ფაქტიურად შვიდი თვის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ძირითადად რითიც ვართ დაკავებული, ესაა ინვესტიციების მოზიდვა. ადრე აჭარაში არც იყო ბიზნესი. ბიზნესი ეკუთვნოდა ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს. ახლა, როდესაც თავისუფალებაა, ყველას ვეპატიჟები და ყველას ვეუბნები ერთ რამეს, რომ ნებისმიერი ინვესტორის, ნებისმიერი ბიზნესმენის გარანტორი ვიქნები პირადად მე. ფაქტიურად, ბევრი რამ აქაც გადაწყდა. ბევრი სექტორით არიან თურქი ბიზნესმენები დაინტერესებული და ალბათ უახლოეს ხანებში განვაცხადებთ.

- საქართველოში ორი რევოლუცია მოხდა, რომლებსაც დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს. ხალხი თბილისისა და ბათუმის ქუჩებში გამოვიდა, ძველ წყობაზე უარი განაცხადა და ახალი ხელმძღვანელები აირჩია. რას ფიქრობთ ამ ორ რევოლუციაზე?
- რევოლუცია არის ხალხის გადაწყვეტილება. იგივე აჭარის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, იქ ადრე ერთპიროვნული მმართველობა იყო. ძირითადი დამსახურება იმისა, რომ რევოლუცია მოხდა, ეს ხალხია. ხალხმა გააკეთა და დღეს, რეალურად, ერთპიროვნული მმართველობა შეიცვალა თვითმმართველობით. ასე, რომ ყოველთვის საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მიზანია ვემსახუროთ ხალხს და გავაკეთოთ ყველაფერი ხალხისთვის.

- რა სახის ცვლილებები განხორციელდა აჭარაში აბაშიძის მმართველობის დასრულების შემდეგ? ხალხი ახლა კმაყოფილია?
- პირველ რიგში ცვლილება ისაა, რომ თავისუფლად შეიძლება საუბარი, გადაადგილება და მოქმედების გაკეთება. რა თქმა უნდა, რთულია თორმეტი წლის შემდეგ, ერთპიროვნული რეჟიმის შემდეგ ყველაფრის ერთდროულად შეცვლა. მაგრამ ძირითადი პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენ ახლა მთლიანად საქართველოში, ესაა სოციალური საკითხები, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გადავწყვიტოთ ინვესტიციების მოზიდვით, შიდა პრობლემების გადაწყვეტით.- რა ხდება აჭარაში კულტურისა და ხელოვნების დარგში? ამ საკითხში რა წვლილი შეაქვს თქვენს ხელისუფლების?              
- კულტურა, განათლება და ხელოვნება ჩვენთვის პრიორიტეტია მე შევეხებოდი განათლების საკითხს. აჭარაში მთლიანად ოთხასხუთი სკოლიდან, რომელიც არსებობდა, მარტო ამ შვიდი თვის განმავლობაში, ჩვენ გავარემონტეთ და ფაქტიურად მივეცით საშუალება, რომ უფრო ნომრალური მდგომარეობა, ატმოსფერო ყოფილიყო სკოლების თითქმის ნახევარში. Bბავშვებს განათლების საშუალება მიეცემათ. ჩვენ თურქეთის განათლების მინისტრთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ, რომ უფრო აქტიური იყოს გაცვლითი პროგრამები. არა მარტო მოსწავლეების დონეზე, არამედ  სტუდენტების დონეზეც, მასწავლებლების დონეზე, პროფესიონალური მომზადება რომ მოხდეს და უფრო მეტი აქტიურად იყვნენ ჩართული. უკვე არა გვაქვს ისეთი სპექტაკლები, სადაც ესწრებოდნენ მხოლოდ მთავრობის წევრები და მეტი არავინ. ახლა ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ ეს იყოს ხალხის და ყველა შემოქმედებითი ადამიანის. და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ბევრი თურქი ხელოვანი და კულტურის წარმომადგენელი გვეწვევა ჩვენაც აჭარაში და უფრო მეტ აქტიურ წვლილს შეიტანს საქართველოს განვითარებაში.

- და ბოლოს, რისი თქმა გსურთ თურქეთის ქართველებისათვის? 
- მე მინდა მოვეფერო მათ ყველას. ასე ვიტყოდი: მოვეფერო. იმიტომ, რომ მართლა ღირსეული ადამიანები არიან, ღირსეული თავის ყველაფრით და მინდა ერთი რამ ვუსურვო: რომ ხშირ-ხშირად ჩამოვიდნენ ბათუმში, ხშირ-ხშირად ჩამოვიდნენ საქართველოში.

- დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო ინტერვიუსათვის.
- მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ. რაც შეიძლება მალე აჭარაში გელოდებით. გისურვებთ წარმატებებს.
 

banner210
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.