შოთა სხირტლაძე: მე და ჩემი სტუდენტები
დოცენტი შოთა სხირტლაძე
როდესაც ბილქენთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან მოწვევა მივიღე და თურქეთში გამოვემგზავრე; ვიფიქრე ენის უცოდინარობის გამო გამიჭირდებოდა სტუდენტებთან ურთიერთობა: ვერ გამიგებდნენ და მეც ვერაფერს გავაგებინებდი. პატარა იმედი მაინც მქონდა; იმიტომ, რომ საგანი, რომელსაც მე ვასწავლიდი, ფიზიკურ მოქმედებაზე და შინაგან ფსიქიკაზე არის დამყარებული. ფსიქო-ფიზიკური მოქმედება ყველა ყველა ერის მსახიობისთვის იოლი გასაგებია. თარჯიმნის დახმარებით ადვილად შევედი კონტაქტში თურქ სტუდენტებთან. მონდომებით მისმენდნენ. დიდი აზარტით ამყვნენ და ხალისიანად ვმეცადინეობდით. არ დამავიწყდება მათი გაბრწყინებული თვალები და აღტაცება, როდესაც მათთვის უცნობ და ახალ ილეთებს ვაჩვენებდი და ვუხსნიდი.
ჩემი საგანი სასცენო მოძრაობის: – ფარიკაობის, ესთეტიკური ჩვევების, ისტორიული ბრძოლების, ისტორიული ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო აქსესუარების მოხმარებას და გამოყენებას მოიცავს. ბევრი რამ ეკრანზე (ფილმებში) უნახავთ, მაგრამ როგორ სრულდება არ იციან. ჩემი ახსნის და ჩვენების შემდეგ, თვითონ, რომ ასრულებდნენ ამ რთულ და საინტერესო ”ტრიუკებს” ძალიან მოსწონთ და აღტაცებულნი არიან.
აგერ უკვე ცხრა წელიწადია აქ ვარ და იგივე შემართებით და ხალისით ვმუშაობ, რადგან ჩემი სტუდენტები მონდომებულნი და სიცოცხლით სავსენი არიან. მათი ხალისიანი მონდომება მაძლევს სტიმულს და ჩემი ასაკის მიუხედავად ახალგაზრდული ენერგიით ვმუშაობ. მოკლედ, რომ ვთქვათ – შემიყვარდნენ ისინი და შეუყვარდი მათ. ანთებული თვალებით შემომცქერიან და სულ ახალს ელოდებიან ჩემგან.
საერთოდ დღევანდელი ახალგაზრდობა ამპარტავანია; ვერ იტანენ ხმამაღალი სიტყვის, შენიშვნის მიცემას. ყველაფერში მართალი ჰქონიათ თავი.
მე შევძელი და მათი ნდობა დავიმსახურე. ამიტომ ჩემი ხმამაღალი შენიშვნა, შეცდომაზე გაჯავრება, ნორმალურად მიიღეს და ღიმილით ან ბოდიშის მოხდით მთავრდება ეს ჩვენი პატარა ”პაექრობა”.
როდესაც გაკვეთილი არა მაქვს, მაინც მივდივარ უნივერსიტეტში. ვეღარ ვძლებ ბავშვების გარეშე. არიან სტუდენტები, რომლებსაც ვენდობი და გაკვეთილის ჩატარების უფლებას ვაძლევ, რა თქმა უნდა ჩემი თანდასწრებით. ეს ფაქტი მათ საკუთარი ცოდნის და შინაგანი ძალის იმედს უნერგავს, რაც მკვეთრად გამოიხატა საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში. უნივერსიტეტში გამართულ რამოდენიმე კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ძალიან გაიხარეს, როდესაც მაყურებელმა ისინი მჭექარე ტაშით და ”ბრავოს” ძახილით დააჯილდოვა. მათი გამარჯვებით დიდად გავიხარე და ვამაყობ.
მათი მამების ტოლი ვარ, ზოგი შვილად შემფერის, ზოგიც – შვილიშვილად. ერთხელ წვერი მოუშვი და ჩემი ჭაღარა წვერის გამო ”ნოელ ბაბა” დამიძახეს. წვერის გაპარსვის შემდეგ ქართულად ”ჩემი შოთა ბაბუას” მეძახიან.
ასეთმა დამოკიდებულებამ უფლება მომცა უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვიყო. ასე ვეუბნები მათ: ”მამაშენი რომ ვიყო, პატარა ბავშვივით ქამრით გაგტყეპავდი” – მეთქი. მეორე მეცადინეობაზე აი რა მითხრა: ”მამაჩემს ვუთხარი თქვენი ნათქვამი და იცით რა მიპასუხა: ”ოღონდ შენი გამლახავი და კარგად გამზდელი ვნახო და ხელფასს დავუნიშნავო”. რა თქმა უნდა, ეს ბიჭი კარგად აღზრდილია, მაგრამ მამას უფრო მეტი უნდა შვილისთვის. ამ ნათქვამით, მამამ შვილს მიანიშნა ჩემდამი ნდობა და პატივისცემა.
ასე გავიდა ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ცხრა წელი თურქეთში, ბილქენთის უნივერსიტეტში. მე დიდ მადლობას ვუხდი ბილქენთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რექტორს, მუსიკისა და სასცენო ხელოვნების განყოფილებას. განსაკუთრებით თეატრალური განყოფილების კათედრის გამგეს პროფ. ჯუნეით გოგჩერს. აგრეთვე მადლობას ვუხდი ეფლატუნ ნემეთზადეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი მოწვევისათვის.
Yaşasın Türkiye!
Yaşasın Gürcüstan!
12.IX.2005