აფხაზეთი საქართველოა


ზაზა  წურწუმია

ზაზა წურწუმია

02 Kasım 2016, 09:16

აფხაზეთი საქართველოა       
(მოკლე ისტორიული მიმოხილვა)

 
 ანტიკური წყაროების ცნობით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია კოლხეთის სამეფოს და შემდგომში მისი მემკვიდრის - ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედის.

 დასავლეთ საქართველოს ამ სახელმწიფოებს ქართული წყაროები ეგრისს უწოდებენ.

ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ქართულ (მეგრულ, სვანურ, მესხურ) ეთნიკურ სამყაროს განეკუთვნებიან.


 მოგვიანებით, VIII საუკუნეში, აფხაზეთის მთავრებმა დაშლილი ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე აფხაზთა (ეგრის-აფხაზეთის) სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი.
 აფხაზთა სამეფო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საფუძველი გახდა. XI საუკუნიდან ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურაში პირველ ადგილზე იდგა მეფე აფხაზთა (მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შირვანშა და შაჰანშა). 

 ერთიანი საქართველოს ხანის უცხოურ წყაროებში, მმართველი დინასტიის “აფხაზური” წარმომავლობის მიხედვით,   აფხაზეთი – საქართველოს, აფხაზი - ქართველის აღმნიშვნელია.

 აფხაზები ფეოდალური საქართველოს ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ, ისევე როგორც სხვა დასავლურქართული ტომები- მეგრელები და  სვანები.

 XV საუკუნეში, საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ გაძლიერდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის პროცესი. ამას დაერთო გარეშე მტერთა შემოსევები, მათ შორის მთის ჩამოწოლა - კავკასიის მთის მოსახლეობის, აბაზურ-ადიღური, ოსური და დაღესტნური ტომების ჩამოსახლება საქართველოში.

 აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სწორედ მთის ჩამოწოლამ. დასავლეთ კავკასიიდან, სოციალურად დაბალი დონის აბაზური ტომების ჩამოსახლება აფხაზეთში იწყება XVI  საუკუნიდან და მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. 


 აბაზურ-ადიღური ტომების შავიზღვისპირეთში ექსპანსიის შედეგად საქართველო XVI საუკუნეში კარგავს აფხაზეთის საერისთაოს ნაწილს - ტერიტორიას მდ. ბზიფსა და ნიკოფსიას შორის. XVII საუკუნეში აბაზურ-ადიღური ტომები გადიან მდინარე ღალიძგაზე. 

 აბაზურ-ადიღური ტომების ჩამოსახლების შედეგად აფხაზეთში რადიკალური ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებები ხდება, რომლის შედეგად მოხდა ქართველებში “აფხაზის” გაუცხოება და განსხვავებულ ეთნოსად აღქმა. 

 თანამედროვე აფხაზთა თვითსახელწოდება არის “აფსუა”, რაც ეთნონიმ “აბაზას” ფონეტიკურ სახეცვლილებას წარმოადგენს. “აფსუა” ენა აბაზურ ენასთან ერთ ენობრივ ერთეულ ქმნის და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა.

 აბაზური ტომების ჩამოსახლებამ და ადგილობრივ ქართულ ტომებთან შერწყმამ გამოიწვია აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადასვლა აბაზურ(აფსუა) ენაზე, მაგრამ მოსახლეობის ფიზიკური ტიპი უცვლელი დარჩა. 

  თანამედროვე აფხაზები ქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს (წინააზიური რასის შავიზღვისპირულ ანთროპოლოგიურ ტიპს) ეკუთვნიან და ამდენად უპირისპირდებიან ენობრივად მათთან მონათესავე ადიღებს, რომლებიც პონტური რასის ადიღურ ნაირსახეობას განეკუთვნებიან. 

 ახალი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან ანტიკური წყაროები (პლინიუს სეკუნდი და ფლავიუს არიანე) დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ასახელებენ “ აფსილებსა” და “აბაზგებს”.

 აღსანიშნავია რომ დღევანდელი აფხაზების თვითსახელწოდებაა “აფსუა”, ხოლო აფხაზეთს  ისინი “აფსნი”-ს უწოდებენ. 

 თანამედროვე აფხაზთა თვითსახელწოდებას “აფსუა” დასაბამს აძლევს “აბაზა”. “აფსუა” “აბაზას” ფონეტიკური სახეცვლილებაა. 

 “აბაზგი” (აფხაზი) და “აფსილი” არავითარ კავშირში არ არის “აბაზა” ან “აფსუა” სახელთან. აბაზგი, ისევე როგორც “აფსილი” ქართული წარმომავლობისაა. ბერძნული “აბაზგი”  მომდინარეობს ქართული ‘აფხაზ” ეთნონიმიდან (აფხაზ- აბხაზა - ბერძნული აბაზგ) და მის ფონეტიკურ სახეცვლილებას წარმოადგენს.    
 
წარმოუდგენელია, რომ ქართველებს საკუთარი სატომო სახელი ბერძნებისგან შეეთვისებინათ და ბერძნული “აბაზგ” “აფხაზად” გადმოეტანათ. პირიქით: “აფხაზი” ეთნონიმი ზოგადქართული ფუძიდან მომდინარეობს. საკუთრივ “აფხაზ” (ბერძნული აბაზგ) ქართული, მესხური ტომია. (ნიკო მარი, თ. გამყრელიძე). ბერძნული ფორმა “აბაზგ” კი ქართული ისტორიული ტერმინის “აფხაზ” –ის ექვივალენტურია და ქართულიდან არის შესული ბერძნულ ენაში.  (აფხაზი – აფხაზა – აბხაზა –აბასხი –აბასკი)

 ქართულია “აფშილი“, (აფსარი) რომელიც ერთ მთლიან ეთნონიმს წარმოადგენს, მისგან ნაწარმოებია ქართული ისტორიულ გეოგრაფიული სახელი – აფშილეთი (ქართული ისტორიული წყარო: ქალაქი აფშილეთისა-ცხუმი). 

 “აფშილი” იმავე რიგის ქართულ ეთნონომებს განეკუთვნება რაც სვანი კახი, მესხი და ა.შ. ხოლო “აფშილეთი” ისეთივე ქართული ენის ნორმებით ნაწარმოებ გეოგრაფიულ სახელწოდებას წარმოადგენს როგორც კახეთი, მესხეთი, სვანეთი.

 ანტიკური წყაროების მონაცემების საფუძველზე აშკარაა, რომ თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყალი ქართული მოდგმის ტომებით იყო დასახლებული. აფხაზეთის ტერიტორია კი  კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. 
 უნდა აღინიშნოს, რომ ძველი წელთააღრიცხვის VI-I საუკუნეების ანტიკური ავტორები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ასახელებენ დასავლურქართულ ტომებს კოლხებს, კორაქსებსა და კოლებს. 

 ბზიფიდან ტუაფსემდე ჰენიოხების ტომები ცხოვრობდნენ, რომელნიც ქართული (სვანური) წარმომავლობის ტომს განეკუთვნება. ჰენიოხების ჩრდილოეთით მთის ხეობებში სახელდებიან კერკეტები და მესხების ქართული ტომი, მათგან აღმოსავლეთით და კოლხების ჩრდილოეთით  ეთნიკურად გაურკვევეი ფთიროფაგების ტომი და სვანები.


 ახ.წ. I-II საუკუნეების ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიოს პტოლემაიოსი ნიკოფსიასთან (თანამედროვე ტუაფსეს მახლობლად) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტს “ძველი ლაზიკა”, ხოლო ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, რომელსაც ლეონტი მროველი გადმოგვცემს, ლიხის მთიდან კავკასიონის ქედის უკიდურეს დასავლეთ კალთებამდე, რომლებიც სწორედ ნიკოფსიასთან ეშვებიან ზღვაში, ეგროსის წილი მიწა-წყალია - ე.ი. ქართული ტომების სამკვიდრებელი.

 ახ.წ. მეორე საუკუნიდან ანტიკური წყაროების მიხედვით, სებასტოპოლიდან (სოხუმი) დასავლეთით მდინარე აქეუნტამდე (შახე) სანიგთა ეთნო-პოლიტიკური გაერთიანება მდებარეობს. სანიგეთი მეგრულ-ჭანური და სვანური ტომებით იყო დასახლებული. სანიგებს სამხრეთით აფშილები ესაზღვრებოდნენ, რომელთაც ეჭირათ ტერიტორია მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე (ეგრისწყალი), სადაც ლაზიკის სამეფოს ესაზღვრებოდნენ. აფშილების ჩრდილოეთით, კოდორის ხეობაში მისიმიანთა სვანური ტომი ბინადრობდა. აბაზგთა მესხური ტომი კი მდინარე აბასკოსის (ბზიფის) ხეობაში ფიქსირდება.


 მეოთხე საუკუნიდან ლაზიკა (ეგრისის სამეფო), ბიზანტიის მხარდაჭერით იერთებს   აფშილეთს, მისიმიანეთს, სანიგეთს და აბაზგიას, რომელთა მფლობელები მორჩილებას უცხადებენ ეგრისის მეფეს. 

 მეხუთე საუკუნიდან ეგრისის თანდათანობითი დასუსტების შედეგად, სანიგების ტერიტორიას ბზიფიდან ანაკოფიამდე (ახალ ათონამდე) აბაზგები დაეპატრონნენ, შემდგომში მათ მთლიანად დაიკავეს სანიგების მიწა-წყალი და ეს ტერიტორია მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიხსენიება  ტერმინით “აბაზგია”. სანიგები შეერწყნენ აბაზგებს. იმავდროულად აფშილები დაეპატრონნენ სანიგების ტერიტორიას კელასურიდან აბაზგთა სასაზღვრო ციხე ანაკოფიამდე (ახალი ათონი).


 მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზიკას გამოეყო აბაზგია და უშუალოდ დაექვემდებარა ბიზანტიის იმპერიას .აბაზგიის არქონტები (მთავრები) ბიზანტიის იმპერატორის ვასალები გახდნენ. ბიზანტიელებმა ეგრისში მეფობაც გააუქმეს და აქ იმპერატორის მოხელე პატრიკიოსი დასვეს.

 აბაზგიის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ანაკოფია. ბიზანტიის მხარდაჭრა აბაზგიისადმი ეგრისის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამასთან იმპერია აბაზგიასა და აფშილეთზე გამავალ ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელ გზებსა და უღელტეხილებზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა.

 აფშილეთი მეოთხე-მეშვიდე საუკუნეებში რჩება ეგრისში შემავალ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულად. ლაზიკის პატრიკიოსს ერთ-ერთი რეზიდენცია აფშილეთში- მოქვის მახლობლად ჰქონდა. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) აფხაზეთის მთავარს ლეონ I დაუმტკიცა სამკვიდროდ აბაზგია მდ. კელასურიდან მდ. ნიკოფსიამდე.

 ამ დროიდან ტერმინი “აბაზგი” “აფხაზი” პოლიტიკური ტერმინი გახდა. ამ ტერმინით აღნიშნება ყველა იმ ტომის მოსახეობა, რომელიც გაერთიანდა აფხაზთა სამთავროში.

 მერვე საუკუნეში არაბი დამპყობელის  მურვან-ყრუს წინააღმდეგ ქართლის ერისმთავარ არჩილს აფხაზეთის მთავარი ლეონი უწევს დახმარებას. ლეონი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის ვასალი იყო, ნებაყოფლობით ხდება ქართლის ერისმთავრის არჩილის ქვეშემრდომი. “აფხაზები” საქართველოს მშენებლობის საქმეს იწყებენ.

 მერვე საუკუნის შუახანებში ლეონ I მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებს. აფხაზთა მთავრების მიერ საკუთარი ხელისუფლების ქვეშ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება დინასტიური, ნებაყოფლობითი აქტი იყო. ქართლის ერისმთავარმა არჩილმა ძმისშვილი გურანდუხტი ცოლად შერთო ლეონს და ეგრისის გვირგვინი გადასცა, რითაც ლეონმა მემკვიდრეობით მიიღო ეგრისი. ამრიგად, აფხაზეთი გამოვიდა ძველი ეგრისის (ლაზიკას) პოლიტიკურ მემკვიდრედ.

 მერვე საუკუნის მიწურულს ლეონ I ძმისწული ლეონ II საბოლოოდ განთავისუფლდა ბიზანტიისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. მმართველი დინასტიის მიხედვით და ამ სამეფოს შექმნაში აფხაზეთის სამთავროს გადამწყვეტი როლის გამო სახელმწიფოს “აფხაზთა სამეფო” ეწოდა.

 "აფხაზთა სამეფო", ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII-X საუკუნეები) წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.

 დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში აფხაზმა ფეოდალებმა მთავარ ლეონ II-ის მეთაურობით, როგორც ჩანს, ისარგებლეს ეგრისის მმართველი წრეების პროგრესული ნაწილის მხარდაჭერით. როგორც აღინიშნა, VIII საუკუნის ბოლოს ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. “აფხაზთა მეფეს” ბიზანტიის წინააღმდეგ მხარდაჭერა გაუწია მისმა ახლო ნათესავმა, ხაზართა ხაკანმა (ლეონის დედა ხაზარების მბრძანებლის ასული იყო). 


 ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. 
 ამ სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობა ქართველები (აფხაზები, ქართები, მეგრელები, სვანები, მესხები) იყვნენ. სახელმწიფო და მოსახლეობის სალაპარაკო ენა ქართული (მეგრული) იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთაისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. 

 აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა. როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.
 აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია. 

 978 ადგილობრივმა "აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა აფხაზეთზე (დასავლეთ საქართველო) სამხრეთ საქართველოზე  და ქართლზე. 

 XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გახდა გაერთიანებული საქართველოს მეფე.
 საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის შექმნის შემდეგ იმის გამო, რომ ერთიან საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა..” პირველ ადგილზე დგას მეფე აფხაზთა, XI-XIII საუკუნეების უცხოურ წყაროებში “აფხაზეთი” და “აფხაზები” ზოგადად საქართველოსა და “ქართველსი “მნიშვნელობით’ იხმარება.

 ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის არსებობის ხანაში (XI – XIV საუკუნეებში)   აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობდა “აფხაზეთისა” და “ცხუმის’ საერისთაოები. აფხაზეთს განაგებდა შარვაშიძეთა საგვარეულო, ცხუმს - ამანელისძენი. XIV საუკუნის არაბი ავტორის აბულ-ფიდას ცნობით, სოხუმი გურჯების ქალაქია, სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი, ინგლისელი პეტრე გერალდი კენტერბერიის არქიეპისკოპოსისადმი 1330 წელს გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სოხუმი ქვემო საქართველოს ქალაქია და აქ  მყოფი კათოლიკე ეპისკოპოსი კვირაობით  ქართველებისაგან შემოწირულებას იღებს.


 1330 წელს გიორგი ბრწყინვალემ ოდიშის მფლობელ დადიანს გადასცა ცხუმი. XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ მუჰიბბი აღნიშნავს, რომ დადიანი განაგებს სუხუმსა და აბხასს. აქ იგულისხმება ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ორი, ცხუმისა და აფხაზეთის საერისთაო.

 აღსანიშნავია, რომ XIV საუკუნეში საქართველოს შავიზღვისპირეთში გენუელნი მკვიდრდებიან. 1354 წელს გენუელებმა, ქართველი ხელისუფლების ნებართვით, გახსნეს თავიანთო სავაჭრო ფაქტორია ცხუმში (სებასტოპოლისი). უფრო ადრე ცხუმში დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა.  

 ცხუმის მოსახლეობა ქართველებისაგან შედგებოდა, იტალიელებს და მათ სავაჭრო ფაქტორიას ქალაქის ერთი ნაწილი ეკავა და თვითმმართველობით სარგებლობდა. გენუელები ადგილობრივ მოსახლეობასთან აღებ-მიცემობით იყვნენ დაკავებული. გენუელები დაკავებული იყვნენ “ტყვეთა ვაჭრობითაც’. მონები გაჰყავდათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მამლუქთა ეგვიპტეში.

 XIV საუკუნის მიწურულს, საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობების შედეგად შექმნილი უმძიმესი ვითარებით ისარგებლეს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ჯიქებმა (აბაზები) გამოვიდნენ მორჩილებიდან და საქართველოს შავიზღვისპირეთის რბევა დაიწყეს. 

 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერიას ბოლო მოუღეს. მეორე წელსვე, ზაფხულის დამდეგს, ოსმალური ესკადრა თავს დაესხა სოხუმს, დაიპყრო და გადაწვა ქალაქი. ეს იყო ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოზე. საქართველოს მეფე გიორგი VIII დაუყონებლივ გაემართა აფხაზეთისკენ, მაგრამ ოსმალებმა ამ დროისათვის აფხაზეთი უკვე დატოვეს. ოსმალების თავდასხმიდან მეორე წელს, 1455 წელს, უცხოური საისტორიო წყაროს ცნობით,  “ავოგაზები” (აბაზები) თავს დაესხნენ სოხუმს და აიკლეს ქალაქი. მოიშალა გენუელთა სავაჭრო ფაქტორია ცხუმში.

 ამ პერიოდისათვის, ფართოვდება ჯიქებისა და სხვა აბაზური ტომების ექსპანსია აფხაზეთში. 1474 წელს შედგენილ ძეგლში “მცნებაი სასჯულო”  ჩანს “აფხაზების” ქრისტიანობისგან გაუცხოება.  


 1490 წელს ქართლის სამეფო დარბაზმა საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი ცნო. დაშლილ ქვეყანაში აფხაზეთის საერისთაო ოდიშის სამთავროსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, თავის მხრივ დადიანი ცნობდა იმერეთის მეფის სუზერენობას. აფხაზეთის ერისთავი ფლობდა ტერიტორიას ანაკოფიიდან (ახალი ათონი) გაგრის ვიწროებამდე. იმის იქით ჯიქეთი (აბაზას ტომებით დასახლებული მხარე) მდებარეობდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მორჩილებიდან გამოსული იყო. 

 1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი და იმავე წლის ზაფხულში სოხუმში ოსმალები გადასხდნენ. ოსმალებმა სოხუმის საბეგლარბეგო შექმნეს და სოხუმის ბეგლარბეგად ჩერქეზული წარმოშობის ოსმალო სარდალი ჰაიდერ ფაშა დანიშნეს, აღადგინეს სოხუმის ძველი ციხე. ოსმალებმა ამჯერად სოხუმში მხოლოდ ორი წელი დაჰყვეს. 

 ოსმალეთი ახდენდა აფხაზეთში აბაზა - ჯიქებისა და მათი მონათესავე ადიღური ტომების შემოსევების წაქეზებას, რაც ოდიშის დასუსტებას ისახავდა მიზნად. სოხუმში ჩერქეზი (ადიღე)  წარმოშობის სარდლის დანიშვნა ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზეთში აბაზურ-ადიღური ტომების ექსპანსიის  ხელშეწყობის მანიშნებელი იყო. 

 XVII საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მმართველი შარვაშიძეები გამოვიდნენ დადიანისადმი ვასალური დამოკიდებულებიდან და  აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო ჩამოაყალიბეს ცენტრით ზუფუში (ლიხნი).

ლევან დადიანის სიკვდილის შემდეგ 1657წ), რომელთანაც ვასალურ დამოკიდებულებაში რჩებოდა აფხაზეთი, ჯიქებისა და აბაზების ტომების სამეგრელოს წინააღმდეგ მიმართული შემოსევების შემაკავებელი “კელასურის’ კედელი მოიშალა და აფხაზეთ-ოდიში აბაზურ-ადიღურმა ექსპანსიამ წალეკა.
 გამუდმებული შემოსევების შედეგად აფხაზეთის ერისთავებმა შარვაშიძეებმა, რომლებიც სამეგრელოსთან შიდაფეოდალურ ომში ეყრდნობოდნენ აბაზებისა და ჩრდილოკავკასიელებსი დაქირავებულ რაზმებს, გაააფართოეს სამთავროს ტერიტორია ოდიშის მიწა-წყლის დაპყრობის ხარჯზე, ჯერ კელასურიდან ღალიძგამდე, ხოლო XVIII საუკუნის დამდეგს მდ. ენგურამდე.

 გამუდმებული შემოსევების შედეგად აბაზურ-ადიღური მარბიელები იკავებდნენ რა აფხაზეთისა და ოდიშის ტერიტორიებს, სდევნიდნენ ან მონობაში აქცევდნენ მკვიდრ ქართულ (აფხაზურ, მეგრულ, სვანურ) მოსახლეობას, სახლდებოდნენ დაპყრობილ ადგილებზე და იქ თავიანთი წარმართული ადათები შემოჰქონდათ. წარმართი და მუსლიმი აბაზების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უქმდება დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, ბიჭვინთის აფხაზეთის საკათალიკოსოს ტახტი გელათში გადადის. იერუსალემის პატრიარქის დოსითეოსის მოწმობით, “აბაზგებმა გაანადგურეს დადიანის სამფლობელო, აიკლეს ეკლესიები და მონასტრები და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე და ფაზისამდე (სოხუმიდან ცხენისწყალსა და ენგურამდე). 


  XVIII საუკუნისათვის შარვაშიძეების სამთვრო სახლმა გაინაწილა ოდიშისაგან დაპყრობილი ტერიტორია. უფროსმა ძმამ როსტომმა მიიღო მთავრის ტიტული და ბზიფსა და კოდორს შორის მდებარე მიწები (გუმა), საშუალო ძმამ ჯიქეშიამ მდ. კოდორსა და ღალიძგას შორის მდებარე მიწა-წყალი (აბჟუა), უმცროსმა ყვაპუმ კი ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით, ყვაპუს მემკვიდრის მურზაყან შარვაშიძის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა. 
 ორი საუკუნის განმავლობაში, აბაზა-ადიღურ ტომებზე დაყრდნობით, შარვაშიძეების ოდიშის წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა თავისი დამანგრეველი შედეგი გამოიღო. აფხაზეთში ქართული (აფხაზური და მეგრული) სოფლებიდან მოსახლეობის აყრა და სამეგრელოში გადასახლება  დაიწყო. მოსახლეობის განახლება ხდებოდა როგორც ბზიფის აფხაზეთში, ასევე აფხაზეთის ცენტრალურ რაიონებშიც ჯიქებისა და ადიღური ტომების ჩამოსახლების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის “აფხაზი” ქართულ ცნობიერებაში გაიგივდა არაქართველთან, მომხდურ მტერთან, რაც მთლიანად აბაზა-ადიღურ სამყაროს განეკუთვნება.

 ადიღურ-აბაზურმა ტომებმა,  რომლებზეც ქართველებმა მექანიკურად გადაიტანეს ამ მხარის უძველესი ქართული მოსახლეობის თვითწოდება “აფხაზი”, ეთნიკურად აითვისეს მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის არსებული ტერიტორია. ფეოდალთა წრეშიც გაბატონებული მდგომარეობმა თანდათან აბაზურმა საგვარეულოებმა მოიპოვეს, თუმცა აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მთავრის სახლი მაინც ქართული (აფხაზურ-მეგრული) რჩებოდა.

 XVIII საუკუნეში აფხაზეთის სამთავრო სახლი ოსმალეთის სულთნის ქვეშემრდომად ითვლებოდა. 1780 წელს რუხის ბრძოლაში იმერეთ - ოდიშის გაერთიანებულმა ლაშქარმა, იმერეთის მეფე სოლომონ I სარდლობით, სასტიკად დაამარცხა შარვაშიძეეებისა და აბაზა-ჩერქეზების კოალიცია. ამ ბრძოლამ ბოლო მოუღო აბაზა-ადიღების შემოსევებს ოდიშზე.

 1810 წლის ივლისში რუსეთის საზღვაო ესკადრამ სოხუმის ციხე აიღო და იქ მყოფი თურქული გარნიზონისაგან გაწმინდა. 1810 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავარმა გიორგი შარვაშიძემ თავადაზნაურობასთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე ფიცი დადო. ფიცის ტექსტი ქართულად იყო შედგენილი, რადგან აფხაზეთის სამთავროს ოფიციალურ ენად ისევ ქართული იყო.

ოსმალეთ-რუსეთს შორის მიმდინარე, ყირიმის ომის დროს (1853-1856წ.წ.) თურქებმა შესძლეს სოხუმში დესანტის გადმოსხმა. 45 ათასიანმა თურქულმა კორპუსმა ომერ ფაშას მეთაურობით სოხუმი დაიკავა. რუსული გარნიზონები იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი დაეტოვებინათ. თურქებმა აფხაზეთის შემდეგ სამეგრელოც დაიკავეს.  მიუხედავად ომარ ფაშას მცდელობისა, მან ვერ მოახერხა სამეგრელოსა და აფხაზეთის ხელისუფლების გადაბირება და  დამპყრობელთა წინააღმდეგ პარტიზანული ომი გაჩაღდა. ომერ ფაშა იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

 მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული პოლიტიკური ერთეულების ავტონომიურობა და  1864 წელს დაასრულა ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილებაც, ჯერი მიდგა აფხაზეთზე. კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა, რუსეთის იმპერიის სამხედრო საქმეთა მინიტრ მილიუტინს გაუგზავნა სპეციალური წერილი აფხაზეთის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ განზრახულია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დასახლება მდ. ყუბანიდან მდ.ბზიფამდე კაზაკებით, ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია აფხაზეთის სამთავროს გაუქმება.

 იმპერიის ხელისუფლებას სურდა აფხაზეთი მთლიანად გაერუსებინა.
 1864 წლის 24 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძესა და მის მემკვიდრეებს ჩამოერთვათ უფლებები სამთავროზე და აფხაზეთში პირდაპირი რუსული მმართველობა დამყარდა.
 რუსებმა აფხაზეთს სოხუმის სამხედრო განყოფილება უწოდეს და ბიჭვინთის, წებელდის, დრანდისა და  ოქუმის ოლქებად დაჰყვეს. 

 რუსული კოლონიალური რეჟიმის დამყარების შედეგად აფხაზეთში სახალხო  მღელვარება დაიწყო. 1866 წელს აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარების მზადებისას დიდმა აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყების დამარცხების შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა მუჰაჯირობა (გადასახლება ოსმალეთში) რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა.

 1867 წელს რუსეთის იმპერიისა და თურქეთის შეთანხმებით აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 20 ათასი) თურქეთის იმპერიაში გადასახლდა. 

 1877 წელს აფხაზეთში ანტირუსული აჯანყება დაემთხვა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს, რასაც მოჰყვა აფხაზების ანტირუსული აჯანყება და მუჰაჯირობის მორიგი ტალღა. გადასახლდა 32 ათასამდე აფხაზი.

 აფხაზთა მუჰაჯირობას გამოეხმაურნენ ქართველი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები  ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, იაკობ გოგებაშვილი. ილია ჭავჭავაძე “მუჰაჯირობის” ტრაგედიაში თურქეთისა და რუსეთის მმართველ წრეებს ადანაშაულებდა. 

 1878 წელს სოხუმის სამხედრო ოლქის სამხედრო მმართველმა მთელი “აფხაზური”  მოსახლეობა “დამნაშავე ხალხად” გამოაცხადა. ეს სტატუსი აფხზებს მხოლოდ 1907 წელს მოეხსნათ. აფხაზებს ‘პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობის გამო” ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, მათ არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ სამაგიეროდ დამატებითი ფულადი გადასახადები შეაწერეს.

  რუსეთის იმპერია, ერთის მხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთის მოსახლეობის გადასახლებას თურქეთში, მეორის მხრივ დაცარიელებულ მიწებზე ფართოდ ნერგავდა კოლონიზაციის პრაქტიკას. აფხაზეთში გადასახლების უფლება მიეცა ყველას, გარდა აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოსა და საქართველოს დანარჩენი კუთხეების მოსახლეობისა. 

 რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკის მახვილი სწორედ ქართულ-აფხაზური იდენტურობის მოშლის, აფხაზის,  ქართველისაგან გაუცხოების, აფხაზის ცალკე, როგორც ქართველისაგან განსხვავებული, ხალხის შექმნისაკენ, აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორებისა და ამითი საერთოქართული სხეულის განადგურებისაკენ იყო მიმართული.  
 
ამ მიზნით შეიქმნა რუსი კავკასიოლოგისა და ლინგვისტის პ. უსლარის მიერ აფხაზური დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე. 1862 წელს უსლარმა გამოსცა აფხაზური ენის გრამატიკა. 1865 წელს თბილისში დაიბეჭდა რუსული გრაფიკის საფუძველზე აფხაზური ანბანი. 1892 წელს თბილისში დ. გულიასა და მ. მაჭავარიანის მიერ გამოიცა ახალი აფხაზური ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით რუსი რეაქციონერი მოღვაწე და კავკასიაში რუსიფიკატორული პოლიტიკის აპოლოგეტი  ვეიდენბაუმი აღნიშნავდა, რომ აფხაზური ენა გასაქრობადაა განწირული, აფხაზეთში კულტურისა და ურთიერთობის ენად უნდა იქცეს არა ქართული, არამედ რუსული ენაო.

1917 წელს, რუსეთის იმპერიაში დაემხო მონარქია. დაიწყო რესპუბლიკური და დემოკრატიული გარდაქმნები. სოხუმში, მოსახლეობამ აირჩია   წარმომადგენლობითი ორგანო-აფხაზთა სახალხო საბჭო.

1918 წლის 9 თებერვალს, თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია და მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან აფხაზეთის სტატუსის შესახებ. მიღწეულ იქნა შეთანხმება და აფხაზეთს მიენიჭა ავტონომიური თვითმმართველობა საქართველოს შემადგენლობაში. 

 1918 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალით აფხაზეთის შიდა მმართველობა გადაეცა აფხაზთა სახალხო საბჭოს და შემოღებულ იქნა საქართველოს მთავრობასთან აფხაზეთის საქმეთა მინისტრის პოსტი.
ამრიგად, აფხაზეთის ავტონომია დამტკიცებულ და ოფიციალურად დაკანონებულ იქნა საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) შემდეგ რამოდენიმე დღეში.

 1919 წლის მარტში აფხაზთა სახალხო საბჭო გარდაიქმნა აფხაზეთის სახალხო საბჭოდ. აფხაზეთის სახალხო საბჭომ, რომელიც არჩეულ იქნა აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ დემოკრატიულ საფუძვლებზე,  1919 წლის 20 მარტს მიიღო აქტი აფხაზეთის, როგორც ავტონომიური ერთეულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლაზე.

 1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა უპირობოდ ცნო აფხაზეთის ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში.

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წითელი არმიის სამხედრო ნაწილების მხრიდან ოკუპაციისა და საქართველოს გასაბჭოების შედეგად 1921 წლის 4 მარტს სოხუმში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. 

 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ხელშეკრულებით დაუკავშირდა საბჭოთა საქართველოს. ფაქტიურად, ის წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოში.

 1931 წელს აფხაზეთი, საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შევიდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

 აფხაზეთის ავტონიურ რესპუბლიკაში მეოცე საუკუნის 30-40 იან წლებში, ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული რეჟიმი მძვინვარებდა, რომელიც სასტიკ რეპრესიებს მიმართავდა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. რეპრესიები შეეხო აფხაზური სკოლის განვითარებასაც, კერძოდ არაერთხელ ხელოვნურად შეიცვალა აფხაზური დამწერლობის გრაფიკა. 

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა - ქართველები, გაცილებით ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებში, ვიდრე აფხაზები, რომლებიც მოსახლეობის მეხუთედსაც არ შეადგენდნენ. 1980-იან წლებში, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში თანამდებობების უმეტესობა აფხაზებს ეკავათ, ხოლო მინისტრთა საბჭოს 27 თნამშრომლიდან 14 აფხაზი და 10 ქართველი იყო. ოცი მინისტრიდან და სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარიდან  13 იყო აფხაზი და მხოლოდ 6 ქართველი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და პროკურორი, ტრადიციულად აფხაზები იყვნენ.
 
ამრიგად, საბჭოთა კავშირის დროს (1921-1991 წ.წ.) აფხაზეთში არათუ არ ხდებოდა აფხაზი ეთნოსის შევიწროება,  არამედ ადგილი ჰქონდა აფხაზეთში მოსახლე ქართველების და სხვა ეროვნებების ეთნიკური დისკრიმინაციას გაბატონებული აფხაზური ბიუროკრატიულ-ნომენკლატურული ეთნოკრატიის ხარჯზე.

 აფხაზეთის კომუნისტური ნომენკლატურა, რომელმაც 1980-იანი წლების დამლევიდან საქართველოსგან გამოყოფასა და რუსეთთან შეერთებაზე აიღო კურსი, პროვოკაციულად აღვივებდა აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური ხასიათის სიძულვილს და მოუწოდებდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისაკენ. 

 1988 წელს მიღებულ იქნა “ლიხნის მიმართვა” საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX საკავშირო კონფერენციისადმი, რომელიც შეიცავდა ცილისმწამებლურ ბრალდებებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. “ლიხნის მიმართვას” მოჰყვა 1989 წლის ივლისის ტრაგედია სოხუმში, როდესაც აფხაზი  ბანდიტები თავს დაესხნენ ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და სასტიკად გაუსწორდნენ უდანაშაულო სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს, დაიღუპნენ ადამიანები. სწორედ აქედან განსაკუთრებული ინტენსივობით დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. სოხუმში თავისი ყრილობების გამართვა დაიწყო “კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ” - საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ, რომელმაც აფხაზეთი ამ “კონფედერაციის ნაწილად” ხოლო ქ. სოხუმი - ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი კერა - ამ კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადა. 

 1991 წელს, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, რომლის უმრავლესობას აფხაზი შეადგენდნენ, აქტიურად დაიწყო აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისაკენ მიმართული პრაქტიკული და კანონშემოქმედებითი საქმიანობა.   

 1992 წლის ზაფხულში, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც სეპარატისტული კურსისადმი პროტესტის ნიშნად დასტოვეს ქართველმა და სხვა ეროვნების დეპუტატებმა, უკანონოდ მიიღო რამოდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომლითაც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას მოასწავებდა.

Aამ დროს აფხაზეთში მასობრივი ხასიათი მიიღობანდიტიზმმა, სარკინიგზო და სატრანსპორტო ტვირთების ძარცვამ, ყაჩაღობამ. საფრთხე შეექმნა საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობას, მოქალაქეთა უფლებებს.

 მდგომარეობის გამოსასწორებლად, 1992 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში საპოლიციო და შემდგომში სამხედრო ნაწილების შეყვანის თაობაზე რკინიგზისა და საავტომობილო მაგისტრალის დაცვის ღონისძიებების გასატარებლად, რის  შესახებაც  წინასწარ შეუთანხმდნენ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან. 

 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს პოლიციისა და სამხედროების შეზღუდული კონტინგენტი გადაადგილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. საქართველოს სახელმწიფომ თავისსავე ტერიტორიაზე, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს აფხაზეთი, საკუთარი პოლიციისა და სამხედრო რაზმის გადაადგილება განახორციელა. 

 იმავე დღეს, აფხაზმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა, პროვოკაციულად გაუხსნეს ცეცხლი ქართულ ნაწილებს ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. აფხაზებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქვეყნოდ გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველო თავს დაესხა აფხაზეთს და მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ასე დაიწყო 1992-1993 წლების ომი აფხაზეთში. 

 ღუსეთის ფედერაციის შუამავლობით დადებულ 1992 წლის 3 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას,  ოქტომბრის დასაწყისში სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელი გადამთიელების მხრიდან გაგრის აღება და ქართული მოსახლეობის გენოციდი მოჰყვა. 

 1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის ფედერაციის შუამავლობით  ისევ დაიდო შეთანხმება, რომლის ძალითაც ქართული მხარე განიარაღებულ იქნა და გაიყვანა სამხედრო ტექნიკა კონფლიქტის ზონდან.   

 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით, საომარი ქმედებები განაახლეს. განიარაღებული ქართველი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ სოხუმს 12 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან სოხუმის დაცემასა და ქართველების განადგურებას 2-3 დღეში წინასწარმეტყველებდა.

აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა ბანდიტებმა დახვრიტეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და 1994 წლის თებერვალში  აფხაზეთში ქართული მოსახლეობის მასიური ხოცვა ჟლეტა და ეთნოწმენდა მიმდინარეობდა, ორას ირმოცდაათი ათასი აფხაზეთის მკვიდრი ქართველი განდევნილ იქნა თავისი სამშობლოდან, აფხაზეთი დატოვა მისმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ - აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ.

 აფხაზეთი, საქართველოს ეს ძირძველი კუთხე დაიცალა ქართველებისაგან, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს კატასტროფას წარმოადგენს. 

  რუსეთმა 2008 წელს, საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შედეგად, აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. 

  საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ხალხს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიურ უფლებებს სთავაზობს. 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.