რატომ აღნიშნავენ თურქეთელი ქართველები მარიამობის დღესასწაულს და ვინ დანერგა თურქულ სკოლებში ქართული ენის სწავლება

ერდარ ქუჩუქი  (ელიზბარ ცივნარიძე)

ერდარ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე)



21 Ağustos 2016, 15:40

დიდი ხის წინ, შორეულ ბავშვობაში, ჩვენს რესპონდენტს, ერდარ ქუჩუქს, ქართულად – ელიზბარ ციმნარიძეს, ბაბუა ლამაზ ამბებს უყვებოდა, ისტორიულ სამშობლოზე. ეს ამბავი სოფელ მაჭახელაში ვითარდებოდა. გავიდა დრო, ბიჭი გაიზარდა. დღეს მას თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში მიჰყავს გადაცემა „კავკასიის ქარი”. ასევე, იმ დიდ საქმეში, რასაც თურქულ სკოლებში ქართული ენის სწავლების ნებართვა ჰქვია, დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ელიზბარს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მას „ორი ქვეყნის კულტურის ელჩი” უწოდეს. 

– ბატონო ელიზბარ, როდის და როგორ მოხვდნენ თქვენი წინაპრები თურქეთში?

– ჩემი წინაპრები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ მაჭახელაში. მას შემდეგ, რაც საზღვარი გადაიწია, ჩვენ აღმოვჩნდით თურქეთში. არსად არ წავსულვართ, ჩვენ ისევ მაჭახელაში ვცხოვრობთ დღესაც, ოღონდ, ახლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის  მაჭახელაში. 

– როგორ გახდით ცვიმნარიძე – ქუჩუქი?

– ჩემი ქართული გვარია ციმნარიძე, ჩემი ნათესავები საქართველოში არიან ციმნარიძეები. შემდეგ გავხდით ქუჩუკი. რატომ ავიღეთ ეს გვარი? მაშინ აუცილებელი იყო, თურქული გვარი გვქონოდა, ქართული გვარის ტარებისთვის დიდი ჯარიმები და სასჯელებიც იყო. 

– როგორი იყო ბავშვობის წლები, ოჯახური გარემო?

– პატარაობიდან, უფროსებისგან სულ ვიცოდი, რომ ქართველი ვიყავი. ჩვენს ოჯახში ქართულად საუბრობდნენ და მეც იმთავიდან  ვიცოდი ქართული ენა. როდესაც სკოლაში მიმიყვანეს, თურქულის სწავლა მაშინ დავიწყე, სკოლამდე ერთი სიტყვაც არ ვიცოდი თურქული. 

– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის ბაბუასო. მიამბეთ მის შესახებ, მშობლებისა და იმ ტრადიციების შესახებ, რომელზეც აღიზარდეთ. 

– ბაბუა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მაშინ სარფიდან კი არა, ყარსიდან იყო მიმოსვლა.  უკან დაბრუნებული, სამშობლოს ამბებს გვიყვებოდა. სამშობლოს დიდი სიყვარული, ალბათ, სწორედ ბაბუასგან გადმომეცა. ჩემი დედ-მამა დღემდე ქართულად საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ თურქულად საუბარი უფრო უჭირთ, ვიდრე ქართულად. ტრადიციები ბევრი იყო სოფელში, მაგალითად, მარიამობის აღნიშვნა.

– მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდით?

– მარიობას აღვნიშნავდით და, ვიცოდით, რომ მარიობას მხოლოდ ქართველები აღნიშნავენ და ეს ჩვენი ერის ტრადიციაა. სხვათა შორის, მარიობა დღემდე იმართება მაჭახელაში. 

სიმღერას რაც შეეხება, მახსოვს, ბაბუა მუდამ ღიღინებდა  „გელინოსა” და „ელია გოგო ელიას”, მეც დიდი მონდომებით ავაყოლებდი ხოლმე ხმას და, ვხედავდი, ყოველ ჩვენს სიმღერაზე  როგორ ტიროდა ბაბუა. 

– შემდეგში როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

– როდესაც სკოლა დავამთავრე, სასწავლებლად სტამბულში გადმოვედი. სასწავლებლად გადმოსვლას საცხოვრებლად დარჩენა მოჰყვა.  სტამბულში დავოჯახდი და დღემდე აქ ვცხოვრობ, თუმცა, დედ-მამა ახლაც მაჭახელაში ცხოვრობს. წელიწადში რამდენჯერმე მიწევს იქ ჩასვლა და ჩემების მონახულება.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩემი მეუღლე წარმოშობით ლაზია – კორტანიძეების ქალი გახლავთ ქალბატონი ფატმა. გვყავს სამი შვილი: არჩილი, დილა და გულისა. სახლში ჩვენც ქართულად ვსაუბრობთ, რომ შვილებს ქართული ენის სიყვარული და ინტერესი პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ. 

– როგორც ვიცი, თურქეთის ტელევიზიაში გადაცემა „კავკასიის ქარი” მიგყავთ. მიამბეთ ამ გადაცემაზე, მის დანიშნულებაზე, რეზონანსზე, რა ინტერესები აქვთ მაყურებლებს... ალბათ, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დაგჭირდათ, სანამ ეს გადაცემა შეიკვრებოდა და შემდეგში მაყურებელი შეიყვარებდა.

– ერთი წელია, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიით ჩემ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები გადის.  არნახული გამოხმაურება მოჰყვა ამ გადაცემათა ციკლს.  სწორედ ამ გამოხმაურების შედეგი იყო ის, რომ პირველ 13 სერიას ტელევიზიის ხელმძღვანელებმა დაუმატეს  კიდევ 13 სერია და მთელი წელი გადიოდა ეს გადაცემა; ზაფხულში კი, მაყურებელთა მოთხოვნით, განმეორებით იქნა ნაჩვენები. „კავკასიის ქარი“ მე გადავიღე ჩემს ჯგუფთან ერთად, იდეაც მე მეკუთვნის. ძალიან მინდოდა, რომ აქაურ ქართველებს და, არა მარტო მათ, არამედ, სრულიად თურქეთს, ენახა,  რა ლამაზია საქართველო, მისი თითოეული კუთხე;  რა მდიდარი  და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. 

– როგორც ვიცი, რადიოშიც მოღვაწეობთ. რომელი ქართული სიმღერაა დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თურქეთში?

– ქართული კულტურის სახლში გვაქვს რადიო „ჩვენებური“, რომელიც 10 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. მეც ამ რადიოს ერთ-ერთი წამყვანი გახლავართ. ყველაზე მეტად პატრიოტული სიმღერები მოსწონთ აქაურ ქართველებს, მაგალითად:  „მაგრად დაჰკარით“, ასევე, პოპულარულია „ერისიონის”  „შატილის ასულო“.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობს,  ვმუშაობ ახალ ქართულ პროექტზე, რომელსაც ჯერჯერობით არ ვამხელ და, როდესაც სასიკეთოდ გადაწყდება ყოველივე, გპირდებით დაწვრილებით მოგიყვებით. ასევე, ვხელმძღვანელობ ქართული კულტურის სახლს. წელს ვგეგმავთ, ჩავატაროთ  ქართული კინოს დღეები და მოვაწყოთ ქართველი მხატვრების გამოფენა.  

– რა იციან თურქეთში აქაური ქართველებისა და თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების შესახებ? რა მოსწონთ, რა უკვირთ, რა აინტერესებთ? 

– თურქეთელ ქართველებს ძალიან აინტერესებთ ქართული ადათები, წესები, ტრადიციები და, მივიწყებული ტრადიციების აღდგენას ცდილობენ; სურთ, დაუახლოვდნენ თავიანთ ფესვებს, რომ  თავიდან შეისწავლონ ის, რაც დავიწყებულია და მომავალ თაობებს გადასცენ. 

–  თურქეთის განათლების სამინისტროს დადგენილების შესახებ მიამბეთ, რომლის შედეგადაც, თურქულ საშუალო სკოლებში ეთნიკურ ქართველებს დედაენის შესწავლის საშუალება მიეცემათ. როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება თქვენი გამარჯვებაცაა. როგორ გგონიათ, სწავლის რამდენი მსურველი გამოჩნდება?

– 2010 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად  სტამბულში ქართული კულტურის სახლი დავაფუძნეთ. როცა მოვმძლავრდით, თხოვნით მივმართეთ თურქეთის განათლების სამინისტროს, რომ საშუალო სკოლებში ეთნიკურ ქართველებს დედაენის სწავლების საშუალება მისცემოდათ. ჩვენმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და დამტკიცდა: თურქეთის ნებისმიერი რეგიონის ნებისმიერ საშუალო სკოლაში, ქართული ენის შესწავლის მსურველი 10 ბავშვიც რომ იყოს, ქართული ენის კლასი უნდა გახსნან. ქართული ენის პროგრამაზე ადრე მწერალმა და მთარგმნელმა ფაჰრეთთინ ჩილოღლუმ (ფარნა (ბექა) ჩილაშვილმა) იმუშავა,  ბოლოს კი, რომელიც უკვე მოიწონეს და დაამტკიცეს, იყო ქალბატონ ქევსერ რუჰის (ქეთევან ხანთაძე) პროგრამა. ქალბატონ ქევსერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის შედგენაში. ჩვენ, აქაური ქართველები, 200 წელია, ამ დღეს ველოდით, დღეს ამის საშუალება მოგვეცა და ეს, სიხარულთან ერთად, საამაყოა.  წინ კიდევ დიდი და რთული საქმეები გველოდება – ახლა მნიშვნელოვანია, აქაურ ქართველებს მოვანდომოთ, შეისწავლონ ქართული ენა  და გაიხსნას კლასები, ასე რომ, ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ჯერ არაფერი დამთავრებულა, ჯერ მხოლოდ ყველაფერი გრძელდება და, მჯერა, რომ მალე თურქეთში აღარ იქნებიან ისეთი ქართველები, რომლებსაც არ ეცოდინებათ  მშობლიურ ენაზე საუბარი, წერა და კითხვა. 



ესაუბრა: ეკა სალაღაია 
ჟურნალი "თბილისელები"
2014-11-10

კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.