აჰმეთ ოზქან მელაშვილი -
თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე
მუსტაფა იაქუთი
(გურამ ხიმშიაშვილი)
ჟურნალმა “ჩვენებურმა" აჰმეთ ოზქანის გარდაცვალების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით 5 ივლისს ინეგოლში, 10 ივლისს კი სტამბოლში მის მოსაგონებლად ღონისძიებები მოაწყო.
1974 წელი ჩემს ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილად იქცა. იმ წელს მელაშვილი გავიცანი. ჩემს მეგობარ ჯემალ ქარამეჰმეთოღლუსთან ერთად ინეგოლიდან ბურსაში წავედი. მისი საშუალებით გავიგე, თუ რამდენად ცოტა ინფორმაციას ვფლობდი ჩემი მშობლიური ენის, კულტურისა და სამშობლოს შესახებ. მაშინ დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ საკუთარი ენითა და კულტურითაა შესაძლებელი საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა.
ქართველების ჭავჭავაძე
1980 წლის 5 ივლისს ბურსაში ფაშისტური დანაშაული იქნა ჩადენილი. მელაშვილი მოკლეს. ბურსაში რომ ჩავედი მისი შვილი და ჩემი მეგობარი იბერია ბურსის სამედიცინო ფაკულტეტის საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში იწვა. 1907 წელს საქართველოში მკვლელობა იქნა ჩადენილი. ცარისტული რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ მოკლა ქართველი ხალხის ლიდერი ილია ჭავჭავაძე. და ეს ყველაფერი რა კავშირშია ერთმანეთთან? უპირველეს ყოვლისა, ორივე შემთხვევაში ვერ მოხდა დანაშაულის ჩამდენთა ვინაობის დადგენა. თურქოლოგი ლია ჩლაიძე მას სიცოცხლეში ეუბნებოდა, შენ თურქეთის ქართველების ჭავჭავაძე ხარო. ახლა კი ამბობს, რომ სამწუხაროდ სიკვდილიც მისნაირი ერგო.
მელაშვილი დაიბადა ბალიქესირში 1922 წელს. მისი წინაპრები 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ართვინის მხრიდან გადასახლებულან. საშუალო განათლება ბანდირმასა და ბალიქესირში მიიღო. 1943 წელს იზმირის ინონუს სახ. ლიცეუმი დაამთავრა. 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი. 1955 წელს დაქორწინდა ს. ჰაირიეში მცხოვრებ იუქსელ ერგუნზე. მან ამ სოფელში ტურიზმის საზოგადოება დააფუძნა. 1963 წელს უხელმძღვანელა კოოპერატივის ჩამოყალიბებას. 1975 და 1977 წლებში მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში არქიტექტორად მუშაობდა. მელაშვილმა 1968 წელს დაწერა წიგნი “გურჯისტანი” (“საქართველო”). წიგნმა სენსაცია გამოიწვია. წიგნის გავრცელება აიკრძალა და საქმე სასამართლოსაც კი გადაეცა, მაგრამ გამართლდა. მელაშვილი საკუთარი ხარჯებით აწარმოებდა ნაწარმოებების თარგმანების ბეჭვდას, რათა თურქეთის ქართველებს უკეთ გაეცნოთ ქართული კულტურა, ისტორია და ენა. იგი მუდამდღე შრომობდა და თურქეთის ქართველთა იმედად იქცა.
ახლა მელაშვილი ს. ჰაირიეში განისვენებს და მაღლიდან გადმოყურებს ინეგოლის ველს. მის მცირე, მაგრამ ლამაზ საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულად და ქართულად:”მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის.”
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს ყვარელში. 1857 წელს უმაღლესი განათლების მიღების მიზნით პეტერბურგში გაემგზავრა. მისმა შემოქმედებამ დიდი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში. მან აკაკი წერეთელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ ლიტერატურას და ლიტერატურულ ენას. ილია ჭავჭავაძემ თავისი ნაწარმოებებით გაამდიდრა ქართული ლიტერატურა, ასევე დიდი წვლილი შეიტანა განათლებისა და თეატრის განვითარების საქმეში. ილია ჭავჭავაძეს მუდმივად ებრძოდა პოლიცია, რადგან ის ებრძოდა რუსეთის ცარისტულ რეჟიმს და საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მთავრობის აზრით იგი ცარისტული კოლონიალიზმის პოლიტიკის შემაფერხებელი ელემენტი იყო. ამიტომ მისი ბევრი ნაწარმოები აიკრძალა. ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის გამო იგი არასასურველ ადამიანად გამოაცხადეს. ჭავჭავაძის შემოქმედებამ საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების საქმეში დიდი ეპოქა შექმნა. ჭავჭავაძე აკრიტიკებდა არსებულ რეალობას და ქვეყნის ისტორიის ყველაზე ლამაზ ფურცლებს აცოცხლებდა. ლიტერატურულ ნაწარმოებებში “აჩრდილი”, “რამდენიმე სურათი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან”, “გლახის ნაამბობი” ყოველმხრივ აშუქებდა ბატონყმური ცხოვრების სირთულეებს. ჭავჭავაძის ყველა ნაწარმოები გაჟღენთილია ჰუმანიზმით, რომელიც შემდგომი პერიოდის ქართულ ლიტერატურაზეც აისახა. მწერლის ძირითადი საკითხი საქართველოს ბედიღბალია. პოეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის დროს იცავდა ქართველი ხალხის პატივსა და ღირსებას, ენასა და კულტურას. იგი გამოხატავდა ხალხის სურვილებსა და იმედებს. ჭავჭავაძეს თურქეთში ნაკლებად იცნობენ. მისი 150 წლის იუბილე 1987 წლის ოქტომბერში აღინიშნა თბილისში. იუბილეს თურექთიდან დაესწრნენ თ. სარაჩი, ფ. ბაიქურთი, ა. ჩალიშლარი, ჰ. ასილიაზიჯი, ჰ. ჰაირიოღლუ, ო. ნ. მერჯანი და ა. ჩეთინქაია. ეს შეხვედრა თურქეთზეც დადებითად აისახა. თურქულად ითარგმნა და გამოიცა “მგზავრის წერილები” (გამომცემლობა “იაზითი”). “თერგდალეულებთან” დაკავშირებული ეს პატარა წიგნი ილია წავწავაძის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
გაზეთი “ბირგუნი”
28 ივლისი 2005
სამწუხაროდ რაც წლები გადის უფრო იგლიჯება საქართველო და ეს მარტო ქართველების ბრალი არის , სისტემები რომელნიც მართავენ ქვეყანას. ..
ხალხს ატყუებენ და სამწუხაროდ ხალხიც ტყუდების და ვერ ვართ ჩვენი ღირსების დონაზე!