თურქეთელი ქართველები, ლაზები და აფხაზები დღეს


ზაზა  წურწუმია

ზაზა წურწუმია

27 Ağustos 2016, 16:53

ზაზა  წურწუმია
პროფესორი, ისტორიის დოქტორი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი
 
თურქეთელი ქართველები, ლაზები და აფხაზები დღეს
 
            შესავალი:
            თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ქართული და აფხაზური ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები. მათი გადასახლება მოხდა XIX საუკუნეში, რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად, როდესაც მუსლიმანური აღმსარებლობის ქართველებმა და აფხაზებმა დატოვეს თავიანთი სამშობლოს, საქართველოს კუთხეები- მესხეთი, აფხაზეთი და აჭარა და ოსმალეთის იმპერიაში წავიდნენ.

            თურქეთის საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონში ცხოვრობენ ლაზები, რომლებიც ქართველურ ენათა (მეგრულ-ჭანური, სვანური და ქართული) ენათა ჯგუფს განეკუთვნებიან.

            საქართველოდან გადასახლებული ქართველები და აფხაზები თურქეთში წარმოადგენენ საქართველოს დიასპორას, ლაზები თურქეთის მკვიდრი მოსახლეობაა. თურქეთის ართვინის ოლქში და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე განაგრძნობს ბინადრობას მკვიდრი ქართული მოსახლეობა.


            ტერმინით „დიასპორა“, აღინიშნება თავისი წარმოშობის ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასახლებული და იქ დამკვიდრებული მოსახლეობა და მათი შთამომავლობა, რომელიც გარკვეულწილად, ამა თუ იმ ფორმითა და შინაარსით, იცავს საკუთარ ეთნიკურ და კულტურულ იდენტობას და აქვს თავდაპირველი, ისტორიული სამშობლოს ხსოვნა. როგორც წესი, დიასპორა ინარჩუნებს ცოცხალ კავშირს თავის დედასამშობლოსთან და მონაწილეობს მის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას. დიასპორას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში საერთაშორისო არენაზე თავისი იტორიული სამშობლოს ინტერესების გასატარებლად. ლოკალურ დონეზე დიასპორა “ახალი” და “ძველი” სამშობლოს შორის დამაკავშირებელი ხიდია.

            დიასპორას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა თავის წარმოშობის ქვეყანაზე. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც თანამონაწილე, თანამგრძნობი ისტორიულ სამშობლოში მიმდინარე პროცესებისა. ის შეიძლება მოგვევლინოს, როგორც დესტაბილიზაციის ხელმშემწყობის, ასევე დაპირისპირებულ საზოგადოებრივ და სოციალურ ჯგუფებს შორის ერთგვარი მომრიგებლის როლშიც.

            მეოცე საუკუნეში თავი იჩინა დიასპორის აქტიურმა ჩართულობამ მის ისტორიულ სამშბლოში მიმდინარე კონფლიქტებში და წარმოშვა „ნაციონალიზმი საზღვრებს გარეშე“. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალური იდეოლოგია,  გამოძახილსა და დინამიურობას იძენს ამ ქვეყნიდან  ათასობით კილომეტრით დაშორებულ, განსხავევბული კულტურისა და გეოპოლიტიკური რეალიების პირობებში მცხოვრებ მის დიასპორაში. თვალსაჩინო მაგალითი ამ მოვლენისა გახლავთ სომხური დიაპორა აშშ-ში, ევროპაში და მისი აქტივობები.

            ამასთან, სოციალური ქსელების საყოველთაო განვითარებამ ხელი შეუწყო ე.წ. „ვირტუალური საზოგადოებების“ წარმოქმნას. პიროვნებები, ეთნონაციონალური და ეთნოკულტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერნეტში  „დიალოგის“ და  „კონფლიქტის“ გარემოს ქმნიან. ეს ვირტუალური გარემო კი, თავის მხრივ, სრულიად რეალურად, ყოფიერების დონეზე განსაზღვრავს მტერსა თუ მეგობარს. ამ მხრივ დიასპორის აქტიურობა, ზემოთმოყვანილი საზღვრებს გარეშე ნაციონალიზმის ჩარჩოში თავსდება.

            თურქეთის ქართველები, ლაზები და აფხაზები წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც, თურქეთის სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ცდილობენ დაიცვან და განავითარონ საკუთარი კულტურული და ეთნიკური თვითმყოფადობა.

        თურქეთის ქართველების, ლაზებისა და აფხაზების ეთნიკური თვითშეგნების განვითარება მიმდინარეობს მშობლიური ენის შესწავლის, თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების ათვისების გზით. ამ თვალსაზრისით, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოებებს.
 
   
         თურქეთის ქართველობის ორგანიზაციები:
            თურქეთელი ქართველების საზოგადოებები შექმნილია თურქეთის ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში-შავი ზღვის რეგიონი, მარმარას ზღვის რეგიონი და ქ. სტამბოლი. ამ საზოგადოებებში მიმდინარეობს ენის სწავლება-ქართული  ენის შემსწავლელი კურსების სახით, ეს საზოგადოებები ხელს უწყობენ ქართული სოფლების საშუალო სკოლებში ქართული ენის-როგორც შერჩევითი საგნის, ამოქმედებას, საზოგადოებები მართავენ კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლებზეც იწვევენ კულტურის მოღვაწეებს საქართველოდან. ქართული საზოგადოებების საქმიანობის ახალ მიმართულებად ყალიბდება ქართული გვარების დაბრუნების პროცესი.

            თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორა განლაგებულია ორ ძირითად რეგიონის დასახლებულ პუნქტებში: მარმარილოს ზღვის რეგიონი (Marmara Bölgesi) შავიზღვისპირის რეგიონი ( Karadeniz Bölgesi) და ქ.სტამბოლში.

            ქართულ დიასპორას კომპაქტური დასახლების ადგილებში შექმნილი აქვს კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოებები (Dernek).
.სტამბოლი:

            „თურქეთ - საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი“: ( Türk Gürcü Eğitim ve Kültür Vakfi)
მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედიან თურქეთის ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები: ისმეთ აჯარი (İsmet Acar) ერგუნ ათაბაი (Ergun Atabay) სიმონ ზაზაძე (Simon Zazadze) ალი ნიჰათ გოქიითი (Ali Nihat Gökyiğit) ფონდის გენერალური დირექტორია -მევლუდ ართვინლი. (Mevlüt Artvinli) აქვე აღსანიშნავია, რომ სიმონ ზაზაძე ხელმძღვანელობს სტამბოლის ქართული სავანის-კათოლიკური მონასტრის სამეურვეო საბჭოს, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სათავეში ედგა მამამისი, საზოგადო მოღვაწე პავლე ზაზაძე. (Pavle Zazadze)

            „საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოება“ ( Gürcistan Dostluk Derneği).თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი.  (Ali Riza Altunel)

            საზოგადოება დაარსდა 2005 წელს ქ. სტამბოლში. საზოგადო­ებასთან მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები. საზოგადოება გამოსცემს ისტორიულ და კულტურულ კვლევებს ოსმალეთში ქართული წარმოშობის საზოგადო მოღვაწეების შესახებ. ამ მხრივ აღსანიშნავია ჩვენი თანამემამულის, ორდუელი ქართველის მურად ქასაბის (Murat Kasap) მოღვაწეობა. მან გამოსცა რამოდენიმე მონოგრაფია ოსმალეთში, თურქეთში მოღვაწე ქართველებზე, ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი თურქეთელ ქართველებზე, რომლის პრეზენტაცია განხორციელდა თურქეთში.

            „ქართული კულტურის ცენტრი“ (Gürcü Kültür Merkezi) თავმჯდომარე ფეჰმი უზალი უსტიაშვილი (Fehmi Uzal) გამგეობის წევრი სეზენ გონენჯ ოქჯან (Sezen Gonenc Okcan)  თუფან შაფაქ ლომინაძე (Tufan Şafak Lominadze)

            „კულტურის ცენტრის“ ძალისხმევით ტარდება კონფერენციები საქართველოდან მოწვეული მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეთა მონაწილეობით, რაც თურქეთელი ქართველების დიდ ინტერესს იწვევს და უღვივებს მათ  ქართულ კულტურასთან ერთიანობის შეგნებას. „კულტურის ცენტრში“ წლების განმავლობაში ქართული ენის შემსწავლელი კურსს ხელმძღვანელობდა თურქეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგი მანანა გურგენიძე (Manana Gurgenidze)

            ამ ეტაპზე ქართული კულტურის ცენტრმა გახსნა ენის შემსწავლელი კურსები, რომელთაც ნატალია დვალი (Natalia Dvali)  და ნანა კლდიაშვილი (Nana Kldiashvili) ხელმძღვანელობენ.

            ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ეშრეფ ილმაზმა (Eşref Yılmaz) გახსნა  ქართული ენის ცენტრი, რომლის ერთადერთი დანიშნულება ქართული ენის სწავლებაა ყველა მსურველისათვის, პირველ რიგში ეთნიკური ქართველებისათვის.

            „ქართული ხელოვნების სახლის“ (Gürcü Sanat Evi) კულტურულ პროგრამებს ახორციელებს  მუსიკოსი იბერია ოზქან მელაშვილი (İberia Özkan) რომელიც ხალხური სიმღერის ანსამბლი „ქაფდაღის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ანსამბლის რეპერტუარში, ადგილობრივ სიმღერებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიფონიური სიმღერები.

            „ქართული კულტურის სახლი“ (Gürcü Kültür Evi)  ერდალ ქუჩუქის (Erdal  Küçük) თამჯდომარეობით მოქმედი ორგანიზაციაა. ინფორმაციას ქართული კულტურის სახლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებგვერდზე, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული და მდიდარ წერილობით და ვიდეოაუდიო მასალას მოიცავს თურქეთის ქართველობაზე.

            „ქართული კულტურის სახლი” თავმჯდომარის მოადგილე ნური ანარი (Nuri Anar)  კულტურულ-მუსიკალურ ინტერნეტ რადიო „ჩვენებურს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ქართულ და თურქულ ენებზე მაუწყებლობს და მრავლად ჰყავს მსმენელი და მოხალისე თანამშრომელი თურქეთსა და საქართველოში. ე. ქუჩუქმა  გახსნა ქართული ენის კურსები. მისი ხელმძღვანელობით  წარმოდგენებს მართავს  ქორეოგრაფიული ჯგუფი „ერთობა“ (Ertoba)

            ე.ქუჩუქი აწარმოებს გადაღებებს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის ფილმზე „კავკასიის ქარი“, რაც ქართველებისა და ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების ფოლკლორსა და ტრადიციებს ასახავს.

            „ბეიქოზის ბათუმელთა ურთიერთდახმარებისა და კულტურული სოლიდარობის საზოგადოების“ (Beykoz Batum Havalisi Yardımlaşma ve Kültürel Dayanışma Derneği) თავმჯდომარეა ალი ქილიჩი (Ali Kılıç). ის სტამბოლის ბეიქოზის რაიონში მდებარეობს. ბეიქოზის რაიონის 250 ათასი მოსახლიდან 30 ათასამდე ქართველია. საზოგადოების წევრებს აქვთ სურვილი, შეისწავლონ მშობლიური ენა, ჩამოაყალიბონ ქართული ცეკვის ჯგუფი, ახლოს გაეცნონ საქართველოს სინამდვილეს. ისინი მართავენ ქართული კულტურის საღამოებს, სადაც იწვევენ ხელოვნებს საქართველოდან.

            სტამბოლის აზიურ ნაწილში, ბეიკოზის აღმოსავლეთით, მდებარეობს შილეს რაიონი, სადაც მრავალი  ქართველი ცხოვრობს. ისინი შილეში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ართვინის სოფლებიდან (ბერთა და ფორთა) გადმოსახლებულან. შილეს სოფლებში შენარჩუნებული აქვთ ქართული ეთნიკური თვითშეგნება.
 
            მარმარილოს ზღვის რეგიონი: (Marmara Bölgesi)
            „დუზჯეს ქართული კულტურის საზოგადოება“ (Düzce Gürcü Kültür Derneği) დაარსდა 1998 წელს. თავმჯდომარეა აიდონ კუბილაი (Aydın Kubilay)საზოგადოების წევრები დუზჯეს ქართული მოსახლეობის თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნებისათვის იღწვიან. აღსანიშნავია, რომ მათი მხარდაჭერით, დუზჯეს უნივერსიტეტში ამოქმედდა ქართული ენის საბაკალავრო პროგრამა, სადაც ქართულ ენას ასწავლის საქართველოდან მოწვეული პედაგოგი მაკა სალია.

             გოლჯუქის კავკასიური კულტურისა და თანადგომის საზოგადოების (Gölcük Kafkas Kültür ve Dayanışma Derneği) თავმჯდომარეა მურათ სევიმი (Murat Sevim). საზოგადოება დაარსდა 2001 წელს. გოლჯუქის რაიონში ქართველებით დასახლებული რამოდენიმე სოფელია. საზოგადოებასთან დაარსებულია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც სისტემატურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილ კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

            „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის საზოგადოება“ ( İnegöl Kafkas Folklor Derneği) ინეგოლის საზოგადოების დაარსება უკავშირდება თურქეთელი ქართველების ეთნიკურ-კულტურული მოძრაობის სულისჩამდგმელს და პირველი ქართული ჟურნალის „ჩვენებურის“ რედაქტორ აჰმედ ოზქან მელაშვილს. (Ahmet Özkan Melaşvili). არაერთმა, შემდეგში ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, სწორედ საზოგადოებაში ისწავლა და შეითვისა ქართული კულტურის ანაბანა. საზოგადოებას წლების განმავლობაში მეთაურობდა მემედ ნური თაიარი (Mehmet Nuri Tayyar), რომელიც საქართველოს სახელმწიფომ ღირსების ორდენით დააჯილდოვა ქართული კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის. საზოგადოებასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით ინეგოლში ტრადიციული სახე მიიღო საერთაშორისო ფესტივალების მოწყობამ, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ანსამბლები და შემსრულებლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. “ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის და საზოგადოების” თავმჯდომარის ომერ ფარუქ დემირთაშის (Ömer Faruk Demirtaş) ინიციატივით, 2015 წლის თებერვალში გახსნა ქართული ენის კურსი.


            „ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და თანადგომის საზოგადოება“ (Orhangazı Kafkas Kültür Dayanışma ve Folklor Derneği) დაარსდა 1995 წელს. თავმჯდომარე ზექერია კაფლანი (Zekeriya Kaplan). საზოგადოებასთან ჩამოყალიბებულია საბავშვო ქორეოგრაფიულ - ფოლკლორული ანსამბლი, დადგეგმილია ენის ჯგუფის გახსნა.    
„იზნიქის ბათუმელთა კავკასიური საზოგადოება“ (İznik Batum Kafkas Derneği)  დაარსდა 1991 წელს. მისი დამფუძნებელი და დამფინანსებელი წლების განმაბლობაში იყო ადგილობრივი ქართველი ბიზნესმენი იბრაჰიმ შენერი (İbrahim Şener) ამჟამად საზოგადოებას ხელმძღვანელობს ქადირ იუქსექი (Kadır Yüksek) იზნიქის საზოგადოებასთან არსებული ბავშვთა ცეკვის ანსამბლი წარმატებულ მონაწილოებას იღებს თურქეთის საბავშვო ფესტივალებში.

            „ჰენდექის ბათუმელთა კულტურის საზოგადოება“ (Hendek Batum Kültür Derneği) დაარსდა 1996 წელს. თავმჯდომარე ჯიჰათ ფეჰლივანი (Cihat Pehlivan). ჰენდექის ქართველებს ჩამოყალიბებული აქვთ ქართული ცეკვის ჯგუფი, მონაწილეობენ თურქეთის ქართველების კულტურულ ღონისძიებებში. ემზადებიან ქართული ენის კურსის გახსნისათვის.

            ადაფაზარის (საქარია) ქართული თემის ხელმძღვანელებს ერდოღან შენოლს (Erdoğan Şenol)  მედიჰა ილდიზს (Mediha Yıldız) ფევზი ჩელების (Fevzi Çelebi) საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობით, მნიშნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში.

            ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის (Kocaeli Kartvel  Kafkas Kültür Merkezi) ხელმძღვანელი აბდულლაჰ ზორლუ (Abdullah Zorlu) თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის  ღირსების ორდენით დააჯილდოვდა.
შავი ზღვის რეგიონი: (Karadeniz Bölgesi)

             „უნიეს აჭარელ ქართველთა მეგობრობისა და კულტურის საზოგადოება“ (Ünye Acara Gürcü Dostluk ve Kültür Derneği) შეიქმნა  ორდუს ოლქის ქ. უნიეში, 2014 წლის ივლისში. თავმჯდომარე მემედ ალი გურსოი (Mehmet Ali Gürsoy). საზოგადოება ასამდე წევრს აერთიანებს. საზოგადოებამ გახსნა ქართული ენის კურსები, რომლისათვის მასწავლებლად მოიწვიეს ქ. უნიეს მკვიდრი, საქართველოში განათლებამიღებული ჰულია ჩილოღლუ. (Hülya Çiloğlu). საზოგადოებაში აპირებენ ქართული ფოლკლორის ჯგუფის ჩამოყალიბებასაც. ქართული სათვისტომოს შექმნა იგეგმება ქ. ფაცაში და ბულანჯაქში (გირესუნი).

            სამსუნის ოლქის სალიფაზარის რაიონში (Samsun Salıpazarı) მოქმედებს „ბათუმ-აჭარის სოციალური ურთიერდახმარებისა და სოლიდარობის საზოგადოება“ (Salığazarı Batum Acara Sosyal Yardımlaşma ve Dayanışma Derneği). მისი თავმჯდომარე ადემ იაზიჯი (Adem Yazıcı). საზოგადოება დაარსდა 2010 წელს. მასში გაწევრიანებულია ასამდე სალიფაზარელი ქართველი. სულ სალიფაზარის რაიონში შვიდი ათასამდე ქართველი ცხოვობს და ექვსი ქართული სოფელია.


             „სინოპის ქართული კულტურისა და მეგობრობის საზოგადოება (Sinop Gürcü Kültür ve Dostluk Derneği), რომლის თავმჯდომარეა  სელამეთთინ უნალი (Selamettin Ünal) დაარსდა 2011 წელს და ამ დროისათვის 170 წევრს ითვლის. ქ. სინოპში და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველების რაოდენობა 50 ათასამდეა. სინოპის ოლქში ორმოცზე მეტი ქართული სოფელი და სოფლის უბანია მთიან ადგილებში. განსაკუთრებით ბევრი ქართველია ერფელექის რაიონში. (Erfelek)
მრავალი თურქეთელი ქართველის დასახელება შეიძლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართულ კულტურის შენარჩუნება განვითარებაში. მათ შორის:

            ცნობილი მწერალი ქევსერ რუჰი (Kevser Ruhi), რომელმაც მოამზადა თურქეთის განათლების სამინისტროსათვის ქართული ენის სწავლების პროგრამა, რითაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა და თურქეთელ ქართველებს მშობლიური ენის სკოლაში შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ;
შალვა თევზაძე (Şalva Tevzadze)- თურქეთის ქართველების პირველი ბეჭდური ორგანოს «ჩვენებურის» გამომცემელი, მწერალი და ჟურნალისტი.
ოსმან ნური მერჯანი (Osman Nuri Mercan) ჟურნალ „ჩვენებურის“ რედაქტორი 1990-იან წლებში.

            მწერალ ფაჰრეთთინ ჩილოღლუს (Fahrettin Çiloğlu), არაერთი წიგნი გამოიცა საქართველოში. ის თარგმნის თურქულ ენაზე ქართველ მწერლებს;
ბაიარ შაჰინი (Bayar Şahın), რომლის შეუდარებელმა სიმღერებმა ხელახლა აღმოაჩენინა საქართველოს თურქეთის ქართველობა;

            დავუთ კაპტანი (Davut Kaptan) და მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა მახარაძე (Manana Makharadze) რომლებიც ეწევიან ქველმოქმედებას საქართველოში;
ცნობილი კარდიოქირურგი ისმეთ დინდარის (İsmet Dindar) ხელმძღვანელობით ბათუმში ამოქმედდა უმაღლესი სასწავლებელი-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

            ქალბატონი მაია სარიჩამი (Maya Sarıçam) - ქ. ადაფაზარში ხელმძღვანელობს ქართული ენის შემსწავლელ კურსებს,
მურად შაჰინი (Murat Şahın)იკვლევს უნიელი ქართველების ენობრივ და ეთნიკურ ვითარებას.

            აჰმედ ფათიჰ აჯარი (Ahmet Fatih Acar) სტამბოლის მერიის საგარეო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, აქტიურ მხარდაჭერას უწევს სტამბოლში ქართული კულტურის წარმოჩენისაკენ მიმართულ საქმიანობას, საქართველო-თურქეთის კულტურულ-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

            დიდი წვლილი შეაქვთ თურქეთის ქართველების კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობაში, საზოგადო მოღვაწეებს, ბიზნესმენებს, სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლებს ქამილ ოლგუნს (Kamil Olgun) მუსტაფა იაკუთს (Mustafa Yakut) შენოლ ტაბანს (Şenol Taban) მეთინ ბალჯის (Metin Balcı), აიჰან იშიქს (Ayhan Işık), ორჰან შარდაღს (Orhan Şardağ), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმს (Kenan Yıldırım).

            თურქეთელი ქართველებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების აქტიურობით, თურქეთის რამოდენიმე უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებები. ქ. არდაჰანის(Ardahan) ქ.დუზჯეს (Düzce), ქ.ყარსის (Kars) და ქ. რიზეს (Rize) უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის დიპლომს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სტუდენტებს, მიღებული დიპლომით უფლება ეძლევათ თურქეთისა და საზღვარგარეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩააბარონ მაგისტრატურაში. თურქულ უნივერსიტეტებში ქართულ ენას ასწავლიან ნანა კაჭარავა და მაკა სალია.

            ართვინელი ქართველები, ახალგაზრდა მეცნიერები ნერიმან ალბაირაქი (Neriman Albayrak) და აბდურაჰმან სეჩქინი (Abdurrahman Seçkin) მეცნიერულ კვლევა-ძიებას ეწევიან თბილისში.

            თურქეთის ქართველებისათვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლებში არჩევით საგნად ქართული ენის სწავლების დაშვება. თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ ნებადართულია სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება კვირაში ორი საათი, ათი მოსწავლის მშობლისგან ნებართვის მიღების შემთხვევაში. ჯგუფში სულ მცირე ათი მოსწავლე უნდა იყოს. ამ საგნისათვის საგანმანათლებლო პროგრამა შეადგინეს ქესერ რუჰიმ და ერდალ ქუჩუქმა. ადაფაზარში (საქარიის ოლქი) მცხოვრები ქართველების ინიციატივით, სოფ. ნურუოსმანიეს საშუალო სკოლაში გაიხსნა ქართული ენის შერჩევითი (ფაკულტატური) სწავლების კურსი, რომელსაც მუსტაფა ქოლათი (Mustafa Kolat) ხელმძღვანელობს.  ნურუოსმანიეს მაგალითს მოსალოდნელია, რომ ბევრი თურქეთელი ქართველი მიბაძავს. საქართველოს სახელმწიფომ ქევსერ რუჰი და ერდალ ქუჩუქი ქართული კულტურის პოპულარიცაზიაში შეტანილი წვლილისათვის მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი (ბრწყინვალების ორდენი) დააჯილდოვა.


            თურქეთელი ქართველებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოდან მათი ყოფით და პრობლემებით დაინტერესება, რადგან ეს თავს აგრძნობინებს საერთო-ქართული სივრცის შემადგენელ ნაწილად და ამრიგად, ზრდის ეთნიკური თავისთავადობის, სხვა ეთნოსებისაგან გამორჩეულობის განცდას. ამ მხრივ,  მნიშვნელოვანია თურქეთის ქართველობის გულშემატკივარი საქართველოს საზოგადოებრივი და სამეცნიერო კულტურული წრეების წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტურობისა და პოპულარობის გაზრდა.

            იმ ძირითად მოლოდინებსა და სასურველი დამოკიდებულებაში, რაც თურქეთელ ქართველებს სურთ მიიღონ საქართველოსგან, საერთო მახასიათებელს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის მხრიდან თურქეთელი ქართველებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენის მოლოდინი. აქ იგულისხმება: საქართველოში თურქეთელი ქართველების პრობლემატიკის წინ წამოწევა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სამეცნიერო ფორუმებზე, უნივერსიტეტებში თურქეთელი ქართველების თემატიკის, მისი საჭიროებებისა და არსებული ვითარების შესახებ განხილვა-დისკუსიების მოწყობა მასში თურქეთელი ქართველების მონაწილეობით; საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ სატელევიზიო არხზე და რადიოზე თურქეთელი ქართველებისათვის განკუთვნილი სპეციალური გადაცემების, მათ შორის ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების გადაცემა; საქართველოში თურქეთელი ქართველების თემატიკისადმი მიძღვნილი ორენოვანი (ქართულ-თურქული) პერიოდული, სამეცნიერო-პუბლიცისტური გამოცემის (ჟურნალის, კრებულის) მომზადება თურქეთელი ქართველების მონაწილეობით.

            თურქეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით, ნაყოფიერ სამეცნიერო და საგანამანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი. 2012 წელს უნივერსიტეტმა მოიპოვა სამწლიანი სახელმწიფო გრანტი პროექტის „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ განხორციელებისათვის.       გრანტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები და სიმპოზიუმები,  მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები თურქეთის რესპუბლიკაში და შესწავლილ იქნა ქართული კულტურის ძეგლები, ქართველთა სამეურნეო და საოჯახო ტრადიციები, ეთნოლოგიური და ლინგვისტური საკითხები.

            თამარ მეფის უნივერსიტეტში რექტორის, არქიმანდრიტ ადამის ინიციატით გაიხსნა აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი, რომელიც საქართველო–თურქეთის კულტურული ურთიერთობების გამყარებას ემსახურება. უნივერსიტეტში ხორციელდება თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა,

            2015 წელს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორის სტამბოლში ვიზიტისას, ქართულ დიასპორასა და საქართველოთი დაინტერესებულ თურქ მეცნიერებთან შეხვედრებისას წარმოჩინდა თურქეთში ქართული ენის სწავლების, თურქეთისა და საქართველოს სამეცნიერო წრეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
 
           ლაზების კულტურული ორგანიზაციები:
            თურქეთის ქართველები, ნათესაური და მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული თურქეთის ლაზურ მოსახლეობათან. როგორც ქართველებში, ასევე ლაზებში არის ნათესაობის და საერთო ფესვებისადმი კუთვნილების შეგნება. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ქართველებში, რასაც თავისი ახსნა აქვს - ქართველების წრეში მეტია მშობლიური ენის მცოდნე პირები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ქართული პუბლიცისტიკასა და სამეცნიერო ლიტერატურაზე, სადაც ლაზების  წარმომავლობა ობიექტურად არის განხილული.

            ლაზური მოსახლეობის ძირითადი განსახლების არეალი არის საქართველოს მოსაზღვრე ართვინის ოლქი და რიზეს ოლქი (Artvin, Rize). აქედან ემიგრირებული მრავალი ლაზი ცხოვრობს სტამბოლში და მარმარილოს ზღვის რეგიონში.

            ლაზურ მოსახლეობაში ფართოდ ვრცელდება ლაზების, როგორც ანატოლიის მკვიდრი, თვითმყოფადი ხალხის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისადმი მიმართული მოძრაობა. ლაზებმა, განსაკუთრებით რიზესა და ართვინის ოლქებში ეთნიკური თვითშეგნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობა გაშალეს. არდაშენის (Ardeşen) რაიონში ამოქმედდა ლაზური ტელევიზია, მომზადდა ლაზური ენის სახელმძღვანელოები, რომლის მიხედვით, ართვინისა და რიზეს სკოლებში, მსურველები ლაზურს სწავლობენ თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული, შერჩევითი ენების პროგრამის ფარგლებში.

            თურქეთში ლაზური დამწერლობა, თურქული ანბანის საფუძველზე 1983წ. შეიქმნა და მისი გამოყენება 1990-2000-იან წლებში სამი  ჟურნალის : „ოგნი“,  Ogni „მჟორა“ Mjora „სკანი ნენა“ Skani Nena რაოდენიმე ნომრის გამოშვებით შემოიფარგლა. ამჯერად, დღის წესრიგში დგას ლაზურის - როგორც თურქეთის ერთ-ერთი მკვიდრი ეთნიკური ჯგუ­ფის დამწერლობის აღორძინება, რაც ლაზური კულტურის შენარჩუნებისა და განვი­თარების წინაპირობად უნდა იქცეს.

            „ლაზური კულტურის საზოგადოება“ (Laz Kültür Derneği, რომლის თავმჯდომარეა მეჰმედალი ბარიშ ბეშლი (Mehmedali Barış Beşli) გამოსცემს ჟურნალს „სქანი ნენა“;
 ლაზური კულტურის  პოპულარიზაციას ეწევა „ლაზური ინსტიტუტი“ (Laz Enstitüsü). ინსტოტუტს ხელმძღვანელონს ისმაილ ავჯი ბუჯაკლიში( İsmail Avci Bucaklışı). ლაზური ინსტიტუტის წევრი მეჰმედ ბექაროღლუ (Mehmet Bekaroğlu) თურქეთის პარლამენტის დეპუტატია.

            მწერალი დაპუბლიცისტი ალი იჰსან აქსამაზი (Ali İhsan Aksamaz) მუშაობს ლაზების ისტორიის,ენისა და თვითმყოფადი კულტურის საკითხებზე.
           
            ქ. არქაბში (Arhavi) დაარსდა „შქუნი ბერეფე“ (Şkuni Berepe) ლაზების კულტურის და ტურიზმის საზოგადოება.

            ირფან ჩაღატაის ( İrfan Çağatay) რედაქტორობით გამოვიდა გაზეთი „აღანი მურუცხი“ (Ağani Murutsxi), რაც ქართულ თარგმანში „ახალ ვარსკვლავს“ ნიშნავს.
ლაზი აქტივისტების მოთხოვნით, ლაზებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ხელი­სუფლებამ სკოლებში ლაზური ენის აუცილებელი სწავლება უნდა შემო­იღოს, რადგან თვითონ ლაზებში არ არსებობს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის ტრა­დიცია და ის ხელოვნურად უნდა დაინერგოს სკოლებში. ლაზური ეთნიკური თვითშეგნებისათვის ასევე მნიშვ­ნე­ლო­ვანია რიზეს ოლქის ლაზური დასახლებების ძველი ტოპონიმების აღდგენა.
 
            თურქეთის აფხაზური დიასპორის ორგანიზაციები:
            თურქეთის რესპუბლიკაში დაკვიდრებული აფხაზების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია საქარიას (ადა­ფაზარი), ქოჯაელის (იზმითი), გოლჯუკის, ბი­ლე­ჯიკის, დუზ­ჯეს, ბალიკესირის, ესკი­შეჰირის, ბურსის, იზმირის, სამსუნის, სი­ვა­სი­სა და იოზგა­თის ოლქებში და ქ. სტამბოლში. თურქეთის ქართული წარ­მო­შობის მო­სახ­­ლეობასთან აფხაზები თანა­ცხოვრობენ საქარიაში, დუზჯეში, ბა­ლი­კესირში, გოლ­ჯუკში, ინეგოლში. თურქეთში მცხოვრები აფხაზური წარმოშობის მო­ქალაქეები გა­ერ­­­თიანებულნი არიან საზოგადოებებში (dernek), რომლებიც შე­ქმნილია დი­ას­პორის კომპაქტურად გან­სახ­ლების ადგილებში, ქ. სტამბოლსა და დე­­დაქალაქ ანკარაში.

            დიასპორის საზოგადოებები, კულტურულ-საქველ­მო­ქმედო ფონდები და საინფორმაციო-შემეცნებითი სტრუქტურები, ცდილობენ შეინარჩუნონ კულტუ­რუ­ლი თვითმყოფადობა და ეთნიკური ტრადიციები. 

            თურქეთის რესპუბ­ლიკაში აფხაზთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტა­ტის­ტიკური მონა­ცემი არ არსებობს. სხვადასხვა ინფორმაციების შეჯერების სა­ფ­უ­ძ­ველზე შეიძლება ით­ქ­ვას, რომ თურქეთის მოქალაქე ეთნიკური აფხაზების რა­ო­დ­ე­ნობა 200 ათასს არ აღემატება.

            კომპაქტურად დასახლების ადგილებში შენარჩუნებულია ზოგიერთი აფხა­ზ­უ­რი წეს-ჩვეულება, სარიტუალო (სა­ქორ­წი­­ლო) ცეკვა-თამაშობები, სიმღერები, ტრა­დი­ცი­ული დამოკიდებულება უფ­როს-უმ­ცროსებს შორის. უფროსი და საშუალო თა­ობა საკმაოდ კარგად ფლობს მშობლიურ აფხაზურ ენას. 

            თურქეთის აფხაზები ატარებენ თურქულ სახელებსა და გვარებს, მაგრამ მათ იციან სა­კუ­თ­ა­­­რი საგვა­რე­უ­ლოები და ამის მიხედვით განსაზღვრავენ ნათესაურ კავშირებს. დუზ­ჯეს ოლქის სოფლებში ცხოვრობენ აფხაზური საგვარეულოები: იაშბა, ტარბა, კაპ­ბა, არ­გუნ, შამბა, ვარდანია, ჟიბა, კოზბა, აგირბა, ცუგბა, ავიძბა, გულ­ია, ტანია, ვანა­­ჩა.  

            თურქეთის აფხაზური დიასპორის აქტივობა გამოიხატება დიასპორული ორგა­ნი­ზაციების საქმიანობაში.  2011 წლიდან მოქმედებს აფხაზური საზოგადოებების საკოორ­დი­ნა­ციო ორგანო - აფხაზური საზოგადოებების ფედერაცია (Abhaz Dernekleri Federasyonu).

            აფხაზური ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია სტამბოლში მოქმედი „კავკასია-აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტი“ (Kafkas Abhazya Dayanışma Komitesi) „სტამბოლის აფხაზური კულტურის საზოგადოება“ (İstanbul Abhaz Kültür Derneği) „ანკარის აფხაზური საზოგადოება“ (Ankara Abhaz Derneği) „დუზჯეს აფხაზური საზოგადოება“ (Düzce Abhaz Derneği).

            აფხაზური დიასპორის ორგანიზაციების საქმიანობა მიმართულია აფხაზეთის საო­კუპაციო რეჟიმთან თა­ნა­მ­­შრომლობისა და თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზი ლი­დერების ინტერესების ლო­­ბი­რებისაკენ. მათ მიზნებში შედის „აფხაზეთის დამოუ­კიდებლობის’’ იდეის ლობი­რ­ე­ბა თურქეთის საზოგადოებრივ-პო­ლი­ტიკურ წრეებში,  თურ­ქეთის მიერ აფხაზეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყება, დიასპორის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის აფხაზეთში შეღავათიანი ბიზნესის გარანტი­რება, საკუთ­რე­ბის უფლების და­­კა­ნო­ნება და თურქეთიდან მუჰაჯირთა შთამომავლების აფხაზეთში რეპატრია­ციისათ­ვის საჭირო სხვა ღონის­ძი­ე­ბების გა­­ტა­რება.

            აფხაზური დიასპორის ორგანიზაციები და განსაკუთრებით „აფხაზური საზო­გა­დოებების ფედერაცია“, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ რე­პატ­რი­ა­ციის კომიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას ეწევა, რომლის მიზანია აფხა­ზეთ­ში მუ­ჰა­ჯირების დაბრუნება და მათთვის პრი­ვი­ლე­გი­რებული სა­ცხო­ვ­რე­ბელი და სა­მუშაო პირობების შექმნა.

            ფედე­რა­ციის და „რეპატრია­ცი­ის კომი­ტე­ტის“ მხარდა­ჭერით, მიმდინარეობს აფხა­ზე­თი­დან განდევნილ ქართველთა სახლების შეკეთება და ახა­ლი საცხოვ­რე­ბელი კოტე­ჯების აშენება თურქეთის აფხაზური დიასპორის იმ წევ­რე­ბისათვის, ვინც აფხა­ზეთ­ში დასახლების სურვილს გამოთქვამს. აფხაზეთში ჩა­ს­ულ თურ­ქეთის მოქალა­ქე­ებზე - ე.წ. აფხაზ რეპატრიანტებზე, უსასყიდლოდ გაიცემა ქარ­თ­­ველების კუთვნილი სა­ცხოვრებელი სახლები და კარმიდამოები. გულრიფშის რაიონში, სოფ. მერხეულში, მაჭარაში, დრან­დაში, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში თურქეთიდან  ჩა­სულ ორა­სამ­დე ოჯახს გადაეცა საკარმიდამო ნაკვეთები და ბინები. ამ საქმეებზე ზრუნავს სოხუმში სპეციალურად შე­ქ­­მნილი  „რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტე­ტი“. გად­მოსახლებას ხელს უწყობს აფხაზეთის კან­ო­ნი მოქალაქეობაზე, რითაც დიასპო­რის აფხაზებს ავტო­მა­ტურად ენ­ი­ჭე­ბათ აფხა­ზეთის მო­ქალაქეობა. 

            აფხაზეთში საჭიროდ თვლიან, რომ თურქეთიდან აფხა­ზეთ­ში აფხაზების დიდი გა­და­სახლება მოაწყონ, რადგან აფხა­ზეთის მოსახლეობა 250 ათასს არ აღემატება, ხო­ლო საკუთრივ აფხაზები ამ რაო­დენობის ნახევარსაც არ შე­ა­დ­­გენენ. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია თურქეთის აფხა­ზუ­რი დიასპორის და­ბ­­რ­უ­ნე­ბა აფხაზეთში, რაც აფხაზებს  დემოგრაფიული კატას­ტ­რო­ფ­ისა და რუსული ასი­მილაციისაგან იხსნის.

            დიასპორის ორგანიზაციები, ახალგაზრდობის მოზიდვის მიზნით, აწყობენ ზაფ­ხ­­ულის არდადეგებზე აფხაზი დიასპორის მოსწავლე ახალ­გაზ­რდობის ჩაყვანას აფხა­­ზეთ­ში, ასევე ჩამოჰყავთ თურქეთში მოს­წავლეთა ჯგუფები, ეხ­მა­რე­ბიან მათ პრეს­ტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მოწყ­ობაში, უნიშნავენ სტი­პენ­დიას, უზრუნ­ველ­ყოფებ საცხოვრებლით.

            2013-2014 წლებში გახშირდა თურქეთიდან პარლამენტის დეპუტატების, ბიზნესმენთა ჯგუფების, საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტები აფხზეთში, სადაც მათ ხვდებიან აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები. თურქეთელი აფხაზები და მათთან დაკავშირებული თურქი ბიზნესმენები გეგმავენ სოხუმში მთავრობის სახლის რეკონსტრუქციას, ტურისტულ ინფრასტურქტურაში ინვესტიციების დაბანდებას.

            აფხაზეთში დამკვიდრებული თურქეთის მოქალაქეები მონაწილეობენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგალითისთვის სონერ გოგუა (Soner Gogua), რომელიც წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი, ახლა სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მისი ორგანიზებით იბმება თურქეთიდან აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ასევე, ტაიფუნ არძინბა, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას „ტყვარჩელის ქვანახშირი“ და ამავე დროს, აფხაზეთის პარლამენტის წევრია.

            2015 წლისთვის აფხაზეთში ცხოვრობდა ორი ათასამდე რეპატრიანტი. მათ შორის არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული აბაზები, ექვსასამდე თურქეთელი აფხაზი და ხუთასი სირიიდან ჩამოყვანილი ლტოლვილი აფხაზი.

            2016 წლიდან თურქეთელი აფხაზების ინტენსიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები სოხუმთან, საგრძნობლად შეიზღუდა რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის გამო.
 
            თურქეთის ქართველებისა და აფხაზების ურთიერთდამოკიდებულებისათვის:
            საქართველოში არსებული აფხაზეთის საკითხის სიმწვავე, თურქეთში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

            თურქეთში ქართველ-აფხაზებს შორის არსებული დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში არასოდეს გადაზრდილა, მაგრამ 1990-იანების ომმა აფხაზეთში და განსაკუთრებით რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ 2008 წელს, ნათლად წარმოაჩინა ის ინტერესთა შეუთავსებლობა, რაც თურქეთში მოქმედ ქართულ და აფხაზურ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის გაჩნდა. მაშინ, როდესაც თურქეთის აფხაზური ორგანიზაციები რუსეთის მხრიდან აფხაზეთის „აღიარებას“ ზეიმობდნენ, სტამბოლში, რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს წინ ქართული დიასპორის ორგანიზაციების ორგანიზებული საპროტესტო მიტინგები იმართებოდა.

            აფხაზეთის სტატუსისადმი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულების მიუხედავად, თურქეთის ქართველობა და აფხაზობა ფლობენ შესაბამის პოტენციალს, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცივილიზებული დიალოგის გამართვისათვის.

            თურქეთის დაბა-სოფლებში, თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში, ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ქართველები და აფხაზები, არის შერეული ქორწინებები, თუმცა მათი რიცხვი თანდათან შემცირდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რაც ისევდაისევ აფხაზეთის ომის და შედეგად აფხაზეთის ქართული სამყაროსგან გაუცხოების შედეგია.

            თურქეთელ აფხაზები უკვე ერიდებიან ქართველებთან ოჯახის შექმნას და თუ ადრე აფხაზისათვის, ყოფითი ტრადიციის დონეზე, სასურველი იყო მენტალური და კულტურული სიახლოვის გამო, პირველ რიგში ქართველთან დამოყვრება, ქართველთან ოჯახის შექმნა, ახლა აფხაზები ქართველებს გაურბიან. იგივე შეიძლება ითქვას ქართველებზეც, რომლებიც ანალოგიურ გულგრილობას იჩენენ აფხაზებისადმი.

            ამასთან, შენარჩუნებულია, განსაკუთრებით უფროს თაობაში, ერთმანეთის ენის ცოდნა, ზრდილობიანი დამოკიდებულება და პატივისცემის გამოხატვა საერთო-სანათესავო შეხვედრების და რელიგიური რიტუალების დროს.

            თურქეთელი აფხაზების კავშირები აფხაზეთთან, უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ქართული დიასპორისა საქართველოსთან. აფხაზეთის პარლამენტში 1995 წლიდან ყოველთვის არის 2-3 თურქეთელი აფხაზი, მაშინ, როდესაც თურქეთელი ქართველები საქართველოს პარლამენტში არასოდეს ყოფილან წარმოდგენილნი.

            აღსანიშნავია, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგში თურქეთის ქართველებსა და აფხაზებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამ მხრივ, საინტერესო პოტენციალი გააჩნიათ როგორც ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს (დერნეკებს), ასევე, საზოგადო მოღვაწეებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის, თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) ქართველ და აფხაზური  წარ­მო­მავ­ლო­ბის დეპუტატებს. თურქეთის პარ­ლა­მ­ენ­­ტში ქარ­თ­ვე­ლი და აფხაზი დეპუტატების კორპუსის გაერთიანება შესაძლებელია მო­ხდეს თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ირგვლივ. შესაძლებელია მათ გარ­კვეული შუამავლობა გასწიონ თურქეთის აფხაზური და ქართული დიასპორის წარმ­ომად­გენ­ლე­ბის მეშვეობით, ქართულ-აფხაზურ დიალოგში.
 
დასკვნა:
თურქეთში მოქმედი ქართული და აფხაზური დიასპორის ორგანიზაციები და ლაზური მოსახლეობის კულტურული დაწესებულებები, თურქეთის მოქალაქე ქართველებში, ლაზებსა და აფხაზებში საკუთარი ეთნიკური იდენტობის ძიების სტიმულატორსა და წარმოქმნილი ეთნოკულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენენ. ამრიგად, მათ წრეში და მათთან დაკავშირებულად  ხდება ეთნიკური თვითშეგნების ფორმირება.

            თურქეთის ქართველები და აფხაზები საქართველოს დიასპორაა თურქეთში, ხოლო ლაზები ქართველების უახლოესი მონათესავე ხალხი და ქართველურ ენათა ოჯახის წევრია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრიობის დაინტერესება მეზობელ თურქეთის სახელმწიფოში ქართული, აფხაზური და ლაზური თვითმყოფადი კულტურისადმი.

დამოწმებული ლიტერატურა:
Milton J. Esman. Diasporas in the Contemporary World. Cambridge 2009.
Jolle Demmers. Diaspora and Conflict: Locality, Long Distance Nationalism, and Delocalization of Conflict Dynamics. European Institute for Communication and Culture. Javnost, Vol.9, 2002.
Wolfram Zunzer. Diaspora Communities and Civil Conflict Transformation. Berghof Research Center for Constructive Conflict Management 2004.
Zaza Tsurtsumia. Gürcistan-Türkiye İlişkilerinde Abhazya Faktörü. İstanbul Aydın Universitesi Üç Deniz Havzası Ülkeleri Sempozyumu 2011.

ინტერნეტ-რესურსები:
https://www.king-tamar.net
https://www.turkgurcuvakfi.org
https://www.chveneburi.net
https://www.gdd.org.tr
https://www.facebook.com/profile.php?id=100007285218660&fref=nf   
https://www.gurcukulturevi.com
https://www.facebook.com/beykozbatum.havalisi?fref=ts
https://www.facebook.com/groups/georgiandiasporaofturkey
https://www.lazkulturdernegi.org.tr 
https://www.lazenstitu.com
https://www.abhazfederasyonu.org
 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
დავითი - 7 yıl უკან
კარგი საქმეა, წარმატებებს გისურვებთ. ლაზები, ჭანები თუ აბხაზები დიასპორა ვერ იქნება, ისინი თავიანთ, ისტორიულ მიწა-წყალზე ცხოვრობენ, და რაც მეტად მომძლავრდებიან, მით უკეთესი. გამოთქმა - "ქართული და აფხაზური ეთნოსი" არასწორია და ნუ იხმართ.